მთავრობამ ტურისტული დარგის გადარჩენის გეგმა შეიმუშავა

© photo: 59 seconds / FBნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეისების გაზრდა ევროპაში, სასტუმროებისა და ტუროპერატორების დახმარება, ასევე საქართველოს პოპულარიზაცია საზღვარგარეთ – ეს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის საფუძველი გახდება.

თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელისუფლებას, ტურიზმის სფეროში პრობლემების გადასალახად, ანტიკრიზისული გეგმა აქვს.

იმ მოვლენების საპასუხოდ, რომლებიც საქართველოს პარლამენტში გავრილოვის გამოსვლას მოჰყვა, რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა. გარდა ამისა, ტუროპერატორებს მიეცათ რეკომენდაცია, არ გაყიდონ საქართველოს მიმართულებით საგზურები. საპროტესტო აქციები პარლამენტის შენობასთან დღესაც გრძელდება. მომიტინგეები შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ. მინისტრს ბრალს სდებენ გავრილოვისთვის საქართველოში შემოსვლის ნების დართვასა და 20 ივნისის საპროტესტო აქციის დარბევაში.

რამდენს დაკარგავს საქართველო რუსული შეზღუდვების გამო>>

ექსპერტების ნაწილმა უკვე განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილების გამო საქართველოში ტურისტების რაოდენობა და, შესაბამისად, შემოსავლები შემცირდება.

„გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც ბიზნესის მოთხოვნებს ეყრდნობა. ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, როგორც რუსი ტურისტების შენარჩუნების კუთხით, ასევე სხვა ქვეყნებში უსაფრთხო იმიჯის განმტკიცებისა და ახალი ტურისტების მოზიდვის მიმართულებით“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ესაა მთავარი მიმართულებები, რაზეც ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს.

„მეორე საკითხია სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური დახმარება ლოგისტიკის მიმართულებით, ასევე საკრედიტო-საგარანტიო სქემაში მცირე და საოჯახო სასტუმროების ჩართვა. ამასთან დაკავშირებით კომერციულ ბანკებთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები“, – განაცხადა თურნავამ.

რუსი ტურისტები აბანოთუბანში - Sputnik საქართველო
რუსი ტურისტების შენარჩუნება - პრემიერმა ხელისუფლების გეგმები გაახმოვანა

მისი თქმით, სამუშაოები უკვე წარმოებს სხვა მიმართულებებითაც. უკვე ამ კვირაში დაანონსებულია 12 ახალი რეისი ევროპის სხვადასხვა ქალაქში ქუთაისის აეროპორტიდან.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბიზნესის ინტერესებშია რუსი ტურისტების შენარჩუნება.

უფრო ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სახელმწიფო უწყებები სრულად უზრუნველყოფენ წესრიგსა და უსაფრთხოებას ქვეყანაში, „რათა დედაქალაქის სტუმრები, უცხოელი ჟურნალისტები და ტურისტები, მათ შორის რუსეთიდან, საფრთხის წინაშე არ დადგნენ“.

ტურისტების ნაკადის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა ასევე ქვეყნის პრემიერმა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს საგარეო სამინისტრო: ჩვენ უკვე გარანტიას ვიძლევით>>

„როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, ჩვენ თითოეული მოქალაქის ეკონომიკურ ინტერესებს დავიცავთ. განსაკუთრებით ვსაუბრობთ იმ სექტორის შესახებ, რომელიც შეიძლება დაზარალდეს რუსი ტურისტების რაოდენობის შემცირების გამო. ჩვენი მიზანია - დავიცვათ თითოეული მოქალაქის ეკონომიკური ინტერესები და შემოსავალი“, - განაცხადა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე.

შესაძლო დანაკარგები

კონსალტინგური კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2019 წლის მეორე ნახევარში რუსი ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საშუალოდ 47%-ით შემცირდება.

„მთლიანობაში, ტურიზმიდან შემოსავლების დანაკარგს 200 მილიონი დოლარის ოდენობით ვპროგნოზირებთ“, – ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.

Galt & Taggart–ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ტურიზმიდან წლიური შემოსავალი მოსალოდნელი 3,6 მილიარდის ნაცვლად 3,4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ამავდროულად კომპანია ვარაუდობს, რომ ქართული ღვინის შეტანაზე რუსული ემბარგოს აღდგენის შემთხვევაში საქართველო 58 მილიონ დოლარს დაკარგავს.

აშშ დოლარისა და ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
ლარმა ანტირეკორდი დაამყარა – რა იქნება მომავალში?

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველადი გათვლებით, რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შემცირების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე წლის დარჩენილ პერიოდში დაახლოებით 200-300 მლნ აშშ დოლარამდე იქნება.

„ეს საგარეო შოკი აისახება საგადამხდელო ბალანსზე და, შესაბამისად, კურსზეც“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ეროვნული ბანკი: რა გავლენა ექნება ტურისტების ნაკადის შემცირებას ქვეყნის ეკონომიკაზე>>

თბილისის ცენტრში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მეცხრე დღეა იმართება. 20–21 ივნისის საპროტესტო აქციის დარბევის ღამეს 240 ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი დაშავდა. პოლიციამ 300-ზე მეტი ადამიანი დააკავა, რომელთაგან ამ დროისათვის პატიმრობაში სამი რჩება.

 

ყველა ახალი ამბავი
0