ანაკლია GEM Fest-ის გარეშე: კონცერტების ჩატარებას Black Sea Arena-ს გუნდი ითავებს

© Sputnik / Levan Avlabreliგანმუხური
განმუხური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანაკლიაში ფესტივალ GEM Fest-ის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თუმცა ხელისუფლება დატვირთულ პროგრამაზე საუბრობს - ორგანიზაციას Black Sea Arena-ს მენეჯმენტის ჯგუფი ითავებს

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ამ ზაფხულს ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონაში კონცერტების ორგანიზება საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ს მენეჯმენტის ჯგუფს მიანდეს, ამის შესახებ პრესკონფერენციაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ განაცხადა, იუწყება გუბერნატორის ადმინისტრაცია.

„წლევანდელი სეზონი უნდა იყოს მაქსიმალურად დატვირთული, არამხოლოდ ერთი მიმართულებით, არამედ ეს უნდა იყოს ყველასთვის საინტერესო დასასვენებელი ადგილი. ანაკლიაში წელს ელექტრონული მუსიკის „უიქენდებთან“ ერთად, სხვადასხვა სახის გასართობი და სპორტული ღონისძიებები გაიმართება“, — განაცხადა გუბერნატორმა.

Инфраструктурные работы в Уреки - Sputnik საქართველო
ანაკლიასა და ურეკში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა შენდება

მან ასევე აღნიშნა, რომ ტურისტული სეზონისთვის საოჯახო ტიპის სასტუმროები მზად არიან. სასტუმროების პერსონალმა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები არასამთავრობო ორგანიზაცია USAID-თან თანამშრომლობით გაიარა.

პრესკონფერენციას, რომელიც ტურისტული სეზონის დაწყებას მიეძღვნა, Black Sea Arena-ს დირექტორი ანი კავლელიშვილი ესწრებოდა. მისი თქმით, სამეგრელო — სამთავრობო პროექტ Check in Georgia-სთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული რეგიონია.

„ანაკლია-განმუხურის ტერიტორია უდიდეს პოტენციალს ატარებს, რათა ტურისტულად საინტერესო და მიმზიდველი გახადოს საქართველო. სწორედ ამიტომ Black Sea Arena-ს მენეჯმენტი პროფესიონალების გუნდთან ერთად მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ანაკლიაში 2018 წლის ზაფხული საინტერესო და მიმზიდველი გახდეს“, — განაცხადა ანი კავლელიშვილმა.

მოსამართლის ჩაქუჩი რაიონულ სასამართლოში - Sputnik საქართველო
GEM Fest-ის ორგანიზატორების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

მან შეკრებილებს შეახსენა ინიციატივის შესახებ, რომელიც საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გაახმოვანა. ასე, 2019 წელს გამოცხადდება რეგიონის მხარდამჭერი მრავალწლიანი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ანაკლიაში ახალი მასშტაბური ფესტივალის დაარსებას შეუწყობს ხელს.

ანაკლიაში წელს ჩატარდება ფესტივალი „ანაკლიობა", რომელიც კულტურულ-გასართობ და ბიზნეს-ღონისძიებებს მოიცავს. ფესტივალის ორგანიზატორია რეგიონის ხელისუფლება პროექტ ZRDA-ს ფარგლებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

რაც შეეხება ანაკლიისთვის ტრადიციულ ფესტივალ GEM Fest 2018-ს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ღონისძიების ორგანიზატორებს ტერიტორიის დაქირავებაზე უარი უთხრა. 

ღონისძიების ორგანიზატორთა თქმით, ფესტივალის ბილეთების ძირითადი ნაწილი უკვე გაყიდულია.

სახელმწიფოს მხრიდან მიღებული უარის შემდეგ ფესტივალის ორგანიზატორები აუდიტორიას შეპირდნენ, რომ ფესტივალი მაინც შედგება, თუმცა უკვე კერძო ტერიტორიაზე. ფესტივალის ჩატარება 9-12 აგვისტოსთვის იგეგმება.


ყველა ახალი ამბავი
0