თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიით მსოფლიო ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი 2021 წლის ბოლოსთვის 7 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, იუწყება გაზეთი Les Echos ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მთავარ ეკონომისტზე ლორანს ბუნზე დაყრდნობით.
„ჩვენ არ შეგვიცვლია პროგნოზები 2021 წლისთვის. მსოფლიო ეკონომიკა არ აღდგება იმაზე მალე, ვიდრე ჩვენ მანამდე ვპროგნოზირებდით. ვირუსთან ერთად ცხოვრება კიდევ მრავალი თვის განმავლობაში მოგვიწევს“, — ციტირებს გაზეთი ბუნის სიტყვებს.
OECD-ს ექსპერტის თქმით, 2021 წლის ბოლოსთვის მსოფლიო, კორონავირუსის პანდემიის გამო, მთლიანი შიდა პროდუქტიდან დაახლოებით 7 ტრილიონ დოლარს დაკარგავს, რაც საგრძნობი რყევა იქნება.
იმავდროულად ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ პოზიტიური სცენარის შემთხვევაში 2020 წლის მსოფლიო შიდა პროდუქტის მოცულობა 4,5%-ით შემცირდეს და არა 6%-ით, როგორც ეს მანამდე იყო პროგნოზირებული.
OECD-ში დააზუსტეს, რომ მსოფლიოში წარმოების მოცულობა სწრაფად გაიზარდა მას შემდეგ, რაც შემზღუდავი ზომები მოიხსნა და საწარმოებმა მუშაობა განაახლეს, თუმცა „ზაფხულში გლობალური აღდგენის ტემპები რამდენადმე შენელდა“.