მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტიციებმა 700 მლნ დოლარს მიაღწია

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში მყოფ არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნეს-დელეგაციას პორტების, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, გადამამუშავებელი მრეწველობის და ფარმაცევტული მიმართულებებით კონკრეტული ინტერესები აქვს.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია, რომლის ინვესტიციებმა საქართველოს ეკონომიკაში 700 მილიონ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ საქართველოს და არაბთა გაერთიანებული საამიროების მეწარმეთა ბიზნეს-ფორუმის მონაწილეებისადმი მიმართვისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილმა განმარტა, რომ საქართველო და არაბთა გაერთიანებული საამიროები პარტნიორი ქვეყნები არიან და იმედი გამოთქვა, რომ ეს ფორუმი ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს.

”2014 წელს ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობამ 200 მილიონ დოლარს გადააჭარბა. საქართველო გადის სწრაფი განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის პერიოდს. ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიკაციას, ჩვენი სტრატეგიული პოზიციის მაქსიმალურ გამოყენებას. დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველო გახდა ლიდერი, მოდელი ჩვენს რეგიონში, რასაც ჰქვია სტაბილური ბიზნეს–გარემოს ჩამოყალიბება", — განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

ბიზნეს-ფორუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  მეწარმეობის განვითარების სააგენტოს და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერაა ორგანიზებული. ღონისძიების ფარგლებში არაბული კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო და მიმდინარე მსხვილი საინვესტიციო პროექტები გააცნეს, ასევე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადეს, რომ არაბეთის გაერთიანებული საამიროების ბიზნეს-დელეგაციას პორტების, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, გადამამუშავებელი მრეწველობის და ფარმაცევტიკის მიმართულებით კონკრეტული ინტერესები აქვს.

არაბეთის გაერთიანებული საამიროების დელეგაცია ეკონომიკის მინისტრის სულთან ბინ საედ ალ მანსურის ხელმძღვანელობით თბილისს 18 მაისს ეწვია.

დელეგაციის  შემადგენლობაში არიან საჯარო და კერძო სექტორის მაღალი თანამდებობის, ასევე ტურიზმის, უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობის,  საცალო ვაჭრობის, მრეწველობის, ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფეროების კომპანიების წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში ოთხშაბათს, 20 მაისს  იგეგმება დელეგაციის მიერ საპრივატიზაციო ობიექტების  და საწარმოების დათვალიერება იგეგმება.


ყველა ახალი ამბავი
0