“ახალი ღვინის ფესტივალი 2015“ 8–10 მაისს თბილისში გაიმართება

გამოწერა
მთელი ფესტივალის მანძილზე დედა ენის ბაღში 11:00–დან 18:00–მდე შესაძლებელი იქნება 2014 წლის მოსავლის ათობით საუკეთესო და იშვიათი ჯიშის ღვინის დაგემოვნება. გარდა ამისა, ბაღის ტერიტორიაზე იფუნქციონირებს ღვინის კაფე და კვების ობიექტები.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. „ახალი ღვინის ფესტივალი 2015“ საქართველოს დედაქალაქში 8–10 მაისს  გაიმართება.  სეზონის მთავარი ღვინის ღონისძიება საქართველოში თავს მოუყრის როგორც ღვინის პროდუქციის მწარმოებლებსა და კერძო ორგანიზაციებს, ასევე მეღვინეებს, სომელიეებს, ღვინის მწერლებს და კრიტიკოსებს მთელი მსოფლიოდან. 

8 მაისს, ახალგაზრდა ღვინის რიგით მე–6 ფესტივალი რესტორან „ფუნიკულიორში“ იშვიათი ჯიშის 9 სახეობის ღვინის დეგუსტაციით გაიხსნება. ღონისძიებას დაესწრებიან სპეციალური სტუმრები – მწერლები,  ჟურნალისტები, ბლოგერები და სომელიეები ჰოლანდიიდან, იტალიიდან, უკრაინიდან, აშშ–დან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

9 მაისს ფესტივალი გაგრძელდება დედა ენის ბაღში ქვევრის საზეიმო გახსნით. 60–მდე დიდი კომპანია, მცირე მეურნეობა და 55 საოჯახო ღვინის სარდაფი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან  ბოლო მოსავლის 72 სხვადასხვა სახეობას წარმოადგენენ.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: რეზო კიკნაძის ჟაზ–ბენდი, ბენდი „ნალი“ და ფოლკლორული ანსამბლი „დიდგორი“. ასევე გათამაშდება  „საფერავის“ სახეობის ღვინო კასრით.

კომპანია  „ბორჯომის“  სექტორში ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ მწვადი და თონის პური, ასევე დაისვენონ თივის ზვინებით კეთილმოწყობილ  ბუნების კუთხეში. იქვე დამსწრეებს  ელოდებათ  ქართული ტრადიციული კერძების რეცეპტების წიგნი, რომელშიც, სურვილისამებრ, შეეძლებათ საკუთარი რეცეპტების ჩაწერა.

ნუკრიანის საგვარეულო და „ნუკრიანის სახელოსნო“ წარმოადგენენ  ხელნაკეთ ნივთებსა და ღვინის სუვენირებს. მათთან ასევე შესაძლებელი იქნება მასტერ–კლასების გავლა თიხისა და ბოჭკოსაგან  ხელნაკეთი ნივთების დამზადებაში.

დღის მეორე ნახევარში შედგება ფესტივალის მონაწილეთა სიგელებით დაჯილდოების ცერემონია, ასევე  ღვინის ყველა კომპანიის დაჯილდოება „ელიბოს“  პრიზით ღონისძიების ოფიციალური ორგანიზატორის – საქართველოს ღვინის კლუბისგან.

მთელი ფესტივალის მანძილზე დედა ენის ბაღში 11:00–დან 18:00–მდე შესაძლებელი იქნება 2014 წლის მოსავლის  ათობით საუკეთესო და იშვიათი ჯიშის ღვინის დაგემოვნება. გარდა ამისა, ბაღის ტერიტორიაზე იფუნქციონირებს ღვინის კაფე და კვების ობიექტები.

9 მაისს,   „ახალი ღვინის ფესტივალი 2015“–ზე დასწრება იქნება თავისუფალი.

10 მაისს,  „ახალი ღვინის ფესტივალი 2015“–ის მესამე დღეს, უცხოელი სტუმრებისათვის ორგანიზატორებმა დაგეგმეს ექსკლუზიური ღვინის ტურები ქართლისა და კახეთის ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო ეთნოტურისტულ ცენტრებში.

უცხოელ სტუმრებს საშუალება ექნებათ მოინახულონ ეთნოტურისტული პროექტები „ყვარლის გვირაბი“ და „ველისციხის ვერანდა“, ათონის სიონის იტორიული ძეგლი,  იაგო ბითარიშვილის, გოგი დვალიშვილის და გიორგი რევაზაშვილის   მეტნაკლებად ცნობილი ოჯახური ღვინის მარნები, ღვინის დაწურვის საწარმო„ხორბლის ცრემლები“, ასევე ღვინის მსხვილი ქარხნები „შუმი“ და „კორპორაცია  ქინძმარაული“.

„ახალი ღვინის ფესტივალი 2015“–ის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო, თბილისის მერია და საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაცია. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს ღვინის საინფორმაციო ცენტრი და „მარანი“ (vinoge.com). ღონისძიების პარტნიორია ასევე საქართველოს ეროვნული პარლამენტის ბიბლიოთეკა.

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0