თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ჩვენს გალაქტიკაში დღეისათვის შესაძლოა რამდენიმე ათეული აქტიური გონიერი ცივილიზაცია არსებობდეს, აცხადებენ ბრიტანელი მეცნიერები, რომელთა კვლევაც გამოქვეყნებულია The Astrophysical Journal-ში.
ნოტინგემის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსებმა გადაწყვიტეს პასუხი გაეცათ კაცობრიობის ერთ-ერთ უმთავრეს კითხვაზე – არსებობს თუ არა სამყაროში სიცოცხლის სხვა გონიერი ფორმები.
მკვლევარებმა გაითვალისწინეს „კოპერნიკის პრინციპი“, რომლის თანახმად, დედამიწა უნიკალური არ არის, რომ სამყაროში უნდა არსებობდეს ანალოგიური პირობების მქონე სხვა პლანეტები, სადაც სიცოცხლის ჩასახვასა და განვითარებას არაფერი უშლის ხელს.
კვლევის ავტორები ეყრდნობოდნენ ვარაუდს, რომ სხვა პლანეტებზე სიცოცხლე დედამიწის მსგავსად ისახება და ვითარდება. ამიტომ გამოთვლებისას ორი რამ გაითვალისწინეს:
- ა) სხვა პლანეტაზე გონიერი ცხოვრების ფორმირებას დაახლოებით იმდენივე დრო სჭირდება, რამდენიც დედამიწას, ანუ არანაკლებ 4,5–5 მლრდ წლისა;
- ბ) ცხოვრებისთვის ვარგისი პლანეტები ყალიბდება ჩვენი მზის ტიპის, ლითონებით მდიდარი ვარსკვლავების სიახლოვეს.
„იდეა ის იყო, რომ ევოლუციისთვის კოსმოსურ მასშტაბებში შეგვეხედა. გამოთვლის ამ მეთოდს ჩვენ ასტრობიოლოგიურ კოპერნიკისეულ ზღვარს ვუწოდებთ. მის თანახმად, ჩვენს გალაქტიკაში მინიმუმ რამდენიმე ათეული აქტიური ცივილიზაცია უნდა არსებობდეს“, — ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, ასტრონომიის პროფესორი კრისტოფერ კონსელისი.
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ამგვარი პლანეტების რაოდენობის დადგენა ძალიან არის დამოკიდებული იმაზე, იმყოფებიან თუ არა ეს ცივილიზაციები განვითარების იმ დონეზე, რომ თავიანთი არსებობის შესახებ კოსმოსში სიგნალების გაგზავნა შეძლონ. სწორედ ასეთ პლანეტებს უწოდებენ მკვლევარები გონიერ ცივილიზაციებს.
ბრიტანელი მეცნიერების გამოთვლით, ამ დროისათვის ირმის ნახტომის გალაქტიკაში (ჩვენს გალაქტიკაში – რედ.) შესაძლოა 35 აქტიური გონიერი ცივილიზაცია არსებობდეს. თუმცა იქამდე მანძილი საშუალოდ 17 000 სინათლის წელიწადს შეადგენს, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის მათთან დაკავშირებას.
ამასთან სწავლულები აღნიშნავენ, რომ სხვა გონიერი ცივილიზაციების ძიება მინიშნებას იძლევა იმის თაობაზე, თუ რამდენ ხანს შეიძლება იარსებოს ჩვენმა ცივილიზაციამ.
შეხვედრები ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან: პენტაგონი ოფიციალურ ჩამონათვალს აქვეყნებს>>
კონსელისის თქმით, თუ აღმოჩნდება, რომ გონიერი სიცოცხლე სხვა პლანეტებზეცაა გავრცელებული, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ჩვენმა ცივილიზაციამ შეიძლება კიდევ რამდენიმე ასწლეული იარსებოს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ახლა გალაქტიკაში სხვა აქტიური ცივილიზაციები არ იარსებებდა — ეს მიანიშნებდა, რომ არც დედამიწას უწერია ხანგრძლივად არსებობა.
„ამგვარად, არამიწიერი გონიერი სიცოცხლის ძიებისას, თუნდაც ვერაფერი ვიპოვოთ, ჩვენ საკუთარი მომავლისა და ბედის შესახებ ვიღებთ ინფორმაციას“, — აცხადებს პროფესორი.