04:47 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (571)
166 0 0

ჯანმოს დღეისათვის კორონავირუსის ოთხი მუტაცია აქვს შეტანილი „შეშფოთების გამომწვევ“ ვარიანტთა ჩამონათვალში: ბრიტანული („ალფა“ შტამი), სამხრეთ აფრიკული („ბეტა“), ბრაზილიური („გამა“) და ინდური („დელტა“).

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის „ლამბდა“ შტამი ათობით ქვეყანაში დააფიქსირა, განაცხადა ჯანმოს საგანგებო დაავადებათა ქვედანაყოფის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა მარია ვან კერკჰოვემ პრესკონფერენციაზე.  

„ჩვენმა სპეციალისტებმა „ლამბდა“ ვარიანტი უკვე 30-ზე მეტ ქვეყანაში გამოავლინეს... ჯანმო ყურადღებით აკვირდება ამ შტამს და თანამშრომლობს სახელმწიფოებთან... მისი გავრცელების თაობაზე ინფორმაციის მიღების მიზნით“, — აღნიშნა მან.

კერკჰოვეს თქმით, ჯანმომ კორონავირუსის „ლამბდა“ ვარიანტი მიმდინარე წლის ივნისში შეიტანა იმ შტამების ჩამონათვალში, რომლებიც განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს. 

როგორც ჯანმოს წარმოადგენელმა განმარტა, ამ დროისათვის „ლამბდა“ ძირითადად სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში ცირკულირებს.

არსებული ინფორმაციით, „ლამბდა“ შტამი პირველად 2020 წლის ბოლოს დაფიქსირდა პერუში, ჩილეში, ეკვადორსა და არგენტინაში. მეცნიერების თქმით, აღნიშნული შტამის მომჭიდებელი ცილა ერთდროულად რამდენიმე მუტაციას შეიცავს, რაც ვირუსის გადამდებობაზე ახდენს გავლენას. თუმცა, მიუხედავად ამისა, სწავლულებს ჯერჯერობით არ აქვთ იმის მტკიცებულებები, რომ „ლამბდა“ COVID-19-ის უფრო რთულ ფორმას იწვევს, ან რომ ვაქცინების მოქმედებას ასუსტებს.

ჯანმომ ორიოდე თვის წინ მიიღო გადაწყვეტილება, COVID-19-ის ვარიანტები ბერძნული ანბანის ასოებით აღნიშნოს. შესაბამისად, სამხრეთ ამერიკაში გამოვლენილ შტამს „ლამბდა“ ეწოდა. ორგანიზაციას დღეისათვის კორონავირუსის ოთხი მუტაცია აქვს შეტანილი „შეშფოთების გამომწვევ“ ვარიანტთა ჩამონათვალში. ესენია: ბრიტანული („ალფა“ შტამი), სამხრეთ აფრიკული („ბეტა“), ბრაზილიური („გამა“) და ინდური („დელტა“). ეს უკანასკნელი ვარიანტი კვლავ განაგრძობს მუტაციას.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (571)

მთავარი თემები