ფანქრის, კანფეტის და იაპონური მარწყვის ხეები: სად ეპატიჟება პრეზიდენტი ტურისტებს

გამოწერა
სალომე ზურაბიშვილი შიდა ტურიზმის პოპულარიზაციით დაკავდა და საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას აგრძელებს.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისა და მხარდაჭერის მიზნით გურიის რეგიონს ესტუმრა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ზურაბიშვილმა მოინახულა ორკარის კანიონი და, ამასთან, აგროტურიზმში ჩართული რამდენიმე საოჯახო მეურნეობა დაათვალიერა. 

სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა - Sputnik საქართველო
„საქსტატი“ შიდა ტურიზმის შესახებ: რა მიზნით მოგზაურობენ მოქალაქეები ქვეყნის შიგნით

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მოედნის მცხოვრებლების თქმით, ზღაპრული სილამაზის ორკარის კანიონის არსებობის შესახებ ბევრმა ადგილობრივმაც კი არ იცის. ისინი დარწმუნებული არიან, რომ აღნიშნული ადგილის პოპულარიზაცია ხელს შეუწყობს გურიაში ტურიზმის განვითარებას და სოფლის გაძლიერებას. 

პრეზიდენტი ასევე იმყოფებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში. სწორედ აქ მდებარეობს აგროტურიზმში ჩართული საოჯახო სასტუმრო „კომლი". ოჯახს საკუთარი ჩაის პლანტაცია და ფერმა აქვს.

ზურაბიშვილმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟაულში დაათვალიერა პარკი და XIX საუკუნის ერისთავების სასახლე, ასევე სასახლის ირგვლივ ერთ ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებული დენდროლოგიური პარკი, სადაც წარმოდგენილია იშვიათი ჯიშის მცენარეები – ფანქრის ხე, კანფეტის ხე, გიგანტური სეკვოია, იაპონური მარწყვის ხე.

საქართველოს პრეზიდენტი ასევე იმყოფებოდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხეში, სადაც შარაშიძეების მარანი მოინახულა.

ყველა ახალი ამბავი
0