თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაჯ ჰარირჩი კორონავირუსითაა ინფიცირებული, განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველმა ალი რეზა ვაჰაბზადემ.
„ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ექიმ ჰარირჩის ტესტი კორონავირუსზე, რომელიც ბოლო დღეებში დაავადებასთან ბრძოლის წინა ხაზზე იდგა, დადებითი აღმოჩნდა“, – აცხადებს ვაჰაბზადე Twitter-ზე.
حریرچی: من هم کرونایی شدم، حتما کرونا را شکست میدهیم pic.twitter.com/EvqGudeyWe
— خبرگزاری ایسنا (@isna_farsi) February 25, 2020
გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ჰარირჩის მონაწილეობით პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც, მასმედიის ინფორმაციით, მან რამდენჯერმე დაახველა. როგორც ჩანს, სწორედ ეს გახდა მისი შემოწმების მიზეზი.
აღსანიშნავია, რომ მანამდე იგივე ხმები გავრცელდა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ პალეგრინისთან დაკავშირებითაც, რომელიც რამდენიმე დღე საავადმყოფოში იწვა. საბოლოოდ გაირკვა, რომ ის უბრალოდ გაციებული იყო.
ბოლო მონაცემებით, სულ მსოფლიოში ახალი კორონავირუსით, COVID 2019-ით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 80 149 კაცი შეადგინა. აქედან მატერიკულ ჩინეთზე 77 658 შემთხვევა მოდის. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა სულ 23 232 კაცი, გარდაიცვალა 2 663. ამ დროისათვის ავადაა 47 672 ადამიანი, მათგან 9 126 მძიმე მდგომარეობაშია.