10:24 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1385)
131 0 0

მიუხედავად ნებართვისა, მუშაობა საქართველოში ყველა სასტუმროს არ განუახლებია – დედაქალაქის სასტუმროები უცხოელ ტურისტებს ელოდებიან, ადგილობრივების ჯიბეებს მათი ფასები არ შეესაბამება.

თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. საქართველოს თითქმის ყველა სასტუმროში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასებმა საგრძნობლად იკლო.

ფანქრის, კანფეტის და იაპონური მარწყვის ხეები: სად ეპატიჟება პრეზიდენტი ტურისტებს>>

როგორ იმოქმედა კორონავირუსის პანდემიამ სასტუმროს სექტორის ფასებზე – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия-ს საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის ხელმძღვანელი შალვა ალავერდაშვილი ესაუბრა.

მისი განცხადებით, წელს, კორონავირუსის პანდემიის ფაქტორის გათვალისწინებით, მოქალაქეების უმეტესობა უპირატესობას კოტეჯების ან ბინების დაქირავებას ანიჭებს, რათა იზოლირებული იყოს.

„ამგვარად ისინი თავს უფრო დაცულად გრძნობენ. რაც შეეხება ფასების კლებას, მაგალითად, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ბაკურიანი ინ“ წელს დღეში 49 ლარი ღირს, მაშინ, როცა ადრე 180 ლარი ღირდა. ზღვაზეც გაიაფდა: დღეში 50 ლარად შესაძლებელია ერთ- ან ოროთახიანი ბინის აღება „ორბის“ აპარტამენტებში“, – განაცხადა ალავერდაშვილმა.

რაც შეეხება სასტუმროების გახსნას, ალავერდაშვილის თქმით, თბილისში ისინი საერთოდ არ გახსნილა. მუშაობა ქვეყანაში არსებული სასტუმროების მხოლოდ 15%-მა განაახლა.

„თბილისში რომ სასტუმრო გქონდეთ, გახსნიდით? ვინმე ჩამოვა ჩოხატაურიდან თბილისში დასასვენებლად? არ ჩამოვა. არც ზუგდიდიან ჩამოვა, არც თელავიდან. შესაბამისად, სანამ საერთაშორისო ტურიზმი არ აღდგება, თბილისში სასტუმროების გახსნას აზრი არა აქვს“, – განაცხადა ალავერდაშვილმა.

როგორც კი სასტუმროების დაჯავშნა დაიწყება, ისინი გაიხსნება. მაგრამ ამჟამად თბილისზე მოთხოვნა არ არის, ამიტომ დედაქალაქის სასტუმროების 99% დაკეტილია, განაცხადა ალავერდაშვილმა და დასძინა, რომ ამ სეზონზე უცხოელ სტუმრებს სასტუმრო სექტორი არ ელოდება, ხოლო რეალური დაჯავშნა 2021 წლის მაისიდან დაიწყება.

ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს ელოდებოდა, ისრაელი იყო, მაგრამ ეპიდემიური მდგომარეობის გაუარესების გამო ამ ქვეყანასთან ტურისტული კავშირების აღდგენა გადაიდო.

„ამ ეტაპზე ზაფხულისთვის კონკრეტული ჯავშნები არ გვაქვს. რაც შეეხება ისრაელს, ეს ხომ ჩვენზე არაა დამოკიდებული. ეს ეპიდემიურ სიტუაციაზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა ალავერდაშვილმა.

მისი თქმით, დღეს ყველა თვალს ადევნებს ახალ ამბებს და რამის დაგეგმვა ჯერჯერობით რთულია.

„2021 წლის მაისამდე რამეზე ლაპარაკი რთულია. რამე ჯილდო უნდა მოვიფიქროთ და მედალი დავკიდოთ მას, ვინც წელს სასტუმროს გახსნას შეძლებს. ახლა 1997–1998 წლების დონეზე ვართ, როდესაც საქართველოში ტურისტები პრაქტიკულად არ იყვნენ. მაშინ ქართველები ძირითადად თავიანთ სოფლებში ან ზღვაზე ისვენებდნენ. აი, ასეთი ვითარება გვაქვს ახლა“, – აღნიშნა ალავერდაშვილმა.

საქართველოში 15 ივნისს შიდა ტურიზმი გაიხსნა, ხოლო 1 ივლისიდან ქვეყანა უცხოელ მოგზაურებს მიიღებს.

„საქსტატი“ შიდა ტურიზმის შესახებ: რა მიზნით მოგზაურობენ მოქალაქეები ქვეყნის შიგნით>>

ახალი პირობების თანახმად, სასტუმრომ მუშაობის აღსადგენად უნდა მიმართოს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს და სპეციალური შემოწმება გაიაროს. უფრო ადრე შრომითი პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ უწყების ბაზაში დარეგისტრირებულია 939 სასტუმრო, აქედან 150-მა მუშაობის დაწყების უფლება მიიღო, 175-მა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. დანარჩენებმა შემოწმების რამდენიმე დღით გადავადება ითხოვეს, რათა ინსპექტირებისთვის უკეთესად მოემზადონ.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1385)

მთავარი თემები