19:50 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
ჯანმრთელობა და სილამაზე (80)
613 0 0

ადრეული ასაკი უმნიშვნელოვანესი ეტაპია ადამიანის ფიზიკურ, გონებრივ, სოციალურ და ემოციურ განვითარებაში. შესაბამისად ამ ასაკში მიღებული ცოდნა, გამოცდილება მთელი ცხოვრების განმავლობაში დიდ გავლენას ახდენს ადამიანის მიღწევებზე და წარმატეტებზე.

თითოეული ბავშვი თავისებურად სწავლობს და ვითარდება, რადგან ყოველ ბავშვს აქვს სწავლის ინდივიდუალური სტილი, განსხვავებული უნარები. თუმცა, ჩვენს გარშემო ცხოვრობენ „ვუნდერკინდი“, „ინდიგო“ ბავშვები, რომლებიც  უფრო და უფრო აოცებენ გარშემომყოფებს. რა ხდება მაშინ, როცა ბავშვის განვითარება წინ უსწრებს მის ასაკს, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ნაადრევ განვითარებას, ამის შესახებ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი მარიამ შოვნაძე გვესაუბრა.

მარიამ შოვნაძე
მარიამ შოვნაძე

-  თავდაპირველამ მინდა აღვნიშნოთ, რომ განვითარება კომპლექსური პროცესია და მთელ რიგ ცვლილებებს მოიცავს, რომელიც ჩასახვის ეტაპიდან იწყება და მთელი ცხოვრების განმავლობაში მიმდინარეობს. ბავშვის ადრეული ასაკის განვითარება ყველაზე მნიშვნელოვან და აქტიურ ცვლილებებს მოიცავს შემდეგ სფეროებში: ფიზიკური, კოგნიტური, ფსიქოემოციური და სოციალური. განვითარების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხო და მზრუნველი გარემო, აღზრდის პოზიტიური სტილი, უპირობო მიმღებლობა, თამაშის, შემეცნების, გართობისა და სწავლების შესაძლებლობა.

პირველი წლის ბოლოს ბავშვი ცოცავს ხელებითა და ფეხებით, დგამს ნაბიჯებს მზრუნველის დახმარებით ან საყრდენი რესურსის გამოყენებით. აკვირდება მისთვის საინტერესო, სასურველ ნივთს და ცდილობს მოიპოვოს მარავლჯერადი ცდის შედეგად. მის წინ არსებული ნივთი შეუძლია დამოუკიდებლად აიღოს და შემდეგ გაადანაცვლოს ხელიდან ხელში. შეუძლია გაარჩიოს მისთვის ნაცნობი და უცნობი სახეები, მზრუნველს საკუთარი ჟესტებით, ბგერებითა და გამომეტყველებით მიანიშნოს საკუთარი საჭიროებებისა და სურვილების შესახებ. ძალიან საინტერესოა, რომ ამ პერიოდში ბავშვები თვალებით, ყურებით, ხელებით, ცხვირითა და პირით „ფიქრობენ“ და ასე შეისწავლიან სამყაროს. ამ ასაკში ბავშვი მზრუნველთან ერთად მხოლოდ იმ თამაშებს თამაშობს, რომლებიც მოქმედებების გამეორებას გულისხმობს. განსაკუთრებით მსურს ხაზი გავუსვა, თბილი, უსაფრთხო და მზრუნველი გარემოს არსებობის საჭიროებას, რომელიც ბავშვს უყალიბებს რწმენასა და ნდობას სამყაროს მიმართ.

