გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ ციკლი იმის შესახებ, საქართველოს მასშტაბით სად და როგორ შეძლებთ უსაფრთხო და ნაყოფიერ დასვენებას. ამჯერად არჩევანს ბორჯომზე შევაჩერებთ, რომელიც ამჟამად „მწვანე ზონის“ სტატუსს ინარჩუნებს.
ბორჯომი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია, რომელიც ზღვის დონიდან 800-850 მეტრზე მდებარეობს. აქ ჩამოსულ დამსვენებელს ხვდება საოცარი კლიმატი, ულამაზესი ხედები, მთები, წიწვოვანი ტყე, სუფთა ჰაერი, სიგრილე და მინერალური წყლები, რაც მრავლადაა რაიონში.
ბორჯომი ერთ-ერთი შესანიშნავი ადგილია დასვენებისთვის, ლაშქრობისთვის თუ რეგიონის კულტურის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გასაცნობად.
რა ვნახოთ ბორჯომში
ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით. ლაშქრობის მსურველებს შეგიძლიათ მოინახულოთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ნეძვის აღკვეთილი, ლომის მთა, კახისის ტბა, წეროს ტბა, მეღრუკის ხეობა.
მათ შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომლის ტურისტული მარშრუტების ქსელი ერთი და მრავალდღიანი ლაშქრობების საშუალებას იძლევა და ჯამში 12 მარკირებულ და კეთილმოწყობილ ბილიკს მოიცავს. ბილიკების მახლობლად მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები, ცეცხლის დასანთებად გამოყოფილია სპეციალური ადგილები.
ლომის მთისკენ მიმავალი მარშრუტი იწყება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შესასვლელთან. ამ ბილიკზე თქვენ შეგხვდებათ შერეული ტყეები, ცად აზიდული მწვერვალი, ალპური მდელო საოცარი ფერებით და წმინდა გიორგის სალოცავი. მაისში ბილიკის ლამაზ ხედებს განსაკუთრებულ ელფერს სძენს აყვავებული დეკა, ხოლო ივნისში თქვენს ყურადღებას მიიპყრობს როდოდენდრონი. მზიან ამინდში შესაძლებელია დიდი კავკასიონის ქედის და ევროპის უმაღლესი მწვერვალის - იალბუზის დანახვა.
ნეძვის ეროვნული პარკი 2007 წელს შეიქმნა და მისი შექმნის მიზანია კავკასიური სოჭის უნიკალური კორომებისა და ფოცხვერის დაცვა-შენარჩუნება.
კახისის ტბა თრიალეთის ქედის დასავლეთ კალთაზე მდებარეობს. ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ყველაზე „ტურისტმრავალი“ ტბაა. ტბას გარშემო ულამაზესი ნაძვნარი აკრავს, საპიკნიკე და საბანაკე ადგილებიც ბევრია, რაც თქვენი სასიამოვნო დასვენების გარანტიაა. გზად ტყეში ზაფხულში მრავლად შეხვდებით კენკრას, ჟოლოს და მაყვალს. შეგიძლიათ მათი განსაკუთრებული არომატით დატკბეთ. დამერწმუნეთ, ასეთ გემრიელ კენკრას სხვაგან ვერ გასინჯავთ. ტბამდე მისასვლელი ბილიკი ძალიან მარტივია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია აქ მოხვედრა.
ბორჯომი ასევე გამოირჩევა კულტურული ძეგლების სიმრავლით. აქ შეძლებთ მოინახულოთ ისეთი უძველესი ისტორიული და კულტურული ძეგლები, როგორიცაა მწვანე მონასტერი, ტიმოთესუბნის მონასტერი, ფოთოლეთის ეკლესია, დაბის წმინდა გიორგის ეკლესია, პეტრეს ციხე, დვირის ციხე, ყვიბისის ბერის საყდრების ეკლესია, რომლის შესახებ ცოტამ თუ იცის.
მწვანე მონასტერი ბორჯომიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ ჩითახევის მახლობლად, დაბურული ფოთლოვანი ტყის შუაგულში მდებარეობს. დღეს აქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებს და ბერები მოღვაწეობენ. ძეგლი მეცხრე საუკუნით თარიღდება. მეცნიერთა აზრით, ის ცნობილი ქართველი მოღვაწის, წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების – ქრისტეფორესა და თევდორეს აშენებულია.
მონასტრის გვერდით ჩამოედინება ანკარა წყარო, სადაც ქვებზე დღემდე მოსჩანს სისხლის ნაკვალევი. ადგილობრივი მღვდელმსახურები მოგიყვებიან, რომ ისტორიული ცნობების თანახმად, მე-16 საუკუნეში შაჰ-თამაზის შემოსევების დროს მონასტერი დაურბევიათ, ბერები სასტიკად უწამებიათ და სწორედ ამ მდინარის პირას დაუხოცავთ. მონასტრის ტერიტორიაზე დღესაც შეგიძლიათ ნახოთ ძნელბედობის ჟამს დაღვრილი ბერების უხრწნელი სისხლის უამრავი ნაკვალევი. ეს ტაძრის უდიდესი სიწმინდეა, რომელსაც დრო და ჟამი ვერაფერს აკლებს.
ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი მე-12–მე-13 საუკუნეების მიჯნაზე აუგიათ სოფელ ტიმოთესუბანში. ტაძარი ულამაზეს ბუნებაშია ჩაკარგული და ყოველწლიურად უამრავ დამთვალიერებელს მასპინძლობს. ტაძრის მოხატულობა 1205-1215 წლებით თარიღდება და თამარ მეფის ეპოქას მიეკუთვნება, სწორედ ამიტომ არის ის უნიკალური. საბედნიეროდ ფრესკების დიდი ნაწილი დღემდე შენარჩუნებულია.
