თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. პრეპარატ „რემდესივირის“ გამოცდა გაგრძელდება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჯერჯერობით არ შეუძლია ერთმნიშვნელოვნად აღიაროს წამალი COVID-19-ის წინააღმდეგ ეფექტურ საშუალებად, განაცხადა ჯანმოს მეცნიერ-თანამშრომელმა სუმია სვამინატანმა РИА Новости-სთან საუბრისას.
„მეორე ფაზა დაახლოებით ორ თვეში დაიწყება. პირველი ფაზის დასრულებას გარკვეული დრო დასჭირდება... ქვეყნებს ყოველთვის შეუძლიათ საგანგებო რეკომენდაციების გამოქვეყნება, მაგრამ ჯერჯერობით [„რემდესივირს“] არ მოუტანია სარგებელი სიკვდილიანობის შემცირების მხრივ. ჯანმოს ოფიციალური რეკომენდაციები პრეპარატის თაობაზე ჯერჯერობით არ გაუცია“, — თქვა მან.
სუმია სვამინატანის თქმით, ჯანმო უახლოეს მომავალში შექმნის კომიტეტს, რათა განსაზღვროს, რომელი ახალი პრეპარატები იქნება ჩართული გამოცდების მეორე ფაზაში. კერძოდ, განიხილება სხვადასხვა სახის იმუნომოდულატორები, ანტითრომბოციტული პრეპარატები და მონონუკლეარული ანტისხეულები. ჯერჯერობით ყველაზე მეტი შანსი მონონუკლეარულ ანტისხეულებზე დამზადებულ პრეპარატებს აქვს, რომლებიც უკვე გადის ტესტირებას უსაფრთხოებაზე.
აღსანიშნავია, რომ ჯანმოს გამოცდების პირველ ფაზაში, რომელიც მარტში დაიწყო, ჩართული იყო „რემდესივირი“, „ჰიდროქსილქლოროქინი“, „ლოპინავირი“ და „რიტონავირი“, მათ შორის „ინტერფერონთან“ ერთადაც. ორგანიზაციის „სოლიდარობის ტესტირებაში“ 4,5 ათასზე მეტი პაციენტი იღებდა მონაწილეობას. ოთხი თვის შემდეგ ჯანმოს ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ჩამოთვლილ პრეპარატებს შორის ყველაზე მეტი ეფექტურობა „რემდესივირმა“ გამოავლინა. დანარჩენი პრეპარატები კი ტესტირებიდან მოიხსნა.