როგორ დავეხმაროთ ბავშვს სიზარმაცის დაძლევაში – ცნობილი ფსიქოლოგის რჩევები

© photo: Pixabay / 4144132მამა-შვილი
მამა-შვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
გამოწერა
ბავშვების სიზარმაცეს პრობლემად აღიქვამენ მშობლები. როგორ უნდა დავეხმაროთ შვილებს, დაძლიონ სიზარმაცე? – გვესაუბრა საკონსულტაციო ცენტრ „იდილიას“ ფსიქოლოგი, გეშტალტთერაპევტი, კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის წარმომადგენელი ბარბარე ჭკუასელი.
© FB / Idly - psychological consulting diagnostic centerბარბარე ჭკუასელი
როგორ დავეხმაროთ ბავშვს სიზარმაცის დაძლევაში – ცნობილი ფსიქოლოგის რჩევები - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
ბარბარე ჭკუასელი

— სიზარმაცის თემა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებთან მიმართებაში. ეს განსაკუთრებით სენსიტიურია მშობლებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ უნდა მიიღონ რჩევები კომპეტენტური ადამიანებისგან, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ მათ ამ პრობლემის მოგვარებაში.

თავდაპირველად ჯობს განვმარტოთ – რას ნიშნავს სიზარმაცე. სიზარმაცე, როგორც ასეთი, ბუნებაში არ არსებობს, ეს არის მოტივაციის ნაკლებობა, რომელიც ამა თუ იმ მიზეზით აქვს ხოლმე ბავშვს. როცა ვლაპარაკობთ სიზარმაცეზე, აქ შეიძლება ხაზი გავუსვათ არაორგანიზებულობას, რომელიც კავშირშია ხოლმე სიზარმაცესთან და ის უკვე ქმნის პრობლემებს ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან, მასწავლებლებთან და ა.შ. როცა ვსაუბრობთ სიზარმაცეზე, მნიშვნელოვანია, რა ასაკს ვეხებით, რადგან სხვანაირად შეიძლება ვისაუბროთ და განვმარტოთ, რას ნიშნავს მოტივაციის ნაკლებობა, როდესაც ბავშვი არის მოზარდი, ხოლო როცა ვსაუბრობთ სკოლამდელი ასაკის ბავშვზე ან დაწყებითი კლასების ბავშვზე, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ყოველთვის განსხვავებულია.

გაბუტული ბავშვი - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2017
4 რჩევა ჭირვეული ბავშვების მშობლებს — როგორ მოვიქცეთ

– სკოლამდელი და დაწყებითი კლასის ბავშვებში რა შეიძლება გახდეს მოტივაციის ნაკლებობის გამომწვევი მიზეზი?

— ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა დამოკიდებულება აქვს მეცადინეობის და, ზოგადად, სკოლის მიმართ მშობელს და რა წარმოდგენას უქმნის იგი ბავშვს. მაგალითად, თუ მშობლების მხრიდან აქვს მუქარას ადგილი და ბავშვს ეუბნებიან — სკოლაში რომ წახვალ, დამთავრება შენი თამაში, გართობა, აღარ გექნება თავისუფალი დრო, რათა შენ ნებაზე ითამაშო, ამ დროს ბავშვს ექმნება უარყოფითი დამოკიდებულება სკოლისა და მეცადინეობის მიმართ. ამ დროს ის აკეთებს თავის დასკვნებს, რის გამოც შესაძლოა აღარ მოუნდეს სკოლაში სიარული, მეცადინეობა და ა.შ.

დიდი მნიშვნელობა აქვს, სკოლასთან და სწავლასთან დაკავშირებით მშობელმა სწორი ინფორმაცია მიაწოდოს ბავშვს.

ეპიდემიოლოგები - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2017
გაშიფრულია „იდუმალი დაავადება“, რომელმაც ასობით ბავშვი იმსხვერპლა

