ლაგოდეხის ნაკრძალის ყველაზე პატარა სტუმარი შვიდი თვის გოგონა გახდა

© courtesy of Lagodekhi Protected Areasლაგოდეხი
ლაგოდეხი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანიიდან ჩამოსულმა ოჯახურმა წყვილმა გადაწყვიტა, თავის გოგონას საქართველოს, მათ შორის, ძნელად დასაპყრობი ღირსშესანიშნაობები აჩვენოს.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. შვიდი თვის იდა მეკლერმა მშობლებთან ერთად ლაგოდეხის ნაკრძალის ერთ-ერთი ყველაზე რთული საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი გადალახა, აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე „მთის ამბები“.

ოჯახურმა წყვილმა გერმანიიდან საქართველოში მოგზაურობა და თავისი პატარა გოგონასთვის ულამაზესი და უნიკალური ადგილების ჩვენება გადაწყვიტა. მეკლერების ოჯახმა ზღვის დონიდან 2,8 ათას მეტრ სიმაღლეზე მდებარე ადგილი ივლისში დალაშქრა.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორის გიორგი სულამანაძის განცხადებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში შავი კლდეების ტბის მარშრუტზე რეგისტრირებულ ვიზიტორებს შორის იდა ყველაზე პატარაა. შავი კლდეების ტბის მარშრუტზე გავლას ფეხით 3, ცხენით კი 2 დღე სჭირდება.

მარტვილის კანიონი - Sputnik საქართველო
ტურისტები კმაყოფილები არიან დაცული ტერიტორიების სტუმრობით

შავი კლდეების ტბის მარშრუტი ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული ბილიკია კავკასიაში. ბილიკი ხელუხლებელ ბუნებაში გადის, ზემოდან ალაზნის ველის ხედი იშლება, თავზე კი შავი კლდეების ტბაა, რომლის ნახევარი საქართველოს საზღვრებშია, მეორე ნახევარი კი დაღესტნის მხარეს.

შავი კლდეების ტბას 2017 წლის დასაწყისიდან 2000–მდე ვიზიტორი ესტუმრა. ამჟამად ამ მიდამოებში თოვლის საფარი 40 სანტიმეტრს აღწევს, თუმცა იქ ვიზიტორები მაინც ადიან.

ბილიკზე ორი ტურისტული თავშესაფარია, სადაც ცოტა ხნის წინ მზის ფოტოელექტრული სისტემები დამონტაჟდა და პირველად გახდა შესაძლებელი მობილური ტელეფონების, ფანრების, ფოტოაპარატებისა და სხვა მოწყობილობების დამუხტვა.

ლაგოდეხის ნაკრძალი ყველაზე დიდი და ძველი ნაკრძალია კავკასიაში, რომელიც ჯერ კიდევ 1912 წელს დაარსდა.

მისი საერთო ფართობი 24 258 ჰექტარს შეადგენს. ამ ნაკრძალში საქართველოში გავრცელებულ მცენარეთა სახეობების თითქმის 2/3-ის ნახვაა შესაძლებელი. ნაკრძალში ყვავილოვან მცენარეთა 1500-მდე სახეობაა.

ნაკრძალის ტერიტორიაზე სამი მდინარე მიედინება – შრომისხევი, მაწიმისწყალი და ლაგოდეხისწყალი. აქ ბევრი ჩანჩქერი და მყინვარული წარმოშობის რამდენიმე მთის ტბაა.

ნაკრძალი იუნესკოს მსოფლიო მნიშვნელობის ბუნების ძეგლთა სიაშია შეტანილი.

ყველა ახალი ამბავი
0