თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. ორშაბათს, 15 ივნისს საქართველო შეზღუდვების მოხსნის მორიგ ეტაპს იწყებს, მათ შორისაა შიდა ტურიზმის აღდგენა.
დაახლოებით ორი კვირის შემდეგ კი, 1 ივლისიდან ხელისუფლება საერთაშორისო ტურისტული მიმოსვლის აღდგენას გეგმავს. თუმცა ევროპის ბევრ ქვეყანაში ინფიცირებულთა გაზრდილი რაოდენობის გამო ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელ სახელმწიფოებზეა საუბარი.
15 ივნისიდან საქართველოში ვიზიტორებისთვის იხსნება ყველა ბუნებრივი ძეგლი, ნაკრძალი და ეროვნული პარკი. ტურისტებისთვის, რომელთაც ამა თუ იმ დაცული ტერიტორიის მონახულება სურთ, მუშაობას განაახლებენ მომსახურების ცენტრები.
სტუმრებმა უსაფრთხოების ზომები და გარკვეული შეზღუდვები უნდა დაიცვან.
- დახურულ სივრცეებში, სერვის-ცენტრებში და მღვიმეებში მათ უნდა ატარონ პირბადეები. პირბადე სწორად უნდა ეკეთოთ და კარგად ფარავდეს ცხვირს და პირს; ვიზიტორთა ცენტრში შესაძლებელია ერთდროულად 5 ვიზიტორის ყოფნა.
- სავალდებულოა 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა, თუნდაც ღია ცის ქვეშ ყოფნისას.
- სავალდებულოა პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა, ხელების ხშირი დაბანა და მოერიდეთ პირზე, ცხვირსა და თვალებზე ხელის შეხება.
- იმ შემთხვევაში, თუ ვიზიტორი თავს შეუძლოდ იგრძნობს, ექსკურსიაზე უარი უნდა თქვას.
შიდა ტურიზმის აღდგენამდე საქართველოს მთავრობამ 1 და 8 ივნისს ყველა სახის რესტორნების და იმ სასტუმროების მუშაობაზე შეზღუდვა მოხსნა, რომლებმაც ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექტორების სპეციალური შემოწმება გაიარეს. მფლობელებისა და სტუმრებისთვის შეზღუდვების და რეკომენდაციების მთელი რიგი შეიმუშავეს.
ტურისტებს სასტუმროში გადაადგილება პირბადეებით და დისტანციის დაცვით მოუწევთ. რესტორნებსა და სასტუმროებში მაგიდებს შორის უნდა იყოს დაცული ორმეტრიანი დისტანცია, ხოლო ერთ მაგიდასთან არ უნდა იჯდეს 6 ადამიანზე მეტი პირი.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კვების ობიექტებს, ასევე ნომრების დალაგების და აუზების წმენდის სპეციფიკას.
სპეციალური მომზადება გაიარეს მრავალრიცხოვანმა გიდებმა, რომლებიც უნდა იყონ მზად ახალ პირობებში სამუშაოდ.
მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე პრემიერმა გიორგი გახარიამ მოქალაქეებს მოუწოდა სამშობლოში აქტიური დასვენებისკენ. მან მინისტრებს მიმართა და მიუთითა, რომ მოსახლეობას მაგალითი პირველებმა სწორედ მათ უნდა მისცენ.
გარდა ამისა, ორშაბათს იწყება ავიამიმოსვლა ქალაქებს შორის, ასევე სარკინიგზო მიმოსვლა, რაც შიდა ტურისტების რიცხვის ზრდას შეუწყობს ხელს.
ეპიდემიოლოგები კი ამასობაში აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ კორონავირუსი არ გამქრალა და ამიტომ ყველა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს.
ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გუშინ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მე-14 პაციენტი გარდაიცვალა. საქართველოში სულ 864 შემთხვევა დადასტურდა, 703 პაციენტი გამოჯანმრთელდა.