პეტრეს ციხე სოფელ ლიკანის პირდაპირ, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს და შუა საუკუნეების ძეგლს მიეკუთვნება. ციხე ავალიშვილების ფეოდალურ საგვარეულოს ეკუთვნოდა. მე-16 საუკუნეში ოსმალთა მიერ თორის დაპყრობის შემდეგ პეტრეს ციხე ოსმალური ადმინისტრაციული ცენტრი გამხდარა. აქ მრავლად არის შემორჩენილი სხვადასხვა ნაგებობის ნაშთები.
ბორჯომთან ახლოს არაერთი ცნობილი კურორტია, რომლის მონახულებაც შეგიძლიათ. ესენია ბაკურიანი, მიტარბი, კოხტა, ციხისჯვარი, ცემი, ლიკანი, წაღვერი.
ბორჯომიდან ისე არ წახვიდეთ, რომ არ მოინახულოთ ღირსი სერაფიმე საროველის ეკლესია, რომელიც სადგერში, მეუფე სერაფიმეს (ჯოჯუა) ლოცვა-კურთხევით აშენდა. ტაძრის მახლობლად სენაკი დგას. სენაკის შესასვლელში წერია: „ეს კელია არის ასლი იმ კელიისა, რომელშიც სიცოცხლის უკანასკნელი წლები გატარა ღირსმა მამა სერაფიმე საროველმა“. ტაძრის ტერიტორიაზე ნახავთ უზარმაზარ ქვას, რომელიც ანალოგია წმინდა სერაფიმეს ქვისა. როცა ბოროტი ცდილობდა მამა სერაფიმეს გონების ამღვრევას, წმინდა მამა კიდევ უფრო ამკაცრებდა ღვაწლს – ყოველ ღამით ის უზარმაზარ ქვაზე ადიოდა და ხელაპყრობით წარმოსთქვამდა იესოს ლოცვას: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.” ასე ლოცულობდა წმინდანი 1000 დღე-ღამის განმავლობაში.
ბორჯომის რიონში, სოფელ ყვიბისში მდებარეობს ბერისაყდრების ეკლესია, რომელიც ულამაზეს თვალუწვდენელ ტყეშია ჩამალული და მე-10–მე-11 საუკუნით თარიღდება. ტაძარი სოფლიდან ოთხი კილომეტრის დაშორებითაა. გადმოცემის თანახმად, ტაძარი წმინდა გიორგის სახელობისა ყოფილა. ნაგებობა დანგრეულია, მხოლოდ მთავარი ნავის ჩრდილოეთ კედლის ფრაგმენტი, კამარის ძალზედ მცირე ნაწილი და აბსიდია შემორჩენილი. ეკლესიაში ორი ქვის ფილა დევს. ერთ-ერთზე ბოლნური ჯვრებია გამოსახული. შემორჩენილია გალავნის ნაშთიც, რომელიც ტაძარს ჰქონია შემოვლებული. 2009-2010 წლებში ბერისაყდრების ეკლესიის მახლობლად აშენდა ათანასე ათონელის ტაძარი. ტაძარი მოხატულია. ამჟამად აქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.
ბერისაყდრების ეკლესიამდე მიდის როგორც საფეხმავლო, ისე სამანქანო გზა. თუმცა გირჩევთ გასავლელი მანძილი ფეხით გაიაროთ და დატკბეთ ულამაზესი ბუნებით, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ.
ბორჯომის რაიონის შესახებ უფრო მეტის გასაგებად აუცილებლად უნდა ეწვიოთ მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, რომელიც თავს იწონებს ასეული წლების განმავლობაში შეგროვებული 40 ათასზე მეტი ექსპონატით.
სად დავრჩეთ ბორჯომში.
ბორჯომში დასარჩენი ადგილი მრავლადაა. ვინაიდან ბორჯომი ბალნეოლოგიური კურორტია, აქ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სპა-სასტუმროები და სანატორიუმები. ერთ-ერთი მდიდრული და პოპულარული სასტუმროა Crowne Plaza Borjomi, რომელიც ბორჯომის პარკის შესასვლელთანაა. აქ არის აუზი, საუნა, გოგირდის აბანოები, ტარდება სპა-პროცედურები და ა.შ. რა თქმა უნდა, ფასებიც მომსახურების შესაბამისია და ორადგილიანი ოთახის ღირებულება, დღეში 300 ლარიდან იწყება.
ცენტრიდან დაახლოებით 1.5 კმ-ის მოშორებით, ლიკანში, ე.წ მეოთხე სამმართველოს ტერიტორიაზე კიდევ ერთი მდიდრული სასტუმრო Rixos Borjomi მდებარეობს. აქაც არის სპა-ცენტრი აუზით, საუნები და სხვა მომსახურება. ამ სასტუმროების ნომრებში განთავსება კი 200 დოლარიდან იწყება.
თუ უფრო ბიუჯეტურად გსურთ დასვენება, პარკის მიმდებარე ტარიტორიაზე არაერთი საოჯახო ტიპის კეთილმოწყობილი სასტუმროა, სადაც ფასები 30-დან 150 ლარამდე მერყეობს.
15 ივნისიდან საქართველოს ყველა ეროვნული პარკი და დაცული ტერიტორია განაახლებს ვიზიტორების მიღებას. იმოგზაურეთ საქართველოში, თქვენ საყვარელ ადგილებზე და სხვებსაც გაუზიარეთ მიღებული ემოციები.