ელექტროენერგია წვიმის წვეთებისგან: ინჟინრებმა ეფექტური გენერატორი შექმნეს

CC BY 2.0 / Anton Fomkin / Three energy saving light bulbsლუმინესცენციური ნათურა
ლუმინესცენციური ნათურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი ტექნოლოგია უნივერსალურია, ვინაიდან ელექტროენერგიის მიღებას შესაძლებელს ხდის არა მარტო წვიმის წვეთების, არამედ ნებისმიერი წყლის წვეთების მეშვეობით.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ელექტროენერგიის მიღება წვიმის წვეთების მეშვეობითაც არის შესაძლებელი, აცხადებენ მეცნიერები, რომელთა ნაშრომსაც აქვეყნებს ჟურნალი Nature

გავრცელებული ინფორმაციით, სწავლულებმა შეიმუშავეს ახალი მეთოდი, რომლის მეშვეობითაც წარმოუდგენელ ეფექტს მიაღწიეს: წვიმის ერთი წვეთის ენერგია საკმარისია 100 შუქდიოდური ნათურის გასანათებლად. 

აღსანიშნავია, რომ წვიმის წვეთების მეშვეობით ელექტროენერგიის მიღებას მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ, მაგრამ, გენერატორის ძალიან მცირე სიმძლავრიდან გამომდინარე, აქამდე მათი ყველა მცდელობა ფუჭი იყო. ახლა კი ჩინელმა და ამერიკელმა ინჟინრებმა ენერგიის გენერირების მოწყობილობის ახალი ინტერფეისი შეიმუშავეს, რომელიც გენერატორის სიმძლავრეს მნიშვნელოვნად ზრდის. 

მეცნიერებმა გენერატორის ზედაპირი პოლიტეტრაფტორეთილენის ფენით დაფარეს, რომელსაც წყლის წვეთების განუწყვეტელი ვარდნისას ზედაპირული მუხტის დაგროვება შეუძლია, სანამ ბოლომდე არ გაჯერდება. ასეთ შემთხვევაში წყლის წვეთები რეზისტორების, ხოლო ზედაპირული გადახურვა კონდენსატორის როლს ასრულებს.

ერთჯერადი ჭიქა - Sputnik საქართველო
აღმოჩენილია პლასტმასის ეკოლოგიური შემცვლელი: ფასი და თვისებები უცვლელი რჩება
  წვიმის წვეთები, ეცემა რა გენერატორის ფირფიტების ზედაპირს, ქმნის წყლის ხიდს ალუმინის ელექტროდსა და ინდიუმისა და კალის ოქსიდის ელექტროდს შორის. წარმოიქმნება ჩაკეტილი წრედი, რომელშიც ენერგია გამოთავისუფლდება. 

მეცნიერები ამბობენ, რომ პრაქტიკული გამოყენებისთვის გამოსადეგ პროტოტიპს უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში დაამზადებენ. პერსპექტივაში შესაძლებელი იქნება, რომ ელექტროენერგია მივიღოთ ნებისმიერ ზედაპირზე დაცემული წვიმის წვეთებისგან — იქნება ეს სახლის სახურავი, ქოლგა (შესაძლებელი იქნება ტელეფონის დატენა) თუ, ვთქვათ, ნავის კორპუსი. ხოლო იმ რეგიონებში, სადაც ძლიერი სეზონური წვიმები იცის, ენერგიის ამ გზით მიღება ძალიან გაამარტივებს მდგომარეობას.

„ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ 100 მიკროლიტრი მოცულობის წვეთს, რომელიც 15 სმ სიმაღლიდან ეცემა, შეუძლია 140 ვოლტზე მეტი ძაბვის გენერირება, რაც 100 შუქდიოდური ნათურის გასანათებლადაა საკმარისი“, — აცხადებს კვლევის ავტორი, ჰონკონგელი ინჟინერი ვან ცუანკაი (Zuankai Wang).

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელი და ჩინელი ინჟინრების მიერ შემოთავაზებული ტექნოლოგია უნივერსალურია, ვინაიდან ელექტროენერგიის მიღებას შესაძლებელს ხდის არა მარტო წვიმის წვეთების, არამედ ნებისმიერი წყლის წვეთების მეშვეობით.

მკვლევარები იმედოვნებენ, რომ მათ მიერ შემოთავაზებული მეთოდი უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად იქცევა ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით.

ყველა ახალი ამბავი
0