უნიკალური ტესტი: ახალი მეთოდი კიბოს ხუთ ფორმას ოთხი წლით ადრე ავლენს სისხლში

CC BY 2.0 / Victor / HIV and Hepatits Testსისხლის ანალიზის ჩაბარება
სისხლის ანალიზის ჩაბარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
უნიკალურმა ტესტმა 91% შემთხვევაში გამოავლინა კიბო იმ ადამიანებში, რომელთაც სისხლის ანალიზის ჩაბარების დროს სიმპტომები არ ჰქონდათ და დაავადება მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ დაუდგინდათ.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ამერიკელმა და ჩინელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომლის საშუალებითაც სისხლის ანალიზით კიბოს ხუთი ფორმის აღმოჩენაა შესაძლებელი მისი პირველი ნიშნების გამოვლენამდე ოთხი წლით ადრეც კი, წერს ჟურნალი Nature Communications.

წამლის ამპულა - Sputnik საქართველო
რევოლუცია მეცნიერებაში: შექმნილია კიბოს უკურნებელი ფორმების სამკურნალო პრეპარატი

ტესტი სახელწოდებით PanSeer ყველაზე ადრეულ სტადიაზე ეფექტურად ავლენს კუჭის, საყლაპავი მილის, ფილტვებისა და ღვიძლის, ასევე კოლორექტალურ კიბოს.

კვლევა ჩინეთში, ფუდანის უნივერსიტეტში 2007 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში ჩატარდა. მასში მონაწილეობა 120 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, რომელთაგან თითოეული ათი წლის განმავლობაში იღებდა სისხლის ანალიზს და ექიმთან რეგულარულ შემოწმებას გადიოდა. ამ დროის განმავლობაში მეცნიერებმა 1,6 მილიონზე მეტი ნიმუში შეაგროვეს, რომლებიც ამჟამად უნივერსიტეტის არქივში ინახება.

კვლევის უნიკალურობა ისაა, რომ სპეციალისტებს ონკოლოგიურ პაციენტთა სისხლზე წვდომა ჰქონდათ იმაზე ადრე, ვიდრე მათ ტრადიციული მეთოდებით კიბოს დიაგნოზს დაუსვამდნენ.

მეცნიერებმა შეისწავლეს როგორც ჯანმრთელი, ისე დაავადებული ადამიანების სისხლის ნიმუშები. მათ გააანალიზეს 605 უსიმპტომო პირის პლაზმის სინჯები, რომელთაგან 191-ს მოგვიანებით კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, ასევე 223 სინჯი — კიბოს დადასტურებული დიაგნოზით და 200 ნიმუში — პირველადი სიმსივნითა და ნორმალური ქსოვილით.

ონკოდაავადებული  - Sputnik საქართველო
დადგინდა დიეტა, რომელიც კიბოსთან ბრძოლის ეფექტს ზრდის: რა უნდა მიირთვათ ქიმიოთერაპიისას

ამან მკვლევარებს სისხლში კიბოს განვითარების ადრეული მარკერების განსაზღვრისა და მათზე დაყრდნობით ტესტის შემუშავების საშუალება მისცა. შედეგად, ახალმა მეთოდმა 91% შემთხვევაში გამოავლინა კიბო იმ ადამიანებში, რომელთაც სისხლის ანალიზის ჩაბარების დროს სიმპტომები არ ჰქონდათ, დიაგნოზი კი 1-4 წლის შემდეგ დაესვათ. ამასთან ტესტმა 95%-იანი ალბათობით დაადგინა კიბოს არარსებობა. ხოლო იმ პაციენტებში, რომელთაც სისხლის აღების დროს კიბო უკვე დიაგნოსტირებული ჰქონდათ, ადრეული მარკერებით მისი გამოვლენის ალბათობა 88%-ს შეადგენდა.

ამრიგად, ავტორები აღნიშნავენ, რომ PanSeer-ის ტესტი ეფექტურია სწორედ ადრეულ სტადიებზე კიბოს გამოსავლენად, მაშინ, როცა სხვა მეთოდები ამაში უძლურია.

„საბოლოო ჩვენი მიზანია ყოველწლიური სამედიცინო შემოწმების დროს ტესტის გამოყენება სისხლის რეგულარული ანალიზისთვის“, — განაცხადა კვლევის თანაავტორმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოინჟინერიის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა კუნ ჩჟანმა.

მისი თქმით, ტესტის უახლოესი მიზანია, კიბოს დაავადებაზე შემოწმდნენ ის ადამიანები, რომლებსაც მათი ოჯახების ისტორიიდან, ასაკიდან თუ სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, კიბოთი დაავადების მაღალი რისკები აქვთ. 

ფილტვის კიბოს პირველი სიგნალი სახეზე ჩნდება: დასახელდა საყურადღებო ნიშნები>>

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ PanSeer-ის ანალიზი არ წინასწარმეტყველებს იმას, თუ ვის განუვითარდება კიბო და ვის არა. ის ავლენს პაციენტებს, რომელთაც უკვე აქვთ კიბო, მაგრამ უსიმპტომოებად რჩებიან, ვინაიდან თანამედროვე მეთოდები დაავადებას ვერ ავლენს.  

კვლევის ავტორები იმედოვნებენ, რომ მათ მიერ შემუშავებულ ტესტს კიბოს ხუთი ყველაზე გავრცელებული ტიპის ადრეული სკრინინგისთვის ფართოდ გამოიყენებენ.

ყველა ახალი ამბავი
0