ისუნთქეთ ღრმად, ოღონდ... მეცნიერებმა სისხლიდან ალკოჰოლის სწრაფად გამოდევნის გზას მიაგნეს

© Sputnik / Alexander Imedashviliმამაკაცი ასხამს ღვინოს
მამაკაცი ასხამს ღვინოს - Sputnik საქართველო
გამოწერა
სისხლიდან ალკოჰოლის სწრაფად გამოდევნის ახალი მეთოდი იმდენად მარტივი აღმოჩნდა, რომ კანადელი მეცნიერები გაოცებას ვერ მალავენ, როგორ ვერ მოიფიქრეს ეს აქამდე.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. კანადელმა მეცნიერებმა ალკოჰოლის სისხლიდან გამოდევნის მარტივ და სწრაფ გზას მიაგნეს, რომელსაც ძვირადღირებული და რთული სპეციალური აღჭურვილობა არ სჭირდება. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში Scientific Reports.

მამაკაცი ნაბახუსევზე - Sputnik საქართველო
უცებ მოკეთდებით: ნარკოლოგი ნაბახუსევის ლიკვიდაციის სწრაფ გზებს ასახელებს

ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელის შემადგენლობაში შემავალი ეთანოლი, აღწევს რა სისხლში კონცენტრაციის გარკვეულ დონეს, საწამლავის მსგავს მოქმედებას იწყებს — არღვევს სისხლის მიმოქცევის ფუნქციას, აზიანებს ტვინს და სხვა ორგანოებს. ჯანმოს მონაცემებით, მძიმე ალკოჰოლური მოწამვლის შედეგად მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი იღუპება.

როგორც ცნობილია, ორგანიზმიდან ალკოჰოლის 90% ღვიძლს გამოაქვს მუდმივი სიჩქარით და მისი გაზრდა შეუძლებელია. ტორონტოს ჯანდაცვის საუნივერსიტეტო ქსელის (UHN) მკვლევარებმა კი სისხლიდან ალკოჰოლის გამოდევნაში ფილტვების ჩართვა გადაწყვიტეს.

კანადელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ჰიპერვენტილაციისას, ანუ ღრმა და სწრაფი სუნთქვისას ალკოჰოლი ორგანიზმიდან იმაზე სამჯერ სწრაფად ორთქლდება, ვიდრე ამას ღვიძლი აკეთებს. ამასთან, რაც უფრო ძლიერია სუნთქვა, მით მეტი ალკოჰოლი გამოიდევნება ორგანიზმიდან.

მამაკაცი ასხამს შამპანურს  - Sputnik საქართველო
საუკეთესოა „პახმელიაზე“: მეცნიერი აბსოლუტურად მარგებელ პროდუქტს ასახელებს

აღსანიშნავია, რომ ეს „ილეთი“ ექიმებისთვის მანამდეც იყო ცნობილი, მაგრამ მას შეზღუდულად იყენებდნენ, ვინაიდან ფორსირებული ამოსუნთქვისას ადამიანი ძალიან ბევრ ნახშირორჟანგს კარგავს, რომელთან ერთადაც იდევნება ალკოჰოლი. სისხლში ამ გაზის რაოდენობის სწრაფი შემცირება კი იწვევს თავბრუსხვევას, გულყრებსა და ხელ-ფეხის დაბუჟებას.

„არ შეიძლება ჰიპერვენტილაციის უბრალოდ ჩატარება, იმიტომ რომ ორიოდე წუთში თავბრუ დაგეხვევათ და გონებას დაკარგავთ“, — ნათქვამია UHN-ის პრეს-რელიზში.

გამომდინარე აქედან, კვლევის ავტორებმა დაამზადეს ჩანთის ზომის კომპაქტური მოწყობილობა, რომელიც ჰიპერვენტილაციისას პაციენტის სისხლში ნახშიროჟანგის დონეს ინარჩუნებს.

​ეს ძალიან მარტივი მოწყობილობაა, რომლის დამზადებაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეიძლება. მას არ სჭირდება ელექტრობა, კომპიუტერი თუ სპეციალური ფილტრები. შედგება ნახშირორჟანგით სავსე მცირე რეზერვუარისგან, რამდენიმე შემაერთებელი მილაკისა და პირბადისგან.

„საოცარია, როგორ ვერ მოვიფიქრეთ ეს ათობით წლის წინ“, — ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, პროფესორი ჯოზეფ ფიშერი.

კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ მათ მიერ შემუშავებული კონცეფცია არა მარტო ხელს შეუწყობს მძიმე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის სამკურნალოდ ახალი მეთოდიკის შექმნას, არამედ იმათაც დაეხმარება, ვისაც სიმთვრალისგან სწრაფად გამოფხიზლება სურს.  

მოწყობილობა უკვე წარმატებით გამოიცადა მოხალისეებზე, თუმცა წარმოებაში ჩაშვებამდე სრულფასოვანი კლინიკური გამოცდის ჩატარებაა სავალდებულო.

ყველა ახალი ამბავი
0