თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. არც ჩინელ მეცნიერებს და არც, ზოგადად, კაცობრიობას ჯერჯერობით არ ძალუძს ახალი კორონავირუსის მსგავსის შექმნა, განაცხადა ქალაქ უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა იუან ჩჟიმინმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან საუბრისას.
ეს იყო მისი კომენტარი იმ ბრალდებების პასუხად, თითქოს მომაკვდინებელი ვირუსი SARS-CoV-2 შეიძლებოდა უჰანის ლაბორატორიაში შექმნილიყო და იქიდან გავრცელებულიყო მსოფლიოში.
მეცნიერი აცხადებს, რომ SARS-CoV-2-ის მსგავსი ვირუსის შესაქმნელად აუცილებელ ცოდნას ადამიანები ჯერჯერობით არ ფლობენ. გარდა ამისა, საჭირო იქნებოდა უზარმაზარი მოცულობის სამუშაოების წარმოება, რომელთა ჩატარება ამ ეტაპზე ასევე შეუძლებელია.
„ვერასდროს დავიჯერებ, რომ კაცობრიობა უკვე ფლობს საკმარის ცოდნას ასეთი ვირუსის სინთეზირებისთვის“, — ამბობს მეცნიერი.
მისი თქმით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ვირუსი ხელოვნურად შეიქმნა და, მით უმეტეს, ჩინეთის ლაბორატორიაში.
იუან ჩჟიმინმა უსაფუძვლო უწოდა განცხადებებს ახალი კორონავირუსის ჩინური წარმოშობის შესახებ და განმარტა, რომ უჰანის ლაბორატორიის არც ერთი თანამშრომელი არ ყოფილა ახალი კორონავირუსით ინფიცირებული.
აღსანიშნავია, რომ მანამდე კორონავირუსის უჰანის ლაბორატორიიდან „გაქცევის“ შესახებ ვარაუდი გამოთქვა შეერთებულმა შტატებმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს თქმით, აშშ „ფართომასშტაბიან გამოძიებას აწარმოებს იმის დასადგენად, რანაირად „გაიქცა“ ვირუსი, როგორ მოხვდა ის გარე სამყაროში და ასეთი ტრაგედია, ადამიანების სიკვდილი გამოიწვია აშშ-ში და ასევე უზარმაზარი დარტყმა მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას“.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 185 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 2 404 325 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 165 238 და განკურნებულია 624 798 პაციენტი.