თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ამერიკულმა კომპანია Johnson & Johnson-მა განაცხადა, რომ აჩერებს შეერთებულ შტატებსა და კანადაში საბავშვო პუდრის წარმოებას ტალკის ბაზაზე, რომელიც კომპანიის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი სასამართლო სარჩელების მიზეზი გახდა.
Johnson & Johnson discontinues talc baby powder in U.S. and Canada https://t.co/mt5lUerw3u
— Los Angeles Times (@latimes) May 20, 2020
აღსანიშნავია, რომ Wall Street Journal-ის მონაცემებით, მარტის მდგომარეობით, შეერთებული შტატების სასამართლოში 19,4 ათასი ადამიანისგანაა შესული სარჩელი კომპანია Johnson & Johnson-ის წინააღმდეგ. მომხმარებლები ამტკიცებენ, რომ ამ წარმოების პუდრი იწვევს საკვერცხეების კიბოს, ასევე მეზოთელიომას — კიბოს საკმაოდ იშვიათ სახეობას, რომელიც ჩვეულებრივ აზბესტის ზემოქმედებით არის განპირობებული.
„კომპანიამ საბოლოოდ გადაწყვიტა, შეწყვიტოს დაახლოებით 100 დასახელების პროდუქტის წარმოება... მათ შორისაა ტალკზე დამზადებული ბავშვის პუდრი Johnson's Baby. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ამერიკასა და კანადაში იმოქმედებს“, — ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიამ აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში Johnson's Baby-ს ბავშვის პუდრზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად მცირდება მომხმარებელთა ჩვევების ცვლილების, აგრეთვე „პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დეზინფორმაციისა და მუდმივი სასამართლო გარჩევების“ გამო.
„კომპანია Johnson & Johnson-ი ბოლომდე დარწმუნებულია ტალკზე დამზადებული Johnson's Baby-ს პუდრის უსაფრთხოებაში. მსოფლიო სამედიცინო ექსპერტების მიერ ჩატარებული სამეცნიერო კვლევების ათწლეულები ჩვენი პროდუქტის უსაფრთხოებას ადასტურებს“, — ამბობენ კომპანიაში.
მიუხედავად ამისა, სააგენტო Reuters-მა 2018 წლის ბოლოს გამოაქვეყნა საკუთარი კვლევა Johnson & Johnson-ის პუდრში აზბესტის კვალის შესახებ, რომელმაც ამ პროდუქციით მოსარგებლე ადამიანებში ონკოლოგიური დაავადებების განვითარება გამოიწვია. სააგენტომ განაცხადა, რომ კომპანიამ ათწლეულების განმავლობაში იცოდა ტალკის შემადგენლობაში აზბესტის მინარევების არსებობის შესახებ, მაგრამ ამ ფაქტებს მალავდნენ როგორც ხელისუფლებისგან, ისე საზოგადოებისგან.