23:51 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (372)
207 0 0

როდესაც მხედველობა გაუარესებას იწყებს, თვალები შეწითლებულია, იწყება ცრემლდენა ან სიმშრალე და ქავილი, ადამიანი პირველ რიგში ოფთალმოლოგთან ვიზიტზე ფიქრობს.

მაგრამ ხშირად თვალის პრობლემები სხვა სერიოზული დაავადებების სიმპტომიც არის.

იგორ აზნაურიანი, ბავშვთა ოფთალმოქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ბავშვთა თვალის კლინიკების ქსელის დამფუძნებელი განმარტავს, ჯანმრთელობის რა პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაქვეითება.

მხედველობის მკვეთრი გაუარესება: დიაბეტის სიმპტომი

ხშირად კუჭქვეშა ჯირკვლის სერიოზული პათოლოგიის შესახებ ადამიანები ოფთალმოლოგთან ვიზიტის დროს იგებენ, როდესაც მას მხედველობაზე ჩივილებით მიმართავენ. დიაბეტური რეტინოპათია (ბადურის არაანთებითი დაზიანება, გამოწვეული სისხლძარღვოვანი მოშლილობით თვალებში) არის II ტიპის შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი გართულება საკმაოდ გვიან სტადიაზე. დიაბეტური რეტინოპათია შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში არანაირად არ ავლენდეს თავს, ხოლო მისი პირველი სიმპტომი მხედველობის მკვეთრი გაუარესება იყოს.

ქუთუთოების შეშუპება, თვალის კაკლის ტკივილი: ფარისებრი ჯირკვლის შესაძლო დაავადებები

ენდოკრინული ოფთალმოპათია ვლინდება ქუთუთოების შეშუპებით, თვალს უკან ტკივილით, თვალის ნაპრალების გაფართოებითა და თვალის კაკლების წინ დგომით (სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თვალების გადმოკარკვლით). ეს დაავადება არის დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის ან გრეივსის დაავადების ერთ-ერთი სიმპტომი. გრეივსის დაავადება გულისხმობს ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნურ დაავადებას. შემთხვევათა 50%-ში მას თან ახლავს თვალის დაზიანება. ეს იმის გამო ხდება, რომ ჰორმონების გაზრდილი გამომუშავება გავლენას ახდენს თვალბუდის რბილ ქსოვილებზე და ანთების პროვოცირებას ახდენს.

ენდოკრინული ოფთალმოპათიის სიმპტომები შეიძლება ადვილად აგვერიოს თვალის ჩვეულებრივ ანთებით დაავადებაში. ზოგჯერ ის სრულიად შეუმჩნევლად მიმდინარეობს და ესთეტიკურ ნაკლად ფასდება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ბევრი ადამიანი პლასტიკურ ქირურგთან მიდის და ენდოკრინოლოგთან და (ან) ოფთალმოლოგთან დაავადების რთულ ეტაპზეღა ხვდება.

თვალების ანთება: გასტრიტის შესაძლო სიმპტომი

ქუთუთოების ანთება (დემოდეკოზი) ხშირად ასოცირდება კანის პრობლემებთან, უფრო სწორად, დემოდექსის ტკიპას აქტიურ რეპროდუქციასთან, რომელიც მუდმივად კანზე ცხოვრობს. ის თავს იჩენს ქუთუთოების ქავილითა და სიწითლით, მოციმციმე კიდის გასქელებით.

თუმცა ეს შეიძლება გასტროენტეროლოგიურ პრობლემაზეც მიანიშნებდეს, ვინაიდან ძალიან ხშირად დემოდეკოზი გასტრიტიან, პანკრეატიტიან ადამიანებში იჩენს თავს. რისკის ქვეშ არიან ასევე ჭარბწონიანებიც.

მშრალი თვალის სინდრომი: მენოპაუზის პირველი სიმპტომი

მშრალი თვალის სინდრომი ემართებათ არა მხოლოდ მათ, ვინც ბევრს მუშაობს კომპიუტერთან, არამედ ეს შეიძლება მენოპაუზის დაწყების ერთ-ერთი ნიშანიც იყოს.

ესტროგენების დონის შემცირება ამცირებს განსაკუთრებული სეკრეტის გამომუშავებას, რომელიც გავლენას ახდენს ცრემლის სინთეზზე. შედეგად – ქალებს აწუხებთ მშრალი თვალის სინდრომის ისეთი გამოვლინება, როგორიცაა ხშირი ხამხამი, თვალებში ქვიშის შეგრძნება და ტკივილი.

ცვლილებები თვალის ბადურაში: შეუმჩნეველი ჰიპერტენზია

თვალის ბადურის ცვლილებები, რომლებიც ოფთალმოლოგს შეუძლია დაინახოს გამოკვლევის დროს, ხშირად არის ჰიპერტენზიის, ანუ ჰიპერტონიის მარკერი. ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც ოფთალმოლოგს არტერიებისა და ვენების დანახვა შეუძლია და მათი ცვლილებების მიხედვით შეუძლია დაასკვნას, რომ პაციენტს არტერიული წნევა რეგულარულად ეზრდება.

სიწითლე, ცრემლდენა, მხედველობის გაუარესება: რევმატოიდული ართრიტი

ირიდოციკლიტი არის თვალის ირისისა და ცილიალური კუნთის ანთებითი დაავადება. მას ახასიათებს სიწითლე, ცრემლდენა, მხედველობის სიმახვილის გაუარესება. ეს დაავადება გვხვდება რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზით დაავადებულთა 40%-ში.

თემები:
სასარგებლო რჩევები (372)

მთავარი თემები