13:53 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
ექიმი გირჩევთ (160)
21710

ექიმი ასახელებს რამდენიმე სახეობის თესლეულს, რომლებიც განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, მათ შორის, მამაკაცურ პოტენციაზე.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. სხვადასხვა მცენარის თესლეული კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ადამიანის სექსუალურ შესაძლებლობებზე და ამასთან აღკვეთს დემენციის განვითარებას, აცხადებს დიეტოლოგი და გასტროენტეროლოგი ალინა ბუდაკოვსკაია.

სპეციალისტი უპირველესად გოგრის თესლზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ის შეიცავს თუთიას, რომელიც თავის მხრივ მამაკაცური ჰორმონის, ტესტოსტერონის გამომუშავებაში მონაწილეობს. ამიტომაც ის უბრალოდ აუცილებელია მამაკაცური პოტენციისთვის.

რაც შეეხება ქალებს, თუთიის შემცველი პროდუქტები მათ შესანიშნავ დახმარებას გაუწევს თმებისა და ფრჩხილების ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნებაში.

ამასთან ექიმი ხაზს უსვამს, რომ გოგრის თესლი ქალების შემთხვევაში არანაირად არ უწყობს ხელს მამაკაცური ჰორმონების წარმოქმნას და ნეგატიურად არ მოქმედებს მათ ლიბიდოზე — ორგანიზმის სხვაგვარი მოწყობის გამო ქალებში ის პირდაპირ თმებისა და ფრჩხილებისკენ მიემართება.

სპეციალისტი ამბობს, რომ გოგრის თესლი შეგიძლიათ ყოველდღე მიირთვათ — როგორც ცალკე, ისე კერძებში, მაგალითად, დაუმატოთ ის სალათებსა თუ უკვე მომზადებულ წვნიანებს. მთავარია, რომ თერმულად არ დაამუშაოთ (არც მოხალოთ და არც მოხარშოთ).

დიეტოლოგი განმარტავს, რომ მზესუმზირა ასევე ფრიად სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ის შეიცავს Е ვიტამინს — უძლიერეს ანტიოქსიდანტს, რომელიც ორგანიზმის დაბერებას აჩერებს — როგორც გარეგნულ, ისე შინაგან დაბერებასაც. 100 გრამ მზესუმზირაში Е ვიტამინის სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 200%-ზე მეტი შედის. თუმცა ეს არანაირ ვნებას არ აყენებს ორგანიზმს — ის საკმაოდ მალე „იხარჯება“ და ამასთან, ასაკის მატებასთან ერთად, იზრდება ორგანიზმის Е ვიტამინზე მოთხოვნილებაც.

და მაინც, ყველაზე გამორჩეული თესლეულს შორის მაინც ჩიას თესლია, რომელშიც ლამის მთელი მენდელეევის ტაბულა შედის. თუმცა ყველაზე დიდი რაოდენობით მაინც მანგანუმს შეიცავს, რომელიც ადამიანს სტრესებთან ბრძოლაშიც ეხმარება და ადრეულ ასაკში გულ-სისხლძარღვთა დაავადების — ბრადიკარდიისა და ტაქიკარდიის რისკებსაც აღმოფხვრის.  

ექიმის თქმით, ჩიას თესლის მიღება განსაკუთრებით რეკომენდებულია ცხელ ამინდებში.

სეზამის მარცვლები, ყველა დანარჩენისგან განსხვავებით, შეგიძლიათ უმადაც მიირთვათ და მოხალოთ კიდეც. ბუდაკოვსკაიას თქმით, თერმული დამუშავებისას სეზამის სასარგებლო თვისებები არ იკარგება.

სეზამი შეიცავს ორ ისეთ ნივთიერებას, რომლებიც მეტად აქტუალურია ადამიანის ორგანიზმისთვის — ესენია სპილენძი და კალციუმი. აქედან პირველი მელატონინის გამომუშავებასა და თმის ფერის შენარჩუნებას უწყობს ხელს და ამასთან აღკვეთს თმების ცვენას, ხოლო მეორე — კალციუმი აუცილებელია ადამიანის ჩონჩხისთვის, ვინაიდან ძვლების გამაგრებას უწყობს ხელს. შესაბამისად, ის განსაკუთრებით სასარგებლოა ოსტეოპოროზით დაავადებული ასაკოვანი ადამიანებისთვის, ბავშვებისთვის, რომლებიც გამუდმებით იზრდებიან და კალციუმის დიდი რაოდენობა ესაჭიროებათ, და ასევე ორსული ქალებისთვის, რათა ბავშვის ჯანმრთელობას თავიდანვე ჩაუყარონ მტკიცე საფუძველი.

და, ბოლოს, სელის თესლი. სპეციალისტის თქმით, წარსულში ექიმები გასტრიტს სელის თესლის ნახარშით მკურნალობდნენ. საქმე ისაა, რომ დასველებისას სელის თესლში გამოიყოფა კისელის კონსისტენციის მქონე ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს კუჭის მჟავიანობის დაწევას და გარს ეკვრის ლორწოვანას.

შესაბამისად, თუ ადამიანი ქრონიკული გასტრიტით ამ გასტროდუოდენიტით არის დაავადებული, ან შეკრულობა აწუხებს, მისთვის სელის თესლი პირდაპირ მისწრებაა.

თემები:
ექიმი გირჩევთ (160)

მთავარი თემები