უფრო დიდ სიმაღლეებზე: ბაკურიანში ახალი საბაგირო გზები გაჩნდება

გამოწერა
ახალი ტრასები სპეციალურად ფრისტაილსა და სნოუბორდში მსოფლიო ჩემპიონატისთვის აშენდება, რომელიც ბაკურიანში 2023 წელს გაიმართება.

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. პოპულარულ ქართულ კურორტ ბაკურიანში, დიდველის ტრასაზე ახალი სამი საბაგირო გზა გაჩნდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

ბაკურიანი - Sputnik საქართველო
ექსპერტებმა ფრისტალის და სნოუბორდის ჩემპიონატისთვის ბაკურიანი დაათვალიერეს

ახალი ტრასები სპეციალურად  ფრისტაილსა და სნოუბორდში მსოფლიო ჩემპიონატისთვის აშენდება, რომელიც ბაკურიანში 2023 წელს გაიმართება. აღნიშნული გადაწვეტილება 2018 წელს, სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს სხდომაზე (FIS) იქნა მიღებული, რომელიც კოსტა-ნავარინოში ჩატარდა.

„როგორც რიგითი ქართველი, ძალიან ამაყი ვარ, რომ საქართველო 2023 წელს უმასპინძლებს ფრისტაილში მსოფლიო ჩემპიონატს. ეს არის დიდი გამარჯვება და პასუხისმგებლობა. ამასთან, ეს ნიშნავს ძალიან დიდ ნდობას, რომელიც ჩვენ გამოგვიცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ. ეს ნდობა აჩვენებს, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ, რომ საქართველოს აქვს სწორი, ეფექტური და მიზანმიმართული სტრატეგია ჩვენი ზამთრის კურორტების განვითარებისთვის“, - განაცხადა ბახტაძემ.

თუმცა, პრემიერის სიტყვებით, მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარება საკმარისი არ არის იმისთვის, რომ საქართველო ზამთრის კურორტების წარმატებული ქვეყანა გახდეს. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ქვეყნის ცნობადობა.

„აქედან გამომდინარე, ჩვენი ხელისუფლებისთვის სამთო და ზამთრის კურორტების განვითარება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა განვახორციელოთ მასშტაბური ინვესტიციები, რათა ჩვენი კურორტები მაღალი სტანდარტების იყოს“, - აღნიშნა ბახტაძემ.

პრემიერის განცხადებით, ახალი საბაგირო გზების მშენებლობის დაწყების თაობაზე ხელშეკრულება მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ავსტრიულ-შვეიცარიულ კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან“ (Doppelmayr/Garaventa Group) გაფორმდება. გარდა ამისა, საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარება გაზრდის ტურისტების რაოდენობას და სამუშაო ადგილებს, მიაჩნია ბახტაძეს.

ბაკურიანი - Sputnik საქართველო
ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა სექტემბრამდე დასრულდება

„ჩვენი ტერიტორიის ორი მესამედი მთებია და ეს დიდი სიმდიდრეა, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელზეც უნდა ვიზრუნოთ. რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენ უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს და საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა განცხადება გააკეთა, რომ 2025 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიადას ჩვენ ვუმასპინძლოთ. ეს ძალზე ამბიციური განცხადებაა, რომელიც ჩვენთვის დიდ პასუხისმგებლობას ნიშნავს. მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამ მიზნის მისაღწევად“, - აღნიშნა ბახტაძემ. 

ორივე სპორტული ღონისძიება, როგორც 2023 წლის  ჩემპიონატი ფრისტაილსა და სნოუბორდში, ისე 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადა ერთ მიზანს ემსახურება  - სასარგებლო გამოცდილება და ზამთრის ოლიმპიადის მიღება, განაცხადა ბახტაძემ. პრემიერი დარწმუნებულია, რომ ქვეყანა მიაღწევს მიზანს, რამდენადაც საქართველო და ქართველი ხალხი ამას იმსახურებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტურნირების ჩატარების შემდეგ საქართველოს კიდევ ერთხელ აღმოაჩენენ, როგორც საუკეთესო ზამთრის კურორტების ქვეყანას. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას მსოფლიო ჩემპიონატის მიმღები ქვეყნის სტატუსს და გისურვებთ წარმატებებს“, - აღნიშნა ბახტაძემ.

გუდაური - Sputnik საქართველო
გვჭირდება თუ არა ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარება – დადებითი და უარყოფითი მხარეები

იმის შესახებ, რომ საქართველო მზად იყო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ექს-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა პირველად  2017 წლის თებერვალში  სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ ჯან ფრანკო კასპერთან შვეიცარიაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

2017 წლის აპრილში საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ მსოფლიო ჩემპიონატის გამართვაზე ოფიციალური განაცხადი შეიტანა. ბოლო წლის განმავლობაში FIS-ის ექსპერტების ჯგუფი ინფრასტრუქტურის ტექნიკური ინსპექტირების ჩატარების მიზნით რამდენჯერმე იმყოფებოდნენ საქართველოში.

საერთაშორისო ფედერაციის შემაჯამებელი დასკვნა დადებითი იყო - FIS-ის ექსპერტებმა დამაკმაყოფილებლად მიიჩნიეს სპორტის ზამთრის სახეობებისა და ზამთრის კურორტების განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.

 

ყველა ახალი ამბავი
0