მოტივაციის ნაკლებობის გამომწვევი მიზეზი ასევე შეიძლება იყოს გადატვირთული გრაფიკი, რაც დღეს ძალიან ხშირად გვხვდება. ხშირად, სკოლის გარდა, ბავშვობიდანვე დაგვყავს შვილები სხვადასხვა წრეებზე. რეალურად მოთხოვნები გვაქვს უფრო მეტი, ვიდრე ამ ასაკის ბავშვს შეუძლია. ბუნებრივია, მას უკვე ძალა აღარ ჰყოფნის დაძლიოს ყველაფერი. აღარ აქვს მოტივაცია იმისა, რომ მთელი დღის დაღლილმა საღამოს იმეცადინოს და მეორე დღეს წავიდეს სკოლაში მომზადებული.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხშირად მშობლები შვილებს შეცდომის დაშვების უფლებას არ აძლევენ. თუ მშობელს აქვს პერფექციონიზმისკენ მიდრეკილება, მას საკუთარი თავისა და ბავშვის მიმართ აქვს ძალიან დიდი მოთხოვნები. რეალურად მოთხოვნები, რომლებსაც ამ დროს უყენებენ მშობლები ბავშვებს, არ შეესაბამება მის ასაკს. შესაბამისად, ბავშვს ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება არ შეუძლია, ამიტომ ეწყება შფოთვა, ნერვიულობა, დაძაბულობა. ექმნება განწყობა, რომ ვერ დააკმაყოფილებს მშობლის მოთხოვნებს. როცა მშობელი, რომელიც დაწყებით კლასში მყოფ ბავშვს სთხოვს, რომ არ შეეშალოს არც ერთი ასო, არც ერთი ციფრი, არ აძლევს არანაირი შეცდომის დაშვების უფლებას, ბავშვისთვის ეს არის ძალიან რთული, რადგან ეს დაკავშირებულია ძალიან დიდ შიშთან და შფოთთან.

© Flickr / Chris & Karen Highland / consumer confidence!თავდაჯერებული ბავშვი
როგორ დავეხმაროთ ბავშვს სიზარმაცის დაძლევაში – ცნობილი ფსიქოლოგის რჩევები - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
თავდაჯერებული ბავშვი

ამის შემდეგ ბავშვს უჭირს ურთიერთობა მშობელთან. აქედან გამომდინარე ლოგიკურად ვავლებთ ხაზს, რომ ბავშვს აღარ უნდა არც მეცადინეობა და არც სკოლაში წასვლა. ის ამ ყველაფერს უყურებს რთულად.

ამ თემას უკავშირდება შეფასების თემა, რომელიც ხშირად მოდის მშობლის მხრიდან. თუ ბავშვს არ გამოსდის თავიდანვე კარგად წერა, ხოლო მშობლის მიერ შეფასებები არის ნეგატიური, ასეთი სახის შეფასებები მეცადინეობის და სწავლის პროცესს ძალიან ართულებს. თუ ბავშვს არ გამოსდის თავიდანვე ლამაზად წერა, აუცილებელია წავახალისოთ, ვუთხრათ, არა უშავს, შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს შეცდომის დაშვების უფლება, უბრალოდ, როცა შემდეგში კიდევ დავწერთ, ვეცადოთ უკეთესად გამოგვივიდეს. ეს მშობლის მხრიდან იქნება ძალიან სწორი და ადეკვატური დამოკიდებულება.

ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტორი – ეს არის უინტერესობა. ბოლო პერიოდში მომრავლებულია გაჯეტები, ფილმები, ვიდეოები, თამაშები, რომლებიც ძალიან იზიდავს ბავშვებს. თამაშის დროს როცა მშობელი სთხოვს ბავშვს, თავი დაანებოს გართობას და იმეცადინოს, ბუნებრივია, ამის შემდეგ მას არ ექნება მეცადინეობის სურვილი. უნდა შევეცადოთ ცოტა ხნით დავაშოროთ მაცდუნებელ გასართობებს ბავშვები. ვუთხრათ, რომ დაასრულოს თამაში ან ფილმის ყურება, ცოტა შეისვენოს და შემდეგ დაიწყოს მეცადინეობა. ეს შეამსუბუქებს თამაშიდან მისი მოწყვეტის პროცესს, რაც ხშირად ძალიან მტკივნეულია მათთვის.

შვედი საბავშვო მწერალი ასტრიდ ლინდგრენი - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2017
ბავშვის დასჯა, ქვა თაროზე და ასტრიდ ლინდგრენის სიტყვა, რომელმაც კანონი შეცვალა

– იქნებ უფრო დეტალურად აგვიხსნათ, რა შეიძლება მოიმოქმედოს მშობელმა იმისთვის, რომ შეამსუბუქოს ეს პროცესი, რომ არც მისთვის იყო მტკივნეული და არც ბავშვისთვის?

