10:07 08 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
მშობლები და შვილები (37)
17710

როგორც წესი, ბავშვების უმეტესობა სამეცადინოდ უხალისოდ ჯდება. ბევრ მშობელს ნერვების ფასად უჯდება, რომ შვილს ხელში სახელმძღვანელო ააღებინოს. ხშირად საქმე ისტერიკამდეც კი მიდის...

ეს პრობლემა ალბათ ახლა ყველაზე მწვავედ დგას — პანდემიასთან დაკავშირებით დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის გამო.

ამიტომ გადავწყვიტეთ მკითხველებს რუსი ფსიქოლოგის ეკატერინა მურაშოვას რჩევები შევთავაზოთ, რომელიც წიგნში „ჩვენ ყველანი ბავშვობიდან ვართ“ წერს, რომ მისი კლიენტების თითქმის მეოთხედი სწორედ ის მშობლები არიან, რომლებსაც შვილთან გამკლავება, ანუ სამეცადინოდ დასმა უჭირთ.

როგორც ირკვევა, ფსიქოლოგი მათ უპირველესად ბავშვის სამედიცინო ცნობას სთხოვს, რათა დაადგინოს, ხომ არ აქვს პატარა პაციენტს რაიმე ტიპის ნევროლოგიური დაავადება. შემდეგ კი იკვლევს:

  • რამდენად პატივმოყვარეა ბავშვი, ანუ განიცდის თუ არა დაბალ ნიშანს ან დაშვებულ შეცდომებს, თუ ეს მისთვის სულ ერთია;
  • ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ბავშვმა გაკვეთილები მოამზადოს (აღსანიშნავია, რომ იმ ოჯახებში, სადაც ეს საქმე „თვითდინებაზეა“ მიშვებული, დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემები არც არსებობს).

ამის შემდეგ ფსიქოლოგი მშობლებს ურჩევს:

გაავარჯიშებინეთ ბავშვს ნებისყოფა

თუ ბავშვს არაფერი ნევროლოგიური არ აწუხებს, ე.ი. ნებისყოფა აქვს სუსტი. ამიტომ მდგომარეობის გამოსასწორებლად მშობელს რაღაც პერიოდი შვილზე „მიბმა“ დასჭირდება. ზოგჯერ საკმარისია, რომ დედამ ან მამამ უბრალოდ სამეცადინოდ დამჯდარ შვილს თავზე, ე.წ. საქოჩრეზე ხელი დაადოს და ასე ეჭიროს, სანამ ბავშვი მეცადინეობას არ მორჩება. როგორც წესი, ასეთ მდგომარეობაში მცირე დავალებებს პატარები ოციოდე წუთში ართმევენ თავს.

გარკვეული პერიოდის შემდეგ ბავშვი თანდათან უნდა გადააჩვიოთ თავზე დგომას და დამოუკიდებლად მეცადინეობაზე გადაიყვანოთ. მაგალითად, პერიოდულად, ვთქვათ, თვეში ერთხელ უთხრათ ხოლმე: „შეძლებ, რომ უჩემოდ ისწავლო ლექსი? დავალება კი ერთად დავწეროთ“; „შეგიძლია თვითონ ამოხსნა მაგალითები? მერე კი ერთად შევამოწმოთ“ და ა.შ.

შესაძლოა პირველი ცდა წარუმატებელი აღმოჩნდეს, ამიტომ უთხარით ბავშვს, რომ ჯერ კიდევ არ არის საკმარისად „მომაგრებული“ და კიდევ ერთი თვე სჭირდება თქვენი თავზე დგომა.

ჩაატარეთ ექსპერიმენტი

თუ ბავშვი ჯანმრთელია და არც პატივმოყვარეობა აკლია, კარგი იქნება ექსპერიმენტის ჩატარება. ანუ, მიეცით ბავშვს დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება, ნახოს, რა შეუძლია თვითონ. არა უშავს, თუ რამდენჯერმე სკოლაში დაიგვიანებს, ან დაბალ ნიშნებს მიიღებს.

აქ მთავარი ისაა, რომ ეს ექსპერიმენტი ნიშნის მოსაგებად კი არ ტარდება („ნახე, რომ უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია?!“), არამედ ბავშვის შესაძლებლობების გამოსაკვლევად. შესაბამისად, წარუმატებლობის შემთხვევებში კი არ უნდა ეჩხუბოთ მას, არამედ უნდა უთხრათ: „ეს ჩემი ბრალია. ამაში თურმე ჩემი დახმარება გჭირდება და რა კარგია, რომ ეს გავარკვიეთ“.

გახსოვდეთ: არანაირი თეორიული „ხელშეკრულებები“ პატარა მოსწავლეებთან არ მუშაობს — მხოლოდ პრაქტიკა!

მოძებნეთ ალტერნატივა

თუ ბავშვს არც ნევროლოგიური აქვს რამე და არც პატივმოყვარეობა ჰყოფნის, მაშინ სკოლა „გვერდზე გაწიეთ“, ისწავლოს მან ისე, როგორც შეუძლია და აკეთოს ის, რაც მეტად აინტერესებს და გამოსდის კიდეც. თუ პატარა სადმე მეტად კომფორტულად იგრძნობს თავს და წარმატებულიც იქნება, ამით მისი თვითშეფასება აიწევს და პასუხისმგებლობის გრძნობაც მოემატება.

და, ბოლოს, როგორც ფსიქოლოგი ამბობს: თუ ბავშვს ნევროლოგიური დაავადება აწუხებს, ხოლო მშობელს — ამბიცია („უბნის სკოლა საჩვენო საქმე არ არის, რამე გამორჩეული გვინდა, მაგალითად, სკოლა გაძლიერებული უცხო ენებით“), აქ ბავშვს კი არა, უკვე მშობელს სჭირდება დახმარება.

თემები:
მშობლები და შვილები (37)

მთავარი თემები