20:47 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (447)
47520

ცნობილი ნევროლოგი ასახელებს მიზეზებს, რის გამო შეიძლება გაჩნდეს თავში დაბუჟების შეგრძნება, და საგანგაშო სიმპტომებს აკონკრეტებს.

თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. ადამიანები მიეჩვივნენ იმ ფაქტს, რომ ხელები და ფეხები უბუჟდებათ, მაგრამ როდესაც დაბუჟებისა და ჩხვლეტის შეგრძნებები თავში ჩნდება, ეს ბევრში გაკვირვებას იწვევს, აცხადებს ექიმი-ნევროლოგი ირინა რიაბოკონი.

მისი თქმით, ეს მდგომარეობაც ნორმალურად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ რიგ შემთხვევებში ექიმები სიფრთხილეს იჩენენ და სრულ გამოკვლევას ატარებენ, ვინაიდან შესაძლოა ეს საგანგაშო სიგნალი იყოს.

„არსებობს მთელი რიგი ძირითადი ნერვული კლასტერები, რომლებიც თავის ტვინს სახისა და თავის სხვადასხვა ნაწილებთან აკავშირებს. დაბუჟება შეიძლება განვითარდეს ნერვის ანთების, დაზიანების ან მასზე ზეწოლის დროს. შემცირებული ან ბლოკირებული სისხლმომარაგებაც შეიძლება გახდეს დაბუჟების მიზეზი“, – განმარტავს რიაბოკონი.

ნევროლოგის თქმით, თავის დაბუჟების მიზეზები მრავალფეროვანია. თუ ასეთი სიმპტომი გაციების, თავის ტკივილების ან ძილისთვის არახელსაყრელი პოზის გამო გაჩნდა, ეს საშიში არ არის. მაგრამ თუ ადამიანი რაიმე დაავადებით იტანჯება, იღებს სხვადასხვა მედიკამენტს ან რაიმე ტრავმა აქვს გადატანილი, მაშინ კი უნდა დაყურადდეს. თავის დაზიანება ან ტვინის შერყევა დაბუჟებას მაშინ იწვევს, თუ ნერვებია დაზიანებული.

„სიტყვაში „დაბუჟება“, რაც სინამდვილეში მგრძნობელობის დაკარგვას ნიშნავს, პაციენტები ხშირად სხვადასხვა შეგრძნებებს მოიაზრებენ, როგორებიცაა თითქოს ჭიანჭველების ცოცვა, წვა თუ ჩხვლეტა (ე.წ. პარესთეზიები). ასეთი შეგრძნებების მიზეზის გასარკვევად ძალზე მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რას გულისხმობს პაციენტი ზუსტად — მგრძნობელობის დაქვეითებას, მის არარსებობას თუ პარესთეზიას“, — ამბობს ექიმი.

ნევროლოგი აღნიშნავს, რომ პარესთეზიის დროს შეიძლება მგრძნობელობა შენარჩუნებული იყოს, ზოგჯერ გაძლიერებულიც კი. ნაკლებად გვხვდება სიტუაციები, როდესაც ამ უბანზე პარესთეზია კომბინირებულია მგრძნობელობის დაქვეითებასთან (შეხების შეგრძნება, ტკივილის მგრძნობელობა — ჩხვლეტა, ვიბრაციის შეგრძნება და სხვ.).

„პარესთეზიას (მგრძნობელობის დაქვეითების გარეშე) შეიძლება მრავალი მიზეზი ჰქონდეს და ამ მიზეზების დადგენა ყოველთვის არ არის შესაძლებელი. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ზოგი პრეპარატის გვერდითი ეფექტი, ან ძლიერ მღელვებასთან, შფოთვასთან იყოს დაკავშირებული. განსაკუთრებით მაშინ, როცა შეგრძნებების ლოკალიზაცია იცვლება“, — აღნიშნავს სპეციალისტი.

მაგრამ თავის ან სახის გარკვეულ არეში მგრძნობელობის დარღვევა კი უკვე მოითხოვს დეტალურ გამოკვლევას. ამის მიზეზი შეიძლება იყოს სისხლძარღვოვანი დარღვევები, ნერვების დაზიანება ან თავის ტვინის დაავადებები. ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და დეტალური გამოკვლევის ჩატარება.

ნევროლოგის განმარტებით, ეს სიმპტომი შეიძლება გამოიწვიოს საკმაოდ სერიოზულმა დაავადებებმაც: მაგალითად, დიაბეტურმა ნეიროპათიამ – ნერვის შეუქცევადი დაზიანების გამო. ამასთან თავის დაბუჟება ასევე არის გაფანტული სკლეროზის ხშირი სიმპტომიც.

გარდა ამისა, ჩამონათვალში, თუ რაზე შეიძლება მიუთითებდეს თავის დაბუჟება, ასევე შედის:

  • ალერგიული რინიტი;
  • გაციება;
  • სინუსიტი;
  • ტვინის სიმსივნე;
  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • ინსულტი;
  • ეპილეფსიური კრუნჩხვები;
  • აკრძალული ნივთიერებების გამოყენება;
  • ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება;
  • ანტიკონვულსანტების მიღება.

ირინა რიაბოკონი ასევე აღნიშნავს, რომ თავის არეში დაბუჟების გამომწვევ მიზეზებს შეიძლება დაემატოს თავისა და კლასტერული ტკივილები (მკვეთრად გამოხატული ტკივილის სინდრომი), დაძაბულობის ტკივილი, შაკიკი, ენცეფალიტი, ლაიმის დაავადება, სარტყლისებური ლიქენი და სტომატოლოგიური ინფექციები.

„თავის დაბუჟება ზოგჯერ მხოლოდ ერთ მხარეს ვითარდება, ან შეიძლება მხოლოდ საფეთქელი ან კეფა დაზარალდეს. ჩვეულებრივ ასეთი მდგომარეობა მიგვანიშნებს ბელის დამბლაზე (სახის კუნთების დამბლა), ინფექციებზე ან მწვავე შაკიკზე“, — აღნიშნავს ნევროლოგი.

მისი თქმით, ხშირად თავის დაბუჟების შეგრძნება ძილის დროს ჩნდება და ეს არახელსაყრელ პოზაში ძილის შედეგი შეიძლება იყოს — თავისკენ სისხლის ნაკადის შეზღუდვის გამო.

„ასეთ შემთხვევაში შეეცადეთ დაიძინოთ ზურგზე ან გვერდზე, თავი და კისერი ისეთ მდგომარეობაში გქონდეთ, რომ დისკომფორტი არ შეგექმნათ. თუ გვერდზე წევხართ, შეეცადეთ ბალიში მუხლებს შორის ჩაიდოთ, ეს ზურგის გასწორებაში დაგეხმარებათ“, — გვირჩევს ირინა რიაბოკონი.

COVID-19-თ დაავადებულები ხშირად უნდა იწვნენ მუცელზე – ექიმი გირჩევთ>>

ამასთან ექიმი გვაფრთხილებს, რომ თავის დაბუჟების უყურადღებოდ დატოვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან ამით შეიძლება ძვირფასი დრო დაიკარგოს და მკურნალობა უფრო ხანგრძლივი და რთული გამოდგეს.

თემები:
სასარგებლო რჩევები (447)

მთავარი თემები