გადაცემაში „თქვენი კლინიკა" წამყვანებმა ისაუბრეს შვიდ აკრძალვაზე, რომელთა გაუთვალისწინებლობა მნიშვნელოვნად არღვევს ნივთიერებათა ცვლას და უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
სიგარეტი
პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი – ეს არის სიგარეტი. მწეველებს საკვების მიღების მერე უყვართ ერთი ღერი სიგარეტის დაყოლება. სიგარეტის მოწევა ჭამის შემდეგ განსაკუთრებით მავნებელია ჯანმრთელობისთვის და ის მოწეულ 10 ღერ სიგარეტს უდრის. ამ დროს აქტიურდება მისი მავნე თვისებები, შესაბამისად, ეს დიდ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას.
ხილი
ცნობილია, რომ ხილი ძალიან ბევრი სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა და მნიშვნელოვანია, რომ ის როგორც ვიტამინების ნაკრები მივიღოთ ძალიან ხშირად. მაგრამ საკვების მიღებისთანავე დაყოლებული ხილი სრულიად არღვევს საჭმლის მონელების პროცესს, იწვევს შებერილობას, რის შედეგადაც ირღვევა მიღებული საკვების შეწოვა, ათვისება. იქმნება ძალიან დიდი დისკომფორტი და ამიტომ ხილიც კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს. ხილი უნდა მივიღოთ ან ჭამამადე ერთი საათით ადრე, ან ჭამის შემდეგ ორი საათის გასვლის შემდეგ. ხილი უნდა იყოს ცალკე კვებად.
ჩაი
არ შეიძლება ჩაის დალევა ჭამის პროცესში და ჭამის შემდეგ. ჩაის ნაყენში დიდი რაოდენობით არსებული მჟავები აფერხებს საკვებით მიღებული ცილების მონელებას, ტანინი (ბუნებრივად შექმნილი ქიმიური ნივთიერება, რომელიც გვხვდება შავ ჩაიში) კი ხელს უშლის კალციუმისა და სხვა მინერალური ნივთიერებების შეწოვა-შეთვისებას. ამგვარად, ჩაის საჭმელს ნუ მიაყოლებთ.
ქამარი
თუ საკვები მოჭერილი ქამრით მიირთვით, მისი მოშვება ან მთლად შეხსნა არც კი იფიქროთ. ამით საჭმლის მონელების პროცესში უხეშად ჩაერევით. მიღებული საკვები ერთბაშად ქვასავით ჩაეშვება ქვემოთ და საჭმლის მონელება გარკვეული დროით სრულად დაიბლოკება. ამ ფაქტორზე ნუ გაგეცინებათ. თუ ვინმეს ერთხელ მაინც ჰქონია ქამრის მოშვების შემთხვევა, ალბათ არასოდეს დაავიწყდება მიღებული დისკომფორტი, სიმძიმისა და გაქვავების შეგრძნება მუცლის ქვედა ნაწილში მიუხედავად კარგი სადილობისა.
შხაპი
ბევრ ადამიანს აქვს ტრადიციად სადილის ან ვახშმის შემდეგ მიიღოს შხაპი. ჭამის შემდეგ შხაპისა თუ აბაზანის მიღება დაუშვებელია. წყლის პროცედურა, შხაპი იქნება ეს თუ აბაზანა, სისხლის ნაკადის გადანაწილებას იწვევს. სისხლის მოძრაობა ამ დროს ძლიერდება კიდურების, ხელების, ფეხების და სხეულის ზედაპირისკენ, კანისკენ. შესაბამისად, შინაგანი ორგანოებისა და მათ შორის კუჭის არეში სისხლის ნაკადი მცირდება. ვფიქრობთ, გაგრძელება და დამატებითი განმარტება აღარ არის საჭირო, თავადაც მიხვდებით, როგორი ზიანი ადგება საჭმლის მონელების პროცესს და ამ პროცესში ჩართულ მობილიზებულ ორგანოებს.
დაწოლა
საკვების მიღების შემდეგ ბევრს მოსწონს წამოწოლა და დასვენება. ჭამის შემდეგ აკრძალულია მხარ-თეძოზე წამოწოლა. თუმცა, ძველი შეხედულება, რომ ჭამის შემდეგ აქტიურად მოძრაობაა სასურველი საკვების უკეთ მონელებისთვის, ასევე უგულებელყოფილია. თურმე აქტიური მოძრაობა, უმოძრაობის მსგავსად, მონელების პროცესსა და გარკვეული ნივთიერებების შეწოვას აფერხებს. ყველაზე კარგი ნელ-ნელა ჭამა და საკვების მიღების შემდეგ ერთხანს მაგიდასთან მშვიდად ჯდომაა. ამის შემდეგ შეგიძლიათ ამოძრავდეთ, თუნდაც მშვიდად გაიარ-გამოიაროთ ან სუფთა ჰაერზე ნელი ნაბიჯით გაისეირნოთ. არავითარ შემთხვევაში არ გაიქცეთ და არც საქმეს შეეჭიდოთ აჩქარებული წესით.
ძილი
მიუხედავად იმისა, რომ დანაყრების შემდეგ ადამიანს ხშირად ეძინება, ჭამის შემდეგ არ შეიძლება დაძინება. ჭამის შემდეგ ძილის მოყვარულებს გასტრიტი, კუჭის ინფექციები და საჭმლის მონელების სხვადასხვაგვარი დარღვევა ემუქრებათ. ამიტომ სპეციალისტები გირჩევენ, საკვების მიღებიდან მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში არ დაიძინოთ.