თბილისი, 20 მარტი - Sputnik. რუსული ავიაკომპანია S7 Airlines 5 ივნისიდან ნოვოსიბისკიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას დაიწყებს, ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე.
ახალი ქართული ავიაკომპანია მოსკოვში ფრენებს განახორციელებს >>
ფრენები კვირაში ერთხელ ოთხშაბათობით შესრულდება. ნოვოსიბირსკის აეროპორტ „ტოლმაჩოვოდოან“ გამოფრენა - 10:20 საათზე, ბათუმში თვითმფრინავი 12:30 საათზე ჩაფრინდება. საპირისპირო მიმართულებით რეისი 13:30 საათზე გამოფრინდება და ნოვოსიბირსკში 21:10 საათზე დაეშვება.
„ფრენები საქართველოს მიმართულებით ნოვოსიბისკის მგზავრებს შორის ტრადიციულად დიდი მოთხოვნით სარგებლობს. მოხარულები ვართ ამ სეზონზე მოგზაურებს შევთავაზოთ ახალი მიმართულება ამ სტუმართმოყვარულ ქვეყანაში - საკურორტო ქალაქი ბათუმი შავი ზღვის სანაპიროზე“, - განაცხადა იგორ ვერეტენიკოვმა, S7 Group-ის კომერციულმა დირექტორმა.
ბათუმი შესანიშნავია ოჯახური დასვენებისთვის, ბათუმის გრძელ ბულვარზე სეირნობასთან ერთად აღსანიშნავია ექსკურსიები ქალაქის ისტორიულ ნაწილში და მეზობელ რეგიონებში, ასევე ნამდვილი აჭარული ხაჭაპურები, აღნიშნა მან.
დღეისათვის პირდაპირ რეგულარულ რეისებს საქართველოს და რუსეთის ქალაქებს შორის ასრულებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და რუსული ავიაკომპანიები „აეროფლოტი“, „პობედა", S7 Airlines, „ურალის ავიახაზები“.
2018 წელს საქართველოში რეგულარულ ავიარეისებს 58 ავიაკომპანია ასრულებდა, რაც 2017 წელთან შედარებით 9,4%-ით მეტია. მთლიანობაში, საქართველოს აეროპორტები გასულ წელს 5 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც 2017 წელთან შედარებით 23,6%-ით მეტია.