მრავალი წელია, არქეოლოგები შიდა ქართლში, კასპის რაიონის სოფლების იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიებზე, მდინარე ლეხურას მარჯვენა სანაპიროზე, გრაკლიანის გორაზე მუშაობენ.
„ამ გორის სამხრეთ ფერდობზე კარგად არის შემონახული ჩვ.წ.აღ-მდე V–IV საუკუნეების ნაგებობების ნაშთები. ესაა მძლავრი აქემენიდური ირანის ეპოქა, როდესაც სახელმწიფომ მთლიანად დაიპყრო კავკასიის, მცირე აზიის ტერიტორია ეგვიპტემდე. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შემონახულია, ესაა ჩვ.წ.აღ-მდე V–IV საუკუნეების საკულტო ნაგებობების ნაშთები. ეს ამ ტიპის ერთადერთი არქეოლოგიური ძეგლია, რომელიც ორი საუკუნის განმავლობაში საზოგადოების კულტურისა და განვითარების კვლევის შესაძლებლობას იძლევა“, – განუცხადა Sputnik–ს არქეოლოგმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა.
გრაკლიანის გორა მრავალშრიანი არქეოლოგიური კომპლექსია. არქეოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ამ ტერიტორიაზე ცივილიზაცია 300 ათასი წლის განმავლობაში – ქვის ხანიდან რომის პერიოდამდე – უწყვეტად ვითარდებოდა. ცნობები გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლზე საფრანგეთის, ჰოლანდიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, გერმანიისა და ესპანეთის წამყვან სამეცნიერო გამოცემებშია შეტანილი.
ერთი წლის წინ აქ უნიკალური წარწერა აღმოაჩინეს, რომელიც ამერიკელმა სპეციალისტებმა ჩვ.წ.აღ-მდე 1005–920 წლებით დაათარიღეს. ის ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი წარწერაა.
მეცნიერების აზრით, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დამწერლობა თითქმის 3 ათასი წლის წინ გაჩნდა. წარწერა ჯერ გაშიფრული არ არის.