თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების რიცხვი ავღანეთში ოთხი ათასამდე შემცირდება.
„ძალიან მცირე პერიოდში კონტინგენტს რვა ათასამდე, შემდეგ კი ოთხი ათასამდე შევამცირებთ. ახლა მოლაპარაკებებს ვმართავთ", – განაცხადა ტრამპმა პორტალ Axios-თან ინტერვიუში.
როდის მოხდება სამხედრო კონტინგენტის შემცირება, მას არ დაუზუსტებია. „ძალიან მალე", – განაცხადა მან და ვადები არ დაასახელა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ აშშ-ში ნოემბრის არჩევნებისთვის ავღანეთში რამდენი სამხედრო მოსამსახურე იქნება, ტრამპმა უპასუხა, რომ მათი რიცხვი დაახლოებით ოთხიდან ხუთ ათასამდე იქნება.
თებერვლის ბოლოს კატარში შეერთებულმა შტატებმა და რადიკალურმა ავღანურმა მოძრაობა „თალიბანმა" ხელი მოაწერეს შეთანხმებას მშვიდობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ავღანეთიდან 14 თვის განმავლობაში უცხოური ჯარების გაყვანას და ტყვეების გაცვლის საკითხზე გარიგების დასრულების შემდეგ ავღანეთის შიგნით დიალოგის დაწყებას.