თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მადრიდის 39-ე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა FITUR 2019 ესპანეთის მეფე ფილიპე VI და დედოფალ ლეტისიასთან ერთად გახსნა, იუწყება პირველი არხი.
მსოფლიო ტურისტული ორგანიზაცია საქართველოში ინოვაციურ პროექტებს განახორციელებს >>
ყოველწლიურ გამოფენაში, რომელიც 23-27 იანვარს მიმდინარეობს, საქართველოდან 14 კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს, მათ შორის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.
მადრიდის საერთაშორისო გამოფენა FITUR - მსოფლიო ტურისტული ინდუსტრიის პროფესიონალთა შეხვედრის ადგილია. ეს შესანიშნავი მოედანია კომერციული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების გასაფორმებლად. ღონისძიების სტუმრებს დაუვიწყარი დასვენებისთვის სასურველი ტურისტული მიმართულების შერჩევა შეუძლიათ.
ბოლო წლებში გამოფენის პროგრამას შეემატა ისეთი ახალი მიმართულებები, როგორიცაა FITUR-შოპინგი; FITUR-ჯანმრთელობა; ასევე Fiturtech, სადაც ბოლო ტექნოლოგიური მიღწევებია წარმოდგენილი; Fiturgreen, რომელიც სასტუმრო და ტურისტულ სექტორში ენერგიის ეკონომიის მეშვეობით მდგრადი განვითარების პრობლემებს ეძღვნება და სხვ.
ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის გენერალურ მდივნად 2017 წლის სექტემბერში ერთხმად აირჩიეს.