09:49 27 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8158
  • 100 RUB4.2209
  • USD3.2285
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
338 0 0

ცხადია, დანაშაულთან ბრძოლა წარმატებული და ეფექტური არ იქნება, თუ სამართალდამცველებს მოქალაქეებიც არ დაეხმარებიან. არავინ დავობს იმაზე, რომ ეს თითოეული ადამიანის მოქალაქეობრივი მოვალეობა და ამავე დროს, მორალური ვალდებულებაცაა.

თუმცა, ყველა ადამიანი არ თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან და ამით ხელს უშლის დანაშაულის გახსნას, ან მის აღკვეთას. რადგან დანაშაულის შეუტყობინებლობა, ისევე როგორც დაფარვა, ხელს უშლის მის დროულად გახსნასა და დამნაშავეთა მხილებას, სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა და სასჯელი როგორც დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის, ასევე მისი დაფარვისთვის.

დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის მოტივები სხვადასხვა შეიძლება იყოს. კერძოდ, ეს შეიძლება იყოს შიში,  ანგარება, შურისძიების შიში, ნათესაური გრძნობები და ა.შ.

როდის არ დაგსჯით კანონი დანაშაულის შეუტყობინებლობის ან დაფარვისთვის

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, დანაშაულის დაფარვის ან შეუტყობინებლობისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შემდეგ პირებს არ ეკისრებათ:

-პირს, რომელმაც წინასწარ შეუპირებლად ახლო ნათესავის დანაშაული დაფარა, ან არ შეატყობინა.  ახლო ნათესავად ითვლება პირის მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი,  პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე.

-ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის) პასუხისმგებელ პირს;

- ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მინიჭების საკითხის განმხილველ, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფის წევრს;

- გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებული ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის წევრს

- ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა/სავარაუდო მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის) თანამშრომელს (გარდა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაულისა);

- სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შესაბამის თანამშრომელს (გარდა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაულისა

-პირისათვის კონსულტაციების გაწევის უზრუნველმყოფი უფასო სატელეფონო დახმარების ქსელის ოპერატორს

აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის კოდექსი არ არის მითითებული დრო (ვადა), რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს შეტყობინება დანაშაულის მზადების ან ჩადენის შესახებ.   ეს ვადა, როგორც წესი, განსხვავებულია და დამოკიდებულია საქმის კონკრეტულ გარემოებებზე. თუმცა, ცალსახაა, რომ  დანაშაულის მზადების ან ჩადენის ფაქტის შესახებ შეტყობინება საჭიროა,   უმოკლეს ვადაში გაკეთდეს.

პირი პასუხს აგებს შეუტყობინებლობისთვის, თუ მას რეალური შესაძლებლობა ჰქონდა ეცნობებინა სამართალდამცავი ორგანოსთვის და არ გააკეთა ეს. თუ მას ასეთი შესაძლებლობა არ ჰქონდა, გამოირიცხება მისი პასუხისმგებლობა.  მაგალითად, თუ პირს არ ჰქონდა შესაძლებლობა დანაშაულის შესახებ ემცნო შესაბამისი ორგანოებისთვის  დაუძლეველი ძალის ან უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობის, ფიზიკური ან ფსიქიკური იძულების გამო, მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დადგება.

გასათვალისწინებელია, პირმა ნამდვილად უნდა იცოდეს, რომ მზადდება ან ჩადენილია დანაშაული.  ამაზე პირდაპირ მიანიშნებს სისხლის სამართლის კოდექსი. ეს გულისხმობს კონკრეტული, სარწმუნო ინფორმაციის ცოდნას დანაშაულის ხასიათსა და შინაარსზე ან იმ პირზე, ვინც ამზადებს ან ჩაიდინა დანაშუალი. ცხადია,  ვარაუდი ან ჭორის დონეზე პირის ინფორმირებულობა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშუალის მზადების ან ჩადენის შესახებ არ შეიძლება პასუხისმგებლობის საფუძველი გახდეს.

კოდექსის მიხედვით, დანაშაულის დაფარვისათვის გათვალისწინებულია შინაპატიმრობა ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით, ხოლო მძიმე დანაშაულის  დაფარვა ისჯება ერთიდან ოთხ წლამდე პატიმრობით, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა — ორიდან ექვს წლამდე.

რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობას, ჯარიმით, შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ისჯებინა ის პირები,  ვინც არ შეატყობინებს ისეთი დანაშაულების შესახებ, როგორიცაა: პორნოგრაფიული ნაწარმოებების უკანონო დამზადება ან გასაღება, პორნოგრაფიული ნაწარმოებების უკანონო დამზადება-გასაღებაში არასრულწლოვანის ჩართვა, 16 წელს მიუღწეველისთვის სექსუალური ხასიათის შეხვედრის შეთავაზება.

ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე დანაშაული, ისჯება ორიდან ექვს წლამდე პატიმრობით, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში — სამიდან შვიდ წლამდე.

მუდამ გახსოვდეთ, რომ საკუთარი უფლებების დაცვის საუკეთესო საშუალება მხოლოდ და მხოლოდ ინფორმირებულობაა. სამართლებრივი საკითხების ცოდნა კი გარანტიაა იმისა, რომ თავი მუდამ დაცულად იგრძნოთ.

მთავარი თემები