09:45 29 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7970
  • 100 RUB4.1230
  • USD3.2345
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
207 0 0

გაკაჟება უფასო საშუალებაა არა მარტო იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, არამედ ბევრი სხვა პრობლემის მოსაგვარებლადაც, თუმცა არსებობს შემთხვევები, როცა ეს დაუშვებელია

დაბალი ტემპერატურა ორგანიზმს ზემო სასუნთქი გზების რესპირატორული ინფექციების  მიმართ ნაკლებად მგრძნობიარეს ხდის - ნაკლებად გაიყინებით და უფრო იშვიათად გაცივდებით.

თერაპევტი ანა ეფიმოვა გირჩევთ, თუ როგორ უნდა დაიწყოთ გაკაჟება ისე, რომ ზიანი არ მოგადგეთ.

რატომ არის გაკაჟება სასარგებლო ორგანიზმისთვის

გაკაჟება აჩქარებს მეტაბოლიზმს ― ეს იმას ნიშნავს, რომ თუ წონაში იკლებთ, შედეგი ბევრად უფრო სწრაფი იქნება. ტემპერატურის ცვლილებები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ამასთან, ბოლოს მოუღებთ უძილობას, რადგან ცენტრალური ნერვული სისტემის ტონუსი უფრო მაღალი იქნება. 

ვისთვის არის დაუშვებელი გაკაჟება

გაკაჟების პროცედურები დაუშვებელია მათთვის, ვინც: გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ავადმყოფობს (განსაკუთრებით, თუ გულის შეტევა ახლო წარსულში გადაიტანა), ბოლო პერიოდში ინსულტი გადაიტანა, აქვს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია ან არის გაციებული, თირკმლის პრობლემები, ცისტიტი ან ვენების ვარიკოზული გაფართოება.

სხვა შემთხვევებში კი შეგიძლიათ დაიწყოთ სხეულის გაკაჟება, თუმცა მანამდე ექიმთან კონსულტაცია მაინც უნდა გაიაროთ.

ვკაჟდებით თანდათანობით

სისხლძარღვები და უჯრედები უნდა მოერგონ ტემპერატურის ცვლილებას. ამიტომ თავიდან პროცედურები უნდა იყოს ხანმოკლე, მარტივი, არასტრესული. იდეალურია 15 წამიანი წყლის პროცედურებით დაწყება.

გააკონტროლეთ ორგანიზმის რეაქცია

თუ გაკაჟების პროცედურების შედეგად ძილი და მადა გაგიუმჯობესდათ, გაგეზარდათ შრომისუნარიანობა, ესე იგი, სწორად კაჟდებით. ეს ის შედეგებია, რასაც მაშინვე იგრძნობთ.

გაციების სიმპტომები და გაღიზიანებადობა ნიშნავს, რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ. შეაჩერეთ პროცედურები და მიმართეთ ექიმს.

რეგულარულად და სისტემატურად

თუ ერთი კვირის შემდეგ გაკაჟების პროცედურებს შეაჩერებთ, ეფექტს ვერ მიიღებთ.  ისევე, როგორც სპორტში, თუმცა იმ განსხვავებით, რომ გაკაჟება კუნთებზე არ მოქმედებს.

ძირითადი და პოპულარული პროცედურები 

ჰაერის აბაზანები

როგორ გავკაჟდეთ სწორად? დაიწყეთ ჰაერით. ხშირად გაანიავეთ ბინა, მაგრამ ნუ შექმნით ორპირს. ზაფხულში ყველაფერი მარტივია ― საკმარისია დღეში თუნდაც ორი საათის განმავლობაში სუფთა ჰაერზე ყოფნა: მთავარია არ ჩაიცვათ ბევრი ტანსაცმელი, რომ არ გაოფლიანდეთ.

