04:50 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (612)
15510

ამერიკელი ფსიქოლოგების კვლევამ აჩვენა, რომ კოფეინი არ ახდენს გავლენას დივერგენტულ აზროვნებაზე, ანუ არ ასტიმულირებს შემოქმედებითობას.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. კოფეინი ააქტიურებს კონვერგენტულ აზროვნებას, რომელიც კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაზეა პასუხისმგებელი, აცხადებენ ამერიკელი ფსიქოლოგები, რომელთა შრომა ჟურნალ Consciousness and Cognition-შია გამოქვეყნებული. 

ფსიქოლოგებმა პოლ სილვიამ (ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტი) და დარია ზაბელინამ (არკანზასის უნივერსიტეტი) შეისწავლეს, რა გავლენას ახდენს კოფეინი აზროვნების ორ ტიპზე — კონვერგენტულსა და დივერგენტულზე.

კონვერგენტული (ანალიტიკური) აზროვნება — ეს არის ინდივიდის უნარი, მიიღოს მისი ინტერესებისა და მიზნების შესატყვისი ინფორმაცია, დაახარისხოს იგი, გამოყოს საკვანძო საკითხები, განასხვაოს ინფორმაციის არსებითი და არაარსებითი ასპექტები, შეაჯეროს და ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაცია, გამოავლინოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, მიიღოს გადაწყვეტილება, გააკეთოს დასკვნები და გადაჭრას პრობლემები.

კოფეინს არასწორი კვების უარყოფითი შედეგების გამოსწორება შეუძლია: ექსპერიმენტის შედეგები

ხოლო დივერგენტული (შემოქმედებითი ანუ სინთეზური) აზროვნება — წარმოადგენს ახალი მიმართებების დამყარების, ახალი იდეის შექმნის, ახალი ცოდნის შეძენის უნარს. შემოქმედებითი აზროვნების დროს ინდივიდი იყენებს არა უკვე ნაცნობ ცნებებსა და ოპერაციებს, არამედ ქმნის ახალ ხატებს, მნიშვნელობებს და პრობლემის გადაჭრის ახალ წესებს. აზროვნების ეს ფორმა საშუალებას გვაძლევს აღმოვაჩინოთ ახალი (ერთი შეხედვით, წარმოუდგენელიც კი) კავშირები იდეებს, საგნებს, მოვლენებს და ა.შ. შორის.

„დასავლურ კულტურებში კოფეინი სტერეოტიპულად ასოცირდება კრეატიულობასთან. მწერალს ხშირად წარმოიდგენენ ფინჯანი ყავით ხელში, ხოლო პროგრამისტს — ენერგეტიკული სასმელით“, — ნათქვამია არკანზასის უნივერსიტეტის პრეს-რელიზში. 

კვლევისთვის 80 მოხალისე შეირჩა, რომლებსაც ყოველდღე აძლევდნენ ან 200 მილიგრამ კოფეინს (რაც ერთ ფინჯან ყავას უდრის), ან პლაცებოს. ამის შემდეგ ცდის მონაწილეები გადიოდნენ სტანდარტულ ტესტებს კონვერგენტული და დივერგენტული აზროვნების დონის, ასევე პრაქტიკული მახსოვრობისა და განწყობის შესაფასებლად.

შედეგებმა აჩვენა, რომ კოფეინი არ ახდენს გავლენას დივერგენტულ აზროვნებაზე, ანუ არ ასტიმულირებს შემოქმედებითობას. სამაგიეროდ ის ზრდის კონცენტრირებისა და პრობლემის გადაჭრის უნარს. 

მეცნიერებმა ასევე აღნიშნეს, რომ კოფეინმა მნიშვნელოვანი გავლენა არ მოახდინა პრაქტიკულ მახსოვრობაზე, თუმცა გააუმჯობესა განწყობა.

კვლევის ავტორების აზრით, კოფეინის დადებითი თვისება – გააუმჯობესოს გადაწყვეტილების მოძებნის უნარი – სრულად მიესადაგება მის სხვა, უკვე დამტკიცებულ კოგნიტიურ უპირატესობებს — ყურადღებისა და კონცენტრაციის მატების უნარსა და ასევე იმას, რომ კოფეინი მოძრაობისა და გონებრივი აქტიურობის სტიმულატორია.

 

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (612)

მთავარი თემები