06:36 22 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0064
  • 100 RUB4.4826
  • USD3.3010
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
ჯანმრთელობა და სილამაზე (81)
593 0 0

ზამთარში თმა, როგორც წესი, მშრალი, მტვრევადი და დაუმორჩილებელი ხდება, რაც დიდ დისკომფორტთან და უსიამოვნო შეგრძნებებთან არის დაკავშირებული. ტემპერატურისა და ჰაერის ტენიანობის ცვლილება ასუსტებს და ყოფს თმის ღერებს.

ვეცდებით შემოგთავაზოთ რამდენი რჩევა, რაც დაგეხმარებათ, რომ ზამთრის პერიოდში თმას სიჯანსაღე, სასურველი ელფერი და ბზინვარება შეუნარჩუნოთ.

დაარეგულირეთ წყლის ტემპერატურა

თმის დაბანამდე გააკონტროლეთ წყლის ტემპერატურა. წყალი უნდა იყოს თბილი. ცხელი წყალი უფრო მეტად აშრობს თმას და ხდის უფრო მტვრევადს. ჩამობანისას გამოიყენეთ ნელ-თბილი წყალი (გაზავებული). ტემპერატურის კონტრასტი გააუმჯობესებს თავის კანში სისხლის მიმოქცევას, ეს კი ეხმარება თმის ძირებს საკვების მიღებაში. არ დაივიწყოთ ბალზამი-კონდიციონერი, ის იცავს თმას გარემოს მავნე ზემოქმედებისგან და აუმჯობესებს თმის სტრუქტურას.

გამოიყენეთ შესაფერისი შამპუნი და კონდიციონერი

ის შამპუნი, რომელიც ზაფხულში ძალიან მოგწონდათ, შეიძლება ზამთრის პერიოდში დაზიანებულ თმას საერთოდ არ მოუხდეს, ამიტომაც შამპუნი სეზონურად უნდა ცვალოთ. უმჯობესია, თუ ზამთარში მშრალი და დაზიანებული თმისთვის განკუთვნილ შამპუნს გამოიყენებთ. ცივ ამინდში ძალიან კარგია კონდიციონერი, რომელსაც ჩამობანა არ სჭირდება. ერთი მხრივ, ეს დამატებით დაატენიანებს თმას, მეორე მხრივ კი ცხელი ჰაერით გაშრობისას ან უთოთი დახვევა-გასწორებისას თმა დაცული იქნება.

ხშირად მოიჭერით ბოლოები

როგორც აღვნიშნეთ, ზამთრის პერიოდში თმა იფიტება და ბოლოები იმტვრევა, ამიტომ უმჯობესია, თუ თვეში ერთხელ მაინც შეიმოკლებთ რამდენიმე სანტიმეტრით. ზაფხულობით რეკომენდებული ვადა რვა კვირაა.

უარი თქვით აგრესიულ საღებავებზე

შეღებვა ასუსტებს თმას, ამიტომ მოერიდეთ ზამთარში რეგულარულად თმის შეღებვას, განსაკუთრებით ეს ეხება მათ, ვინც თმის ე.წ. სუპრით გაღიავებას გეგმავს. შეგიძლიათ თმა შეიღებოთ ბუნებრივი საღებავი საშუალებებით, მაგალითად, ინით („ხნა“). მელირებაც და სხვადასხვა ქიმიური ექსპერიმენტები საკუთარ თმაზე გირჩევთ ზაფხულისთვის გადაიტანოთ.

ყურადღება მიაქციეთ კვებას

ძალიან მნიშვნელოვანია კვების რაციონი. ამ დროს კვება უნდა იყოს დაბალანსებული, მიიღეთ ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები. ყოველდღიურ მენიუში სასურველია იყოს თევზი, რძის პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული, ფაფები, თხილეული და ნაკლებცხიმიანი ხორცი. სწორი კვება ჯანმრთელობისა და სილამაზის გარანტია. განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როცა ორგანიზმს ბევრად მეტი ვიტამინიზებული და ჯანსაღი პროდუქტი სჭირდება.

გაიშრეთ თმა კარგად

არასოდეს გახვიდეთ გარეთ ნესტიანი თმით. დაბალ ტემპერატურაზე წყლის მოლეკულები იყინება, რაც ძალიან აზიანებს თმის სტრუქტურას და თმა უსიცოცხლო, უფერული და მტვრევადი ხდება. გაშრობისას ეცადეთ მინიმუმამდე დაიყვანოთ ფენის და თმის უთოს ხმარება, ან გამოიყენეთ სპეციალური დამცავი საშუალებები.

აუცილებლად გამოიყენეთ ქუდი

ტემპერატურის მოულოდნელი ცვალებადობა თავიდან რომ აიცილოთ, თბილი ოთახიდან ქუჩაში გასვლისას ქუდის დახურვას თავს ნუ აარიდებთ. მიუხედავად იმისა, რომ ქუდი ხშირად ვარცხნილობას აფუჭებს, ის მაინც აუცილებელია. ყინვაში თმის ძირებს სისხლი სათანადოდ არ მიეწოდება და მკვებავი ნივთიერებებით საკმარისად ვერ ამარაგებს, ამიტომ თმა უფრო მეტად შიმშილობს და ცვენას იწყებს. სწორად ამისგან გვიცავს ქუდი. ოღონდ თბილ ოთახში შესვლისას მისი მოხდა არ დაგავიწყდეთ, რომ თავის კანი არ გაოფლიანდეს.

ჯანმრთელობას და სილამაზეს გისურვებთ!

 

თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე (81)

მთავარი თემები