ზამთარში გაკაჟება დაიწყეთ კარგად განიავებული ოთახით. ტემპერატურა დაიყვანეთ 15-16 გრადუსამდე, შემდეგ გაიხადეთ ტანსაცმელი და შეეცადეთ, ათი წუთით გარჩერდეთ ოთახში. თუ კომფორტულად იგრძნობთ თავს, შეგიძლიათ დროთა განმავლობაში ჰაერით გაკაჟება 20 წუთამდე გაზარდოთ.

შხაპი

როგორ მივიღოთ სწორად ცივი წყლის შხაპი? თავდაპირველად წყლის ტემპერატურა ორი გრადუსით შეამცირეთ. შემდეგ რაიმე ჭურჭლის გამოყენებით ნელ-ნელა გადაისხით ჯერ ტერფებსა და წვივებზე, მერე ― ბარძაყებზე და მხოლოდ ამის შემდეგ ― ზურგზე.

ერთი კვირის შემდეგ წყლის ტემპერატურა კიდევ ორი გრადუსით შეგიძლიათ შეამციროთ და ასე განაგრძოთ.

არ ღირს, წყლით გაკაჟება მაშინვე ყინულოვანი შხაპის მიღებით დაიწყოთ ― ასე უეჭველად გაცივდებით და ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებთ.  

კონტრასტული შხაპი

ჯერ უნდა გახურდეთ: დადექით თბილი წყლის ქვეშ დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში, შემდეგ 15 წამის განმავლობაში გრილი წყალი ივლეთ, მერე 15 წამით ისევ თბილი წყალი.

პროცედურა სამჯერ ჩაიტარეთ და დაასრულეთ ცივი წყლის გადავლებით. თითოეული სეანსის ხანგრძლივობა თანდათანობით მიიყვანეთ 40-60 წამამდე.

დაზელვა

თუ ცივი წყლით ან კონტრასტული შხაპით დაწყება ძალიან გიჭირთ, შეგიძლიათ დაზელვით დაიწყოთ.

დაასველეთ პირსახოცი წყლით და სხეული ხუთი წუთის განმავლობაში იზილეთ: დაიწყეთ ტერფებით და თანდათან ადით ზემოთ. შეგიძლიათ პროცედურა კონტრასტული გახადოთ, ანუ პირსახოცი მორიგეობით დაასველოთ ხან ცივ და ხან ცხელ წყალში.

სიცივეში ფეხშიშველი სიარული

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური მეთოდი. მიიჩნევა, რომ ამით ადამიანებს გრიპისა და გაციების მიმართ ძლიერი იმუნიტეტი უვითარდებათ.

მართალია, ეს მეთოდი ყინულჭრილში ბანაობასთან ახლოსაც ვერ მოვა, მაგრამ მაინც არანაკლებ ექვსთვიანი მომზადება უნდა უძღოდეს წინ.

ამისთვის უნდა აიღოთ ორი თასი, ჩაასხათ ერთში ცივი, მეორეში კი თბილი წყალი. მერე კი მორიგეობით ჩაალაგოთ ფეხები ხან ერთ და ხან მეორე თასში 15-15 წამით. და ასე დაახლოებით ექვსი თვე.

ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ გადახვიდეთ ცივ ქუჩაში ფეხშიშველ სიარულზე. ეს პროცედურა ერთი წუთიდან უნდა დაიწყოთ და საბოლოოდ ეს დრო არ უნდა აღემატებოდეს ხუთ წუთს.

ანა ეფიმოვას თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, გაკაჟების რომელ საშუალებას აირჩევთ, მთავარია გახსოვდეთ, რომ:

  • დაუშვებელია დღეში ორ პროცედურაზე მეტის ჩატარება;
  • მათ შორის მინიმუმ რვა საათიანი ინტერვალი უნდა დაიცვათ;
  • წყლის (!) ყველა პროცედურა უნდა ჩატარდეს დაძინებამდე ორი საათით ადრე მაინც, ვინაიდან ეს ნერვულ სისტემას აღაგზნებს.  

მთავარი თემები