00:27 21 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
ჯანმრთელობა და სილამაზე (48)
422 0 0

მეცნიერები ფიქრობენ, რომ სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკისთვის სიმინდი განსაკუთრებით სასარგებლო მარცვლეულია.

სასარგებლოა თუ არა სიმინდი ბავშვისთვის, რა ასაკიდან უნდა მივცეთ ის პატარას და დასაშვებია თუ არა პლაჟზე ჩამოტარებული სიმინდის მირთმევა, ამის შესახებ „ავერსის“ პედიატრიული სამსახურის უფროსი, ბლოგერი თამარ ობგაიძე საუბრობს.

თამარ ობგაიძე
თამარ ობგაიძე

მზე, ზღვა, გასარუჯად მზეს მიფიცხებული დიდ-პატარა და ამ დროს ჭილისქუდიანი, ქვაბაკიდებული ადამიანები პლაჟების ყველაზე საყვარელი ცხელ-ცხელი პროდუქტით - აბა, ცხელი სიმინდიიი!..

სიმინდი უძველესი მარცვლოვანი კულტურაა, რომელიც ცენტრალური ამერიკიდან გავრცელდა. მაიასა და აცტეკების ტომების ხალხები მას „სიცოცხლის შემანარჩუნებელ საკვებს“ უწოდებდნენ. მოხარშული თუ შემწვარი, ფაფების და სალათების სახით, შინ თუ ცხელ პლაჟებზე – ზაფხულში ის ყველასთვის საყვარელი საკვებია!

- სასარგებლოა თუ არა სიმინდი ბავშვისთვის?

- მოდით, ვნახოთ, რა სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს ეს პროდუქტი. ვიტამინებით დავიწყოთ – B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი იმ ნივთიერებათა ერთობლიობაა, რაც სიმინდს ბავშვისათვის განსაკუთრებით სასარგებლო პროდუქტად აქცევს. ნიაცინი შაქრის და ცილების ცვლაში მონაწილეობს, თიამინი და პირიდოქსინი აუცილებელია მისი თავის ტვინის და ნერვების ფუნქციონირებისთვის. ფოლიუმის მჟავას მარილები სისხლწარმოქნის პროცესში მონაწილეობენ და ანემიის განვითარებისგან იცავენ. A ვიტამინი აუცილებელია იმუნური სისტემის ფუნქციონირების, ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის, აუჯობესებს კანის სტრუქტურას, მხედველობას. K ვიტამინი კი სისხლის შედედების პროცესებში მონაწილეობს.

სიმინდი იმ მინერალური ნივთიერებებითაა მდიდარი, რომელიც ბავშვის ზრდა-განვითარების, მისი ძვლოვანი, იმუნური, სისხლმბადი სისტემების ფორმირებისთვისაა აუცლებელი, შეიცავს რა დიდი რაოდენობით ფოსფორს, კალიუმს, მაგნიუმს, თუთიას და სელენს.

ანტიოქსიდანტები, რომელთაც სიმინდი შეიცავს, უჯრედებს მავნე რადიკალების ზემოქმედებისგან იცავს, ამიტომ მეცნიერები ფიქრობენ, რომ სიმსივნური დაავადებების პროფილქტიკისთვის სიმინდი განსაკუთრებით სასარგებლო მარცვლეულია. დადგენილია სიმინდის გავლენა სისხლში ქოლესტერინის მომატებულ დონეზე.

თუ თქვენი პატარა ყაბზობისკენაა მიდრეკილი, სიმინდის მიღება მას ამ პრობლემის მოგვარებაშიც დაეხარება, რადგან იგი დიდი რაოდენობით საკვებ ბოჭკოებს შეიცავს.

საკვები ბოჭკოები ხელს უწყობენ ნაწლავთა პერისტალტიკის გაძლიერებას, „მეგობარი" ბაქტერიების ნორმალურ ფუნქციონირებას. საეჭვოა, რომ სიმინდის ქიმიური შემდგენლობა მაიას და აცტეკების ხალხებმა იცოდნენ, თუმცა ამ მარცვლეულის სასარგებლო თვისებებს რომ გადახედავ, ადვილი მისახვედრია, რატომ ერქვა მას სახელად „სიცოცხლის გადამრჩენელი”.

- როდიდან მივცეთ პატარას სიმინდი?

- 4-6 თვიდან, როცა ბავშვს დედის რძესთან ან ხელოვნურ ნარევთან ერთად დამატებითი კვება ენიშნება, სხვა ბურღულის ფაფასთან ერთად სიმინდის ფაფაც უნდა შესთავაზოთ.

არ მისცეთ ერთ წლამდე ასაკის პატარას მოხარშული სიმინდის მარცვლები, რათა თავიდან აიცილოთ მისი სასუნქთ გზებში გადაცდენა.

თუ ბავშვი ჭარბი წონისკენაა მიდრეკილი, სიმინდის დიდი რაოდენობით მიცემა არ ღირს შაქრის მაღალი შემცველობის გამო. გახსოვდეთ, რომ 100 გრამი სიმინდი 342 კკალ ენერგიას შეიცავს.

და, ბოლოს: სანამ ზღვის სანაპიროზე ნებივრობისას ბავშვისთვის მოხარშული სიმინდის ყიდვას გადაწყვეტთ, გაიხსენეთ ინფექციები. სიმინდი აუცილებლად უნდა იქნას მომზადებული ჰიგიენის წესების სრული დაცვით, ხოლო ჭამის წინ პატარას ხელები აუცილებლად უნდა დაბანოთ.

მხიარულ ზაფხულს გისურვებთ!

 

თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე (48)

მთავარი თემები