17:55 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (515)
1258 0 0

ტურისტული სექტორი, რომელშიც დაახლოებით 150 ათასი ადამიანია დასაქმებული, კორონავირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა.

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. ყველამ ერთად, თანმიმდევრულად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი დავიცვათ და ავამუშაოთ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე.

22 იანვარს უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 1 თებერვლიდან ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ამ ეტაპზე ტურიზმის, მათ შორის, სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნა არ იგეგმება და არსებული შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება.

გახარიას განცხადებით, რაც სამთო კურორტებზე ხდება, უკიდურესად სამწუხაროა, რადგან შექმნილი ვითარება საკმაოდ მძიმეა ტურისტული სექტორისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ბიზნესი აქვთ გუდაურში, ბაკურიანში, მესტიაში თუ გოდერძის კურორტზე.

„ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანას, საბოლოო ჯამში, მდგრადი, თანმიმდევრული ეკონომიკური აღდგენის რესურსი დავუტოვოთ, შევუნარჩუნოთ და ასეთი მოკლევადიანი, სწრაფი, იმპულსური გადაწყვეტილებებით რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ის ეკონომიკური შესაძლებლობები, რომლებიც გაგვეხსნება სწრაფი აღდგენის პირობებში ზაფხულისთვის“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მიიღებს დავალებას, რომ უახლოეს მომავალში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგების, მათ შორის ტურიზმის წარმომადგენლებთან გამართოს შეხვედრები და ამ ეტაპზე არსებული გეგმა შეათანხმოს.

მთავრობის გეგმის მიხედვით, ზამთრის კურორტები მუშაობას 1 მარტიდან განაახლებენ. საქართველოში ზამთრის კურორტებზე ტურისტული სეზონი, ჩვეულებრივ, დეკემბრის დასაწყისში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება. შესაბამისად, წლევანდელი სეზონი ოთხჯერ უფრო ხანმოკლე იქნება და მხოლოდ ერთი თვით შემოიფარგლება.

აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ტურიზმის სფეროს წარმომადგენელთა უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი არ ეთანხმებიან 22 იანვრის გადაწყვეტილებას წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ და მათ მთავრობას 2021 წლის ტურიზმის სწრაფი და უსაფრთხო გზებით აღდგენის საკუთარი ხედვა შესთავაზეს.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (515)

მთავარი თემები