10:24 13 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6237
  • 100 RUB4.2107
  • USD3.0785
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
ჯანმრთელობა და სილამაზე (30)
355620

საქართველოში წონაში დაკლების მსურველთათვის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მეთოდი ბოლო კვებიდან 16-საათიანი შუალედის დაცვაა. კვების ამგვარ რეჟიმს ბოლო დროს სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს.

რამდენად არის უსაფრთხო ჩვენი ჯანმრთელობისთვის „ინტერვალური შიმშილი” და რა პროცესები მიმდინარეობს ამ დროს ორგანიზმში, „Sputnik–საქართველოსთან“ ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ექიმი თინათინ კაჭარავა საუბრობს.

- რა არის „ინტერვალური შიმშილი”?

- „ინტერვალური შიმშილი“ ეს არის კვების ტიპი, რომელიც თანამედროვე ეპოქაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ინტერვალური კვების სხვადასხვა სახეობები არსებობს, მაგრამ ჩვენ ამჯერად მის ყველაზე გავრცელებულ ვარიანტზე, კერძოდ, 16-საათიან შიმშილზე ვისაუბრებთ. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ამ მეთოდის დროს ადამიანი დღისით 8 საათის ინტერვალით იკვებება, ხოლო შემდეგ 16 საათის განმავლობაში არაფერს მიირთმევს.

- რა პროცესები მიმდინარეობს „ინტერვალური შიმშილის” რეჟიმის დაცვის დროს ჩვენს ორგანიზმში?

- ამ დროს ორგანიზმში ჰორმონალური ბალანსის აღდგენა ხდება, რითიც, თავის მხრივ, ჩქარდება მეტაბოლიზმი და შენახული ცხიმი უფრო ხელმისაწვდომი ხდება გასახარჯად. უფრო დეტალურად რომ განვმარტოთ, ამ დროს ორგანიზმში მატულობს ზრდის ჰორმონის დონე, რაც ხელს უწყობს ცხიმის წვას და კუნთური მასის მატებას. ორგანიზმში იკლებს ჰორმონ ინსულინის დონეც და რეგულირდება მის მიმართ მგრძნობელობა, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს მეტაბოლიზმის აჩქარებას. ამ ტიპის კვების რეჟიმის დროს ასევე აქტიურდება აუტოფაგიის (თვითმონელების) პროცესი, რომელიც ორგანიზმს ეხმარება გაჯანსაღებაში. ცვლილებები ხდება იმ გენების და უჯრედების დონეზეც, რომლებიც იცავენ ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებებისგან.

- რა სარგებელი და ზიანი მოაქვს „ინტერვალურ იშიმშილს“ ?

- „ინტერვალური შიმშილის“ დადებითი მხარეებია: წონაში კლება, განსაკუთრებით, მუცლის არეში, ინსულინის მიმართ მგრძნობელობის აღდგენა, იმუნიტეტის ამაღლება, „ცუდი“ ქოლესტერინის დონის შემცირება, ანტიკანცეროგენული (კიბოს საწინააღმდეგო) პროცესების გააქტიურება, ალცჰაიმერის დაავადების პრევენცია. აღსანიშნავია ისიც, რომ კვებისას ასეთი რეჟიმის დროს იზრდება ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაც. რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, თუ კვებისთვის გამოყოფილ პერიოდში რაციონი მდიდარი არ არის ვიტამინებით და მინერალური ნივთიერებებით, შეიძლება ამან ადამიანის ორგანიზმის გამოფიტვაც კი გამოიწვიოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ 8 საათის განმავლობაში კვება იყოს ჯერადი, დაბალანსებული, მრავალფეროვანი და, სასურველია, წახემსებების გარეშე. 

დაბალანსებული კვება ნიშნავს სწორად შერჩეულ კვების რაციონს, რომელიც მდიდარია მიკრო- და მაკროელემენტებით და ვიტამინებით. დღის მანძილზე რაციონში უნდა იყოს მეტი ხილ-ბოსტნეული, ჯანსაღი ცხიმები, ცილოვანი საკვები, ხოლო ნახშირწყლები საჭიროა შეზღუდული რაოდენობით. დაბალანსებული კვება რეკომენდებულია ასევე დაკლებული კილოგრამების შესანარჩუნებლადაც, თუმცა ამ დროს დასაშვებია მცირედი „დარღვევებიც“. ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაკლებული კილოგრამების ხელახლა დაბრუნების რისკს მინიმუმამდე ჯანსაღი ცხოვრების წესი ამცირებს.

- ყველასთვის სასარგებლოა ამ ტიპის კვების რეჟიმის დაცვა?

- ორგანიზმში მიმდინარე დადებითი ცვლილებების მიუხედავად, „ინტერვალური შიმშილის“ კვების ტიპი არ არის ყველასთვის განკუთვნილი. პირველ რიგში, როგორც კვლევებმა აჩვენა, კვების აღნიშნული ტიპის მიმართ უფრო დადებითი შედეგებით გამოირჩევიან მამაკაცები, ვიდრე ქალები. მისი დაცვა არ არის რეკომენდებული ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, ან არიან ორსულად ან იმყოფებიან ლაქტაციის პერიოდში. ასევე არ არის რეკომენდებული იმ პაციენტებისთვის, რომელთაც ანამნეზში აქვთ კვებითი დარღვევების რომელიმე ტიპი (ანორექსია, გადაჭარბებული კვება ან ბულიმია ნერვოზა), ან მათ, ვისაც დიაგნოსტირებული აქვს შაქრიანი დიაბეტი. „ინტერვალური შიმშილის“ რეჟიმს უნდა მოერიდონ ასევე დაბალი წნევის მატარებლები და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამოხატული დაავადებების მქონე ადამიანები. მაგალითად, თუ ამ კვების რეჟიმის დაცვის დროს წარმოიქმნა განსაკუთრებული დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, როგორიცაა გულისრევა, შებერილობა, კუჭის ტკივილი, ტკივილის შეგრძნება ნაღვლის ბუშტის საპროექციო არეში, რეკომენდებულია „ინტერვალური შიმშილის“ შეწყვეტა. გარდა ამისა, უკუჩვენებად შეიძლება ჩაითვალოს ბავშვთა და მოზარდთა ასაკიც.

და, ბოლოს, რადგან ყველა ორგანიზმი არის ინდივიდუალური, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ნებისმიერი კვების ტიპის არჩევისას რეკომენდებულია ექიმთან ვიზიტი, ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის შეფასება, რათა წონაში კლების პროცესი სწორად და ზიანის გარეშე წარიმართოს.

 

ნატა პატარაია

თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე (30)

მთავარი თემები