— როცა რაიმეს ვუთითებთ ან ვავალებთ ბავშვს, ძალიან მნიშვნელოვანია, რა ინტონაციით ვეუბნებით ამას. მოვუწოდებ მშობლებს, ბავშვებს მისცენ კონკრეტული დავალებები. როცა მშობლის ფრაზა არის ზოგადი, მაგალითად, ასეთი, „გეყო ამდენი ბოდიალი და გააკეთე რამე“, ეს არასწორია. მნიშვნელოვანია ბავშვს მივცეთ კონკრეტული დავალებები, მაგალითად, სთხოვეთ დაალაგოს თავისი საწერი მაგიდა. ეს არის კონკრეტული დავალება, რომელსაც ბავშვი სწორად აღიქვამს. როგორც უკვე გითხარით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტონალობას და ინტონაციას. აღსანიშნავია ბავშვის რიტმი, რომელიც ხშირად არ ემთხვევა ხოლმე მშობლის რიტმს. მშობელი, რა თქმა უნდა, უფრო სწრაფად აკეთებს ყველაფერს, ვიდრე შვილი. ხშირად მშობლები დავალების შესრულებას ძალიან სწრაფად და ხარისხიანად სთხოვენ შვილებს. რაც არ არის სწორი მიდგომა. ამ ყველაფერს შემდეგ მოსდევს მშობლის მხრიდან უკმაყოფილება. ბავშვს თუ შეცდომები მოსდის, ეს მას უნდა ავუხსნათ ისე, რომ სწორად გაიგოს რა შეიძლება მოჰყვეს მის ქცევას. ბავშვებს ხშირად ვეუბნებით მკაცრი ტონით, „მეხუთედ გეუბნები, აიღე შენი ტანსაცმელი და ჩადე სარეცხ ყუთში!“ ამის ნაცვლად ჯობს ვუთხრათ, მე თანაგიგრძნობ, რომ შენ აღარ დაგრჩა სუფთა ტანსაცმელი. ასე არ მოხდებოდა, თავის დროზე რომ ჩაგელაგებინა ყუთში ჭუჭყიანი ტანსაცმელი. ანუ, ერთი და იმავე შინაარსის ტექსტი შესაძლოა სხვადასხვანაირად მივაწოდოთ ბავშვს.

ბავშვზე დადებითად მოქმედებს, როცა აღვნიშნავთ მის პროგრესს. თუ ბავშვმა საკუთარი ინიციატივით მიალაგა მაგიდა, შეასრულა დავალებები, აუცილებელია ეს ფაქტი აღვნიშნოთ, შევაქოთ და ვუთხრათ, რომ გვიხარია მისი საქციელი და მონდომება. აქვე აღსანიშნავია დაჯილდოება, რაც პირდაპირ კავშირშია შემართებასთან, მშობლების და შვილების ურთიერთობასთან. კარგი საქციელისთვის ჯილდოს მიღების შემდეგ ბავშვი კიდევ ეცდება ასიამოვნოს მშობელი.

მარია მონტესორი - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2016
თუ ბავშვს ხშირად... მარია მონტესორის 19 მცნება მშობლებს

– მოზარდების შემთხვევაში რა პრობლემებს ვაწყდებით?

— თინეიჯერობის ასაკში მოტივაციის ნაკლებობა არის ძალიან ბუნებრივი. თუ პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ბავშვი მოტივირებულია შეიძინოს ცოდნა, მიიღოს განათლება, იმეცადინოს და ა.შ., თინეიჯერობის ასაკში, 12 წლიდან ზემოთ იწყება ძალიან რთული, კრიზისული პერიოდი. ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის მხრიდან გააზრება იმისა, რომ ამ ეტაპზე ბავშვისთვის სწავლა არ არის პრიორიტეტული. ამ დროს მისთვის მნიშვნელოვანია ადამიანებთან ურთიერთობები და სხვა ყველაფერი, რაზეც დამოკიდებულია მისი საზოგადოებაში ადაპტაცია და თავის დამკვიდრება მეგობრებში. ამიტომ სწავლის მომენტი ხშირად ჩავარდნილია ამ პერიოდში. ბუნებრივია, ეს უნდა მივიღოთ როგორც ჩვეულებრივი მოვლენა და ძალიან მძიმედ არ უნდა გადაიტანოს მშობელმა. ბავშვებს ძალიან მძიმედ გადააქვთ, როცა მათ მშობელი მხოლოდ სწავლის მიხედვით აფასებს. თუ ბავშვი ვერ, ან არ სწავლობს კარგად, მშობელს მის მიმართ აქვს უარყოფითი დამოკიდებულება, ხოლო თუ ბავშვი კარგად სწავლობს, მის მიმართ აქვს კარგი დამოკიდებულება. მინდა აღვნიშნო, რომ სწავლის გარდა კიდევ ძალიან ბევრი რამ არის ბავშვის პიროვნებაში, რასაც უნდა გავუსვათ ხაზი და რის მიხედვითაც შეიძლება დავაჯილდოოთ ან არ დავაჯილდოოთ იგი.

ყველა ახალი ამბავი
0