თბილისი, 22 ივნისი − Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცნები ადამიანს COVID-19-ისგან მნიშვნელოვნად იცავს, თუმცა ვირუსული დაავადება ვაქცინაციის შემდეგც შეიძლება დაგემართოთ, წერს გამოცემა Express-ი.
ამასთან გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ვაქცინაცია ძლიერ დარტყმას აყენებს ვირუსს - მნიშვნელოვნად ასუსტებს დაავადების სიმძიმეს და ნაკლებად გადამდებს ხდის მას.
გამოცემის ინფორმაციით, COVID-19-ის მსოფლიოს უდიდესი მკვლევარისა და სიმპტომებზე დაკვირვების დანართ ZOE COVID Symptom Study-ის მონაცემებიდან ირკვევა, რომ არსებობს სიმპტომები, რომლებიც მხოლოდ COVID-19-ზე ვაქცინირებულებში შეინიშნება. აღნიშნული სიმპტომები ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა აუცრელ ადამიანებში.
ახალი მონაცემების თანახმად, ვაქცინირებულებში კორონავირუსის ერთ-ერთი სიმპტომია ხშირი ცემინება, რაც აუცრელებში უფრო მეტად გაციებისა და ალერგიის მანიშნებლად მიიჩნევა.
მეცნიერების ცნობით, ვაქცინირებული და შემდეგ COVID-19-ით კვლავ დაავადებული ადამიანები, არავაქცინირებულებთან შედარებით, უფრო ხშირად სწორედ ცემინებას ასახელებდნენ დაავადების სიმპტომად.
„თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ კავშირი ცემინებასა და COVID-19-ს შორის არც ისე ძლიერია. ამიტომ ყურადღება დაავადების ყველაზე გავრცელებულ ოც სიმპტომზე უნდა გაამახვილოთ, მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა ვაქცინირებული“, − გვირჩევენ ZOE COVID Symptom Study-ს სპეციალისტები.
ეს სიმპტომებია:
- სხეულის მაღალი ტემპერატურა (ცხელება);
- ჟრჟოლა ან კანკალი;
- გამუდმებული ხველება;
- ყნოსვის დაკარგვა ან შეცვლა (ანოსმია);
- გემოს დაკარგვა ან შეცვლა;
- თავის ტკივილი;
- უჩვეულო დაღლილობა;
- ყელის ტკივილი;
- გამონაყარი კანზე;
- ცნობიერების აღრევა (ბოდვა) − განსაკუთრებით ხანდაზმულებში;
- ცვლილებები პირში ან ენაზე (კოვიდური ენა);
- ხელისა და ფეხის თითების სიწითლე და ტკივილი;
- ქოშინი;
- ტკივილი გულ-მკერდის არეში;
- კუნთების ტკივილი;
- ხმის ჩახრინწვა;
- ფაღარათი;
- უმადობა;
- მუცლის ტკივილი;
- სურდო.