მესამე წლის ბოლოს ბავშვს შეუძლია შეინარჩუნოს წონასწორობა სირბილის დროს, ავიდეს კიბეზე მზრუნველის დახმარებით ან ფეხის მონაცვლეობით. ასევე შეუძლია მსხვილი ფანქრის დაჭერა და ხაზების გასმა, წიგნის სათითაო ფურცლის გადაშლა, დაახლოებით 9-10 კუბით სვეტის აგება და ფიგურების ჩასმა შესაბამის ფორმებში. მისი სახელის დაძახებაზე რეაგირებს და გვპასუხობს. შეუძლია სივრცეში კოორდინირებული მოძრაობა, ტანსაცმლის და უთასმო ფეხსაცმლის გახდა, ასევე ცდილობს გაიხეხოს კბილები და გამოიყენოს ქოთანი მზრუნველის დახმარებით. განსაკუთრებით ამ ასაკში სვამს ბევრ კითხვას : რა ? ვინ ? რატომ ? რა მოხდა ან როგორ მოხდა?  აინტერსებს ყველაფერი რაც მის გარშემო არსებობს და ხდება. აკვირდება და ბაძავს ანიმაციის გმირებს, თამაშობს დაახლოებით 30 წუთს მის მიერ არჩეულ თამაშს. ითვლის ხუთამდე მზრუნველთან ერთად, აკავშირებს მოვლენებს დროსთან და ასრულებს ორ ეტაპიან ინსტრუქციას. შესაძლოა გამოიგონოს ახალი სიტყვები ან სიტყვათ წყობები, გაიმეოროს ნაცნობი ფრაზები ან დაიზეპიროს ძალიან მოკლე ლექსი.

მეხუთე წლის ბოლოს ბავშვი ადის კიბეზე დამოუკიდებლად ფეხის მონაცვლეობით. ურტყამს ბურთს ფეხს და ატარებს სამ თვლიან ველოსიპედს. შეუძლია შეიკრას საშუალო ზომის ან დიდი ღილი და ელვა. დამოუკიდებლად იყენებს კოვზს და ჩანგალს ჭამის დროს, სარგებლობს ტუალეტით, შეუძლია დახმარების გარეშე ჩაიცვას და გაიხეხოს კბილები. დამოუკიდებლად იჭერს ფანქარს და ცდილობს გადაიხატოს ნაცნობი სიმბოლოები, ფიგურები. ძერწავს პლასტელინით, აკვირდება ნახატებს და შეუძლია კონკრეტული ნახატი აღწეროს. ითვლის ათამდე, აკვირდება და ადარებს საგნებს, განასხვავებს ასოებს და ციფრებს, ზომებს, ფერებსა და მარტივ ფორმებს. მაგალითად წრე, ოთხკუთხედი, სამკუთხედი. შეუძლია გადმოცეს მარტივი ამბავი დროის კანონზომიერების დაცვით. ხშირად სვამს კითხვას: რატომ ? აინტერებს და იკვლევს სამყაროს, ესმის მინიმუმ 1500 სიტყვის მნიშვნელობა. განასხვავებს ხუთივე შეგრძნებას. შეუძლია ჩაერთოს მცირე ჯგუფურ აქტივობაში და დაიცვას მარტივი, მკაფიოდ მიწოდებული წესები.

- რა ხდება მაშინ, როცა ბავშვის განვითარება წინ უსწრებს მის ასაკს?  

- სამეცნიერო პუბლიკაციებში ხშირად იყენებენ ისეთ ტერმინს, როგორიც არის დაჯილდოებული ან განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვი, რისი ზუსტი განმარტებაც არ არსებობს. ასევე სადაოა შეფასების ინდიკატორებიც. თუმცა არსებობს ზოგადი განმარტება და იგულისხმება  ბავშვი, რომელიც ბუნებრივად არის დაჯილდოებული გამორჩეული შესაძლებლობების მაღალი ხარისხით ცოდნის მრავალ ან ერთ კონკრეტულ სფეროში. ბევრ ქვეყანაში „დაჯილდობეულ“ ბავშვებში გულისხმობენ იმ ბავშვებს, რომელთა ინტელექტის კოეფიციენტი 130 ან მეტია. ამაში იგულისხმება  ვერბალური, მათემატიკური, სივრცით-ვიზუალური, მუსიკალური, სხეულებრივ-კინესთეტიკური და ინტრაპერსონალური უნარები. ამ საკითხის კვლევა პირველად  ამერიკელმა ფსიქოლოგმა ლუის ტერმანმა დაიწყო 1921 წელს  1500-ზე მეტ ბავშვზე დაკვირვების საშუალებით, რომელთა ინტელექტის კოეფიციენტი 140-ზე მეტი იყო. მეოცე საუკუნეში კი განსაკუთრებული ნიჭიერების დეფინიციისთვის იყენებდნენ ტერმინს ასინქრონია, რაც გულისხმობს ბავშვის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური სფეროს განვითარებას განსხვავებული ტემპით. მიუხედავად ამ პროცესებისა დღეს მაინც სამეცნიერო სივრცეში არ არსებობს ტერმინის ზუსტი განმარტება და ერთმნიშვნელოვნად აღიარებული შეფასების ინდიკატორები. არსებობს მხოლოდ ზოგადი მიდგომა, რაც მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ინტელექტის კოეფიციენტი, აკადემიური მოსწრება, მიღწევის სტანდარტიზებული ტესტის ქულა, მშობლისა და მასწავლების შეფასება.

