თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. მეცნიერთა ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ ნაწლავის ბაქტერია Hafnia alvei-ზე დამზადებული პრობიოტიკი ჭარბი წონის მქონე ადამიანებს უსაფრთხოდ გახდომაში დაეხმარება, იუწყება ჟურნალი Obesity, რომელშიც რუანის უნივერსიტეტის მეცნიერთა ახალი კვლევის მონაცემებია გამოქვეყნებული.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ბაქტერია Hafnia alvei და გენები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ClpB ცილის სინთეზზე, ჯანმრთელი ადამიანების ნაწლავებში არსებობს. ამასთან, რამდენიმე ასეული ადამიანის მიკრობიოტის ნიმუშების შესწავლის გზით მეცნიერებმა აღმოაჩინეს კანონზომიერება: ამ ბაქტერიების რაოდენობა ჭარბწონიან ადამიანებში შემცირებულია.
„სიმსუქნის პროფილაქტიკისა და მკურნალობის არსი იმაშია, რომ ბაქტერიები პრობიოტიკის სახით მიეცეს იმ ადამიანებს, რომლებსაც ჭარბი წონა აქვთ“, — აცხადებენ მეცნიერები.
საფრანგეთში Hafnia alvei გამოიყენება ყველის რბილი სახეობების წარმოებისთვის, მაგალითად, „კამამბერის“, ამიტომ ორგანიზმში მისი „გარედან“ შეყვანის უსაფრთხოება უკვე დადასტურებულია.
მკვლევარებმა პრეკლინიკური კვლევები მსუქან თაგვებზე ჩაატარეს, რა დროსაც მღრღნელებს დღეში ერთხელ აძლევდნენ ბაქტერიის დოზას. ექსპერიმენტის შედეგად თაგვებმა წონაში კლება დაიწყეს Hafnia alvei-ის დამატებიდან ოთხი დღის შემდეგ.
დადგინდა სიცოცხლის 25%-ით გახანგრძლივების გზა: სახელდება ყველის სახეობები>>
აღსანიშნავია, რომ ბაქტერია ცოტა ხნის წინ გერმანიაში ადამიანებზე გამოიცადა და მან ამ შემთხვევაშიც დადებითი შედეგი აჩვენა. გაირკვა ისიც, რომ ბაქტერიების მიღების შედეგად ადამიანებს შიმშილის შეგრძნება მნიშვნელოვნად უმცირდებოდათ.