10:03 01 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9840
  • 100 RUB4.3704
  • USD3.3253
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (572)
203 0 0

სისხლიდან ალკოჰოლის სწრაფად გამოდევნის ახალი მეთოდი იმდენად მარტივი აღმოჩნდა, რომ კანადელი მეცნიერები გაოცებას ვერ მალავენ, როგორ ვერ მოიფიქრეს ეს აქამდე.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. კანადელმა მეცნიერებმა ალკოჰოლის სისხლიდან გამოდევნის მარტივ და სწრაფ გზას მიაგნეს, რომელსაც ძვირადღირებული და რთული სპეციალური აღჭურვილობა არ სჭირდება. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში Scientific Reports.

ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელის შემადგენლობაში შემავალი ეთანოლი, აღწევს რა სისხლში კონცენტრაციის გარკვეულ დონეს, საწამლავის მსგავს მოქმედებას იწყებს — არღვევს სისხლის მიმოქცევის ფუნქციას, აზიანებს ტვინს და სხვა ორგანოებს. ჯანმოს მონაცემებით, მძიმე ალკოჰოლური მოწამვლის შედეგად მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი იღუპება.

როგორც ცნობილია, ორგანიზმიდან ალკოჰოლის 90% ღვიძლს გამოაქვს მუდმივი სიჩქარით და მისი გაზრდა შეუძლებელია. ტორონტოს ჯანდაცვის საუნივერსიტეტო ქსელის (UHN) მკვლევარებმა კი სისხლიდან ალკოჰოლის გამოდევნაში ფილტვების ჩართვა გადაწყვიტეს.

კანადელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ჰიპერვენტილაციისას, ანუ ღრმა და სწრაფი სუნთქვისას ალკოჰოლი ორგანიზმიდან იმაზე სამჯერ სწრაფად ორთქლდება, ვიდრე ამას ღვიძლი აკეთებს. ამასთან, რაც უფრო ძლიერია სუნთქვა, მით მეტი ალკოჰოლი გამოიდევნება ორგანიზმიდან.

აღსანიშნავია, რომ ეს „ილეთი“ ექიმებისთვის მანამდეც იყო ცნობილი, მაგრამ მას შეზღუდულად იყენებდნენ, ვინაიდან ფორსირებული ამოსუნთქვისას ადამიანი ძალიან ბევრ ნახშირორჟანგს კარგავს, რომელთან ერთადაც იდევნება ალკოჰოლი. სისხლში ამ გაზის რაოდენობის სწრაფი შემცირება კი იწვევს თავბრუსხვევას, გულყრებსა და ხელ-ფეხის დაბუჟებას.

„არ შეიძლება ჰიპერვენტილაციის უბრალოდ ჩატარება, იმიტომ რომ ორიოდე წუთში თავბრუ დაგეხვევათ და გონებას დაკარგავთ“, — ნათქვამია UHN-ის პრეს-რელიზში.

გამომდინარე აქედან, კვლევის ავტორებმა დაამზადეს ჩანთის ზომის კომპაქტური მოწყობილობა, რომელიც ჰიპერვენტილაციისას პაციენტის სისხლში ნახშიროჟანგის დონეს ინარჩუნებს.

​ეს ძალიან მარტივი მოწყობილობაა, რომლის დამზადებაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეიძლება. მას არ სჭირდება ელექტრობა, კომპიუტერი თუ სპეციალური ფილტრები. შედგება ნახშირორჟანგით სავსე მცირე რეზერვუარისგან, რამდენიმე შემაერთებელი მილაკისა და პირბადისგან.

„საოცარია, როგორ ვერ მოვიფიქრეთ ეს ათობით წლის წინ“, — ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, პროფესორი ჯოზეფ ფიშერი.

კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ მათ მიერ შემუშავებული კონცეფცია არა მარტო ხელს შეუწყობს მძიმე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის სამკურნალოდ ახალი მეთოდიკის შექმნას, არამედ იმათაც დაეხმარება, ვისაც სიმთვრალისგან სწრაფად გამოფხიზლება სურს.  

მოწყობილობა უკვე წარმატებით გამოიცადა მოხალისეებზე, თუმცა წარმოებაში ჩაშვებამდე სრულფასოვანი კლინიკური გამოცდის ჩატარებაა სავალდებულო.

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (572)

მთავარი თემები