თბილისი, 20 მაისი – Sputnik. საქართველო კიდევ ერთ სერიოზულ პარტნიორს იძენს მალტის სახით, განაცხადა მალტის პრეზიდენტ მარი–ლუის კოლეირო პრეკასთან (Marie-Louise Coleiro Preca) შეხვედრის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.
„შეხვედრა დავტოვე იმ განცდით, რომ მალტა ძალიან მოწადინებულია იმისთვის, რომ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა გააგრძელოს და გააღრმავოს. ასე რომ, ჩვენ ხმელთაშუა ზღვის არეალში კიდევ ერთ სერიოზულ პარტნიორს ვიძენთ ამ ქვეყნის სახით“,– განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მალტა ევროკავშირის წევრი ქვეყანაა.
„პატარა მალტას ისეთივე ერთი ხმა აქვს საკითხების გადაწყვეტაში, როგორც დიდ წევრებს ევროკავშირის, ამიტომ, ჩვენი პოზიციების გასაძლიერებლად, ყველა მიმართულებით აუცილებელია ამ ქვეყანასთან მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნება“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.
ქართული დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ მალტის პარლამენტის საზღვარგარეთისა და ევროპის საქმეთა კომიტეტის წევრებს და თავმჯდომარეს ლუჩიანო ბუსუტილს. ვიზიტი 21 მაისამდე გაგრძელდება.