- რას ფიქრობთ ბავშვის ადრეულ ასაკში განვითარებაზე? მაგალითად იმაზე, 2-3 წლის ბავშვებს წერა-კითხვას და ანგარიშს რომ ასწავლიან, მეტყველებს უცხო ენებზე?

- ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონკრეტულ და სხვა ნებისმიერ ასაკში მოხდეს ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებებისა და შესაძლებლობების ადექვატური შეფასება, რათა სრულყოფილად დაკმაყოფილდეს ინტერესები, ხელი შეეწყოს ამ ინტერესების და უნარების განვითარებას, რაც თავისთავად აისახება კომპლექსურ დინამიკაზე და თვით რწმენის ჩამოყალიბებაზე. ხშირად გვსმენია, რომ ბავშვმა რომელიმე უცხო ენა ისწავლა ანიმაციების დახმარებით, ამ დროს შესაძლებელია მშობელმა უზრუნველყოს ანიმაციების მრავალფეროვნება და მისი ეს ინტერესი წაახალისოს. სამწუხაროდ, ასევე გვესმის ისეთი ისტორიები, როდესაც ბავშვს იმაზე მეტ მოთხოვნას უყნებენ და იმაზე მეტ ასათვისებელ რესურს აწვდიან, რასაც იმ ასაკობრივ ეტაპზე ვერ დაძლევს. ეს ფაქტი ლოგიკურია უარყოფითად აისახება ბავშვის თვითშემეცნებასა და თვითშეფასებაზე.

- როცა ბავშვს თავად აქვს მიდრეკილება, ამ დროს მშობელმა უნდა შეუწყოს თუ არა ხელი მის ადრეულ განვითარებას?

- როგორც ზემოთ აღვნიშნე, მთავარია მშობელმა შეძლოს ბავშვის ინტერესების, შესაძლებლობების ობიექტური იდენტიფიცირება და შემდეგ წაახალისოს თუნდაც მრავალფეროვანი რესურსით. მთავარია დავიცვათ ზომიერება და არ წავუყენოთ მაქსიმალური მოთხოვნები, განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვებსაც სჭირდებათ დრო გართობისა და დასვენებისთვის.

- რა დადებითი და უარყოფითი მხარეები შეიძლება ქონდეს ბავშვის ნაადრევ განვითარებას?

- დადებით მხარეებზე ვფიქრობ უკვე ვისაუბრე, ძალიან ბევრი ბენეფიტი აქვთ განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვებს, თუმცა სირთულეებსაც აწყდებიან. ეს სირთულეები შესაძლოა იყოს სტანდარტული სასწავლო გეგმა, სტანდარტული სასწავლო და ზოგადად სოციალური გარემო, რომელიც მათ საჭიროებებს და ინტერსებს ვეღარ აკმაყოფილებს. ასევე სირთულეები სოციალურ ურთიერთობებში, რადგან ხშირად აწყდებიან  თანატოლებთან ღირებულებებისა და ინტერესების უმეტესწილად აცდენას. როგორც ყველა ბავშვს, ასევე განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ ბავშვებსაც სჭირდებათ ინდივიდუალური მიდგომა, განვითარების ხელშეწყობა და მხარდაჭერა.

თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე (80)

მთავარი თემები