რამდენ ხანს იცოცხლებთ: მეცნიერები დღეგრძელობის რამდენიმე ნიშანს ასახელებენ

© Pixabay / AdinaVoicuმოხუცი მამაკაცი
მოხუცი მამაკაცი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა არაერთი კვლევის საფუძველზე გამოავლინეს დღეგრძელობის რამდენიმე ძირითადი ნიშანი. ნახეთ რა მიანიშნებს, თუ რამდენ ხანს იცოცხლებთ.

თბილისი 30 ივლისი — Sputnik. ორგანიზმში რკინის მეტაბოლიზმზე პასუხისმგებელი გენები დაკავშირებულია სიცოცხლის ხანგრძლივობასთან. გარდა ამისა, გამოვლინდა გენომის ის უბნები, რომლებიც ადამიანს რამდენიმე წელს მატებს, ირწმუნებიან მკვლევარები.

ქალი და მამაკაცი ძაღლთან ერთად - Sputnik საქართველო
გზა დღეგრძელობისკენ: რამდენი ნაბიჯი უნდა გადადგათ ერთ დღეში

რკინის მტკიცებულება

სისხლში რკინის მაღალი დონე ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას, ამტკიცებენ ბრიტანელი და გერმანელი მკვლევარები. ხოლო თუ ორგანიზმში ამ მიკროელემენტის შემცველობა ნორმის ფარგლებშია, ასაკობრივი ცვლილებები, პირიქით, ნელდება.

ცნობილია, რომ რკინა გავლენას ახდენს ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლის უნარზე. ასაკთან დაკავშირებული მრავალი დაავადების დროს, მაგალითად, პარკინსონის დაავადების ან ღვიძლის დაზიანებისას აღინიშნება ამ მიკროელემენტის ძალიან მაღალი ან მეტისმეტად დაბალი რაოდენობა. ამიტომ მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ რკინის მეტაბოლიზმი მნიშვნელოვანი ფაქტორია დღეგრძელობისა და ხანდაზმულ ასაკში ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის.

სქესის საკითხი

ერთდროულად რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის თანახმად, სიცოცხლის ხანგრძლივობა მკაცრად არის დამოკიდებული სქესზე: ძუძუმწოვრების თითქმის ყველა სახეობის მდედრი საშუალოდ უფრო მეტხანს ცოცხლობს, ვიდრე მამრი.

წიწიბურას ფაფა - Sputnik საქართველო
დღეგრძელობის ცილა: დადგინდა წიწიბურის კიდევ ერთი საოცარი თვისება

გერმანელმა და დანიელმა მეცნიერებმა გააანალიზეს დემოგრაფიული ვითარება ყველაზე მძიმე პერიოდებში: კუნძულ ტრინიდადზე მონებით ვაჭრობის დროს, ისლანდიაში — წითელას ეპიდემიის დროს, შვედეთში, ირლანდიასა და უკრაინაში — შიმშილობის დროს. აღმოჩნდა, რომ პრაქტიკულად ყველგან ქალები საშუალოდ უფრო ხანგრძლივად ცოცხლობდნენ, ვიდრე კაცები.

როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, ძლიერი სქესი უფრო დაუცველია ტესტოსტერონის გამო, რომელსაც იმუნური სისტემის მოშლა შეუძლია. ქალის სასქესო ჰორმონ ესტროგენს კი, პირიქით, ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.

ვინც ყოველთვის კარგად არის

ამერიკელი ექიმების ნაშრომის თანახმად, დღეგრძელობაზე ასევე მოქმედებს ადამიანის მსოფლმხედველობა. 1,5 ათასი მამაკაცისა და დაახლოებით 70 ათასი ქალის მონაცემების შესწავლის შედეგად ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ყველაზე ოპტიმისტი ადამიანები, როგორც წესი, 11-15%-ით მეტხანს ცოცხლობენ. ეს აიხსნება იმით, რომ ხალისიან ადამიანებს ნაკლებად ემართებათ გულ-სისხლძარღვთა და ფილტვების დაავადებები. გარდა ამისა, ისინი უფრო მეტად იცავენ ჯანსაღი ცხოვრების წესს.

ადამიანები ასაკშიც ბავშვებად რჩებიან - Sputnik საქართველო
ამით გაიგებთ, რამდენი წლის ხართ სინამდვილეში: პრაქტიკული ტესტი

ნაშრომის ავტორების აზრით, არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი — ოპტიმისტების თვითდაჯერებულობა. ისინი ნაკლებად ემოციურად რეაგირებენ რთულ სიტუაციებზე და უფრო სწრაფად გამოდიან სტრესული მდგომარეობიდან.

მეტი იცი, მეტხანს ცოცხლობ

მეცნიერების საერთაშორისო გუნდს მიაჩნია, რომ დღეგრძელობისთვის ასევე მნიშვნელოვანია განათლების დონე, უფრო სწორად, მის მიმართ გენეტიკური წინასწარგანწყობა.

200 ათასი ევროპელის შესახებ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაირკვა, რომ რაც უფრო დიდია ცოდნისკენ სწრაფვა, მით უფრო დღეგრძელია ადამიანი.

ამასთან, ავტორები აღნიშნავენ, რომ გამოვლენილი კორელაცია მხოლოდ სტატისტიკურია და არა მიზეზ-შედეგობრივი.

ყველა ახალი ამბავი
0