მთიან აჭარაში ველობილიკები ეწყობა

გამოწერა
ახალი ტურისტული პროდუქტი დააინტერესებს არა მხოლოდ პროფესიონალ ველოსიპედისტებს, რადგანაც ექსტრიმის ელემენტებს მოიცავს, არამედ მოყვარულებსაც.

თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. მთიან აჭარაში როგორც პროფესიონალების, ისე მოყვარულებისთვის ველობილიკები მოეწყობა, ნათქვამია რეგიონის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ექვსკილომეტრიან საველოსიპედო მარშრუტზე, რომელიც შუახევსა და ქედას შეაერთებს, იგეგმება უბრალო ველობილიკისა და ექსტრემალური დაშვების (Down Hill) ბილიკის მოწყობა. რეგიონში, სათავგადასავლო და სპორტული ტურიზმის განვითარების მიზნით, მსგავსი ექსტრემალური საველოსიპედო ინფრასტრუქტურა პირველად იქმნება.

ჩიხურის მთა - Sputnik საქართველო
ზემო აჭარა აქტუალობას არ კარგავს: ჩირუხის მთა ტურისტული ცენტრი გახდება

ახალ საველოსიპედო მარშრუტზე დაგეგმილია დასვენების ზონების მოწყობა, პარკირება ველოსიპედებისა და ავტომობილებისთვის, ასევე ველობილიკების საერთაშორისო სტანდარტებისთვის ადაპტირებული მოწყობილობების დამონტაჟება.

ველობილიკი ძირითადად ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ ტყის ზონაზე გაივლის. ამ მარშრუტზე მდებარეობს ასევე რეგიონის ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული ღირსშესანიშნაობა – კავიანის ციხე.

ამას გარდა, მარშრუტი შეიძენს ეკოლოგიურ–საგანმანათლებლო და სამეცნიერო დატვირთვას. შესაძლებელი იქნება მარშრუტის მიმდებარე ტერიტორიებზე სამეცნიერო–ტურისტული ექსპედიციებისა და ლაშქრობების მოწყობა.

პროექტს ორგანიზაცია CENN-თან ერთად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტის განვითარების სააგენტო ახორციელებს.

ყველა ახალი ამბავი
0