თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ავიაგადამზიდავი Georgian Airways 25 მარტიდან ევროპის, რუსეთისა და უკრაინის მიმართულებით 11 ახალ რეისს ამატებს, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" ავიაკომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მარიამ კარენაშვილმა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას შესაბამისი ნებართვა უკვე მისცა.
„25 მარტიდან ვხსნით 11 ახალ რეისს სხვადასხვა მიმართულებით: ბრიუსელი, ბერლინი, ბოლონია, ბრატისლავა, პარიზი, ბარსელონა, კელნი, ხარკოვი, ყაზანი, ათენი და სალონიკი. ყველაზე მოსახერხებელი ისაა, რომ ეს პირდაპირი რეისები იქნება. გაზაფხულზე ბილეთები საკმაოდ იაფია", — განაცხადა კარენაშვილმა.
მისი თქმით, რეისები დღისით შესრულდება, რადგან ღამის ფრენები მგზავრებს დისკომფორტს უქმნის.
„აღვნიშნავ, რომ ქართველი სტუდენტებისთვის სტუდენტური ID-ბარათებით ლონდონის მიმართულებით ფასდაკლება მოქმედებს", — დაამატა კარენაშვილმა.
ჩამოთვლილი მიმართულებებით რეისები განხორციელდება კვირაში ორჯერ, ხოლო ბერლინში — სამჯერ — ორშაბათობით, ოთხშაბათობითა და პარასკეობით.
ავიაკომპანია Airzena 1993 წელს შეიქმნა. თავიდან ის ჩარტერულ რეისებს ასრულებდა რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, იტალიის, ეგვიპტის, ინდოეთის, ხოლო რეგულარულ ავიარეისებს ავსტრიის მიმართულებით. 1999 წელს კი ავიაკომპანია საქართველოს ეროვნული გადამზიდავი გახდა.
2004 წელს ავიაკომპანიას Georgian Airways — „საქართველოს ავიახაზები" ეწოდა, თუმცა, დასახელება Airzena მოკლე საფირმო ნიშნის სახით დღემდე ფართოდ გამოიყენება.