16:06 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
224 0 0

ბოლო დროს მედიაში ბევრს საუბრობენ ბავშვებში გახშირებულ ფიზიკურ თუ სექსუალურ ძალადობაზე. ამ პროცესში მშობლის, სკოლის, სამართალდამცველების, სახელმწიფოს ჩართულობაზე, ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ფსიქოლოგიურ და იურიდიულ დახმარებაზე, კანონით გათვალისწინებულ ქმედებებზე.

თუმცა ამის მიუხედავად წლებია ეს პრობლემა პრობლემად რჩება და მათი მოგვარება ვერ ხერხდება.

ხშირია შემთხვევა, როცა ძალადობის დროს პოლიციის მხრიდან რეაგირება არაეფექტური, ან დაგვიანებულია. ქვეყანაში სოციალური მუშაკებისა რაოდენობა კი მინიმალურია. ამასთან, ოჯახების ნაწილს არ აქვს გაცნობიერებული პრობლემის არსი და ხშირად დამნაშავედ სწორედ ბავშვს მიიჩნევენ. რა უნდა იცოდეს მშობელმა ბავშვზე ძალადობის შესახებ, როგორ ამოიცნოს მოძალადე, პედოფილი და რა ზომებს მიმართოს, ამის შესახებ ბავშვთან ფსიქოლოგი მარიამ შოვნაძე გვესაუბრა.

მარიამ შოვნაძე
მარიამ შოვნაძე

- როგორ ამოიცნოს მშობელმა მოძალადე და პედოფილი. არ ვგულისხმობ ინტერნეტის საშუალებით განხორციელებულ ძალადობას, შანტაჟს, უცხო ადამიანების მხრიდან. როცა ოჯახში, ნათესავებში ან სამეზობლოში, ბავშვთან სიახლოვესაა მოძალადე...

- პირველ რიგში განვმარტავ, რომ პედოფილური აშლილობა გულისხმობს სექსუალურ ლტოლვას ბავშვების მიმართ, განურჩევლად სქესისა და ასაკისა. ვინ შეიძლება იყოს პედოფილი:

• ქალი ან კაცი;

• ნებისმიერი ასაკის, უფრო ხშირად 30 წელს ზევით ადამიანი;

• ოჯახის წევრი, ნათესავი, მეზობელი, მასწავლებელი ან პირი, რომელიც ბავშვის სანდოობითა და კეთილგანწყობით სარგებლობს.

როგორ ამოვიცნოთ პედოფილი.

• ის ცდილობს დიდი დრო გაატაროს ბავშვებთან, შესაძლოა მოხალისედაც კი დაიწყოს სიარული ბავშვების  გარემოცვაში (ბაღი, სკოლა, საზაფხულო ბანაკები და ა.შ.)

• სუბიექტი შესაძლოა იყენებდეს მატერიალურ რესურსს (ტკბილეული, სათამაშო და სხვა საჩუქრები) ბავშვის  ყურადღებისა და სანდოობის მოსაპოვებლად. იწყებს მასთან თავდაპირველად მარტივი საიდუმლოების გამოგონებას, სთხოვს არ გაანდოს მშობლებსაც კი  და ცდილობს გააჩინოს თანატოლის განცდა.

• ხშირად არღვევს ბავშვის პირად საზღვრებს და ცდილობს მასთან განმარტოებას.

• სუბიექტს შესაძლოა ჰყავდეს მეუღლე, მაგრამ არ ჰქონდეს სრულფასოვანი სექსუალური ურთიერთობა, ან ვერ ამყარებდეს.

• ამავდროულად შეიძლება იყოს არარეალიზებული პიროვნება ან პირიქით სანდო, წარმატებული ადამიანის სტატუსით სარგებლობდეს სოციუმში.          

- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი შვილთან ურთიერთობაში, რომ ბავშვი შანტაჟის და ძალადობის მსხვერპლია და რა ზომებს უნდა მიმართოს ამ დროს.

- ბავშვს ამ დროს აღენიშნება გამოკვეთილი მადის ცვლილება, უფრო ხშირად უმადობა. ძილის სირთულეები, მოზარდს  უჭირს ჩაძინება ან პირიქით, უჭირს გამოღვიძება. ასევე საყურადღებოა, სხეულის საზღვრების მაქსიმალური ჩაკეტვა, ან პირიქით გახსნა, არაბუნებრივი რეაქციები ინტიმური ეპიზოდების ან ფოტოების ნახვისას. ადამიანებისა და უშუალოდ  შეხების შიში, დაძაბულობა, მომატებული შფოთვა, სასწავლო პროცესში სირთულეები.

ასევე, შესაძლოა აღარ სურდეს  სკოლაში სიარული ან სახლიდან გასვლა, მოხდეს აკადემიური მოსწრებისა და ინტერესების ცვლილება.

ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მოზარდი თქვენთან გააზიარებს მასზე ძალადობის ეპიზოდს ან ისტორიას, არ განსაჯოთ, არ დაადანაშაულოთ რომ აქამდე არ გითხრათ ან რატომ არ გაუწია წინააღმდეგობა მოძალადეს. პირველ რიგში მოუსმინეთ, მიეცით საშუალება გააზიაროს ემოციები და მიიღოს თქვენგან ემოციური ხარდაჭერა. მან უნდა იცოდეს, რომ თქვენ მისი გჯერათ და მზად ხართ დაიცვათ მისი ფიზიკური, ემოციური უსაფრთხოება.

-  რა უნდა მოიმოქმედოს მშობელმა, როცა აღმოაჩენს, რომ მისი შვილი ძალადობის მსხვერპლია?

- ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ძალადობის მსხვერპლ და, განსაკუთრებით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთან მუშაობას.  მიაწოდეთ ინფორმაცია მომავალი  პროცესების შესახებ, მიმართეთ სამართალდამცავ სტრუქტურებს, სამედიცინო პერსონალსა და ფსიქოლოგს, ფსიქოთერაპევტს. დაიცავით კონფიდენციალობა, მაქსიმალურად ეცადეთ შემთხვევა არ გახდეს საჯარო განხილვის საკითხი.

- რა დაღი შეიძლება დაასვას ბავშვს ამ ფაქტმა და მისი რეაბილიტაცია როგორ ხდება?

- სექსუალური ძალადობის შედეგები შესაძლოა გამოვლინდეს იმავე პერიოდში და  ასევე ზრდასრულობის ასაკში. სექსუალური ძალადობის გამოცდილებამ შესაძლოა  გამოიწვიოს ემოციური, ქცევითი, ფსიქოსომატური და  სოციალური სირთულეები. ძალიან მნიშვნელოვანია დაუყონებლივ დაიწყოს რეაბილიტაციის პროცესი დროგორც მოზარდთან, ასევე ოჯახთან.

 

მთავარი თემები