18:52 24 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0571
  • 100 RUB4.3980
  • USD2.8299
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
273 0 0

რაც უფრო ვიზრდებით, თანდათან ვაცნობიერებთ, რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ მეგობრებს ჩვენ ცხოვრებაში და რა როლს ასრულებენ ისინი.

ასაკის მიუხედავად ყველა ადამიანს სჭირდება მეგობრები, გარემოცვა, რომელშიც არსებობს და რეალიზდება. როგორ ირჩევენ ბავშვები მეგობრებს, რა გავლენას ახდენენ მათზე მშობლები და უნდა ავურჩიოთ თუ არა შვილს მეგობრები, ამის შესახებ ფსიქოლოგმა და პროფესორმა ნატა მეფარიშვილმა გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონიასთან“ ისაუბრა.

ნუ ჩარევთ თქვენი ოჯახის საქმეში მეგობრებსა და ნაცნობებს
მეგობრები

- როდესაც განვითარების სპეციალისტები, მათ შორის, ფსიქოლოგები ვსაუბრობთ ადამიანის ნორმალურ განვითარებაზე, ერთ-ერთი ხაზი, რასაც ყურადღებას ვაქცევთ, გახლავთ სოციალური განვითარება. მისი შემოწმების გარეშე განვითარების ნორმაზე, ან განვითარების პათოლოგიაზე საუბარი ფაქტიურად არ არსებობს. ადამიანი სოციალური არსებაა და ის იბადება ყველაზე თბილ, მჭიდრო, შეკრულ სოციუმში, ოჯახში. ოჯახი ადამიანებისგან შედგება. ეს არის სოციალური ჯგუფი და მისი თითოეული წევრი – დედა, მამა, და, ძმა, ბებია, ბაბუა არის ამ პატარა სოციუმის წევრი. ეს ადამიანები პირველ სოციალურ გავლენას ახორციელებენ ბავშვზე და ბავშვი მათ წიაღში გამოიმუშავებს სოციალიზაციის უნარებს. სოციალური განვითარება სწორედ ამგვარად, მოზრდილების, ახლობელი ადამიანების ცქერით, მათი ქმედებების განმეორებით ყალიბდება.

მოგვიანებით, როდესაც ადამიანი იზრდება, ცხადია, სოციალური გარემო ფართოვდება. სოციალური გარემოს გაფართოება უკავშირდება იმ წინასასკოლო გარემოს, რასაც ბაგა ან ბაღი ჰქვია. ამის შემდეგ მოდის სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, სამსახური და ა.შ.

- პირველ ეტაპზე ვინ ხდება ბავშვისთვის მეგობარი, რამდენად მნიშვნელოვანია ამის გააზრება?

- მოდით, მეგობრის ფართო გაგებიდან ცოტათი დავვიწროვდეთ და შედარებით ვიწრო გაგებაზე ვისაუბროთ. ჩემი ხედვა ასეთია, რომ ბავშვის პირველი მეგობრები არიან ოჯახის წევრები. მშობლების მეგობრობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ადრეული ბავშვობიდან უნდა დაიწყოს. ეს იმისთვის, რომ 15-16 წლის ასაკში ეს მეგობრობა იყოს მყარი და არ შეგვექმნას პრობლემები. როგორც გითხარით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მშობელმა უნდა გააკეთოს, რადგან ის უკვე ზრდასრული და განვითარებულია. გარდა ამისა, არსებობენ სოციუმის წარმომადგენელი სხვა ადამიანები, რომელთაც უფრო ვიწრო მნიშვნელობით მეგობრებს ვუწოდებთ. ნებისმიერი ასაკის ადამიანს სჭირდება მეგობარი და სამეგობრო წრე. ჩვენ შორის არიან ადამიანები, რომლებიც ამ წრით ამაყობენ და ამბობენ, რომ სამეგობრო წრით ძლიერები არიან. მინდა გითხრათ, რომ ისინი მართლები არიან, რადგან ადამიანი სოციალური არსებაა და მას აუცილებლად სჭირდება სოციუმში ფუნქციონირება, უკუკავშირი იმ ადამიანებისგან, რომლებიც ამ სოციუმის წარმომადგენლები არიან. ავიღოთ ადრეული ასაკი, მაგალითად, ბაგაში მოხვედრილი ბავშვი ხვდება თავისი ასაკის ბავშვების გარემოცვაში და პლუს იქ არიან მასწავლებლები. ისინი ყველანი შეიძლება იყვნენ მეგობრები. პედაგოგებიც უნდა იყვნენ ბავშვების მეგობრები, მაგრამ არიან თუ არა, ეს კიდევ საკითხავია. უფროსები უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ ვემეგობროთ ბავშვებს. ამისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის ძირითადი ნიუანსები, რაც სოციალურ განვითარებას უკავშირდება. იმავე ძიძებთან დაკავშირებული საკითხები, რაც ჩვენ საზოგადოებაში ძალიან აქტუალური და მტკივნეულია. ძიძებიც უნდა იყვნენ ბავშვების მეგობრები. სწორედ უფროსებმა, პედაგოგებმა, მშობლებმა, ძიძებმა, ნათესავებმა უნდა მივუთითოთ ბავშვებს – რას ნიშნავს მეგობრობა.

სოციალიზაციის აქტიური ხანა იწყება 3-4 წლიდან, როცა ხდება კომუნიკაციის უნარების განვითარება. ოთხი წლიდან უკვე გამოკვეთილია, რომ მე მეგობრებს ვირჩევ და ვირჩევ სოციალურ წრეში, რომელსაც ჰქვია, ვთქვათ, საბავშვო ბაღი. ბავშვები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ტემპერამენტით, უნარებით, ამიტომ პირველ ეტაპზე ძნელად იძენენ მეგობებს და მათ სჭირდებათ იმავე მასწავლებლების, მშობლების დახმარება. თუ ვიღაც ადვილად სოციალიზდება, ეს იმიტომ, რომ პიროვნული მახასიათებლები აქვს ასეთი და პიროვნულად განსხვავებული ტემპერამენტის ტიპია. სხვა შეიძლება კუთხეში დაჯდეს და არ წამოვიდეს კონტაქტზე. აქ გვჭირდება სწორედ ისეთი თამაშების გამოყენება, უფროსის იმგვარი მხარში დგომა, რომ შეიყვანოს ბავშვი სოციუმში და დაამეგობროს. ზემოდან ან გვერდიდან კი არ უნდა ვუყუროთ ამ ბავშებს, ჩავჯდეთ მათ წრეში და ერთ-ერთი მათგანი გავხდეთ. სათანადოდ გადავანაწილოთ როლები, სათამაშოები. ისე ვასწავლოთ ბავშვს, როგორ დაუთმოს თავის მეგობარს, ვთქვათ, სათამაშო, რომ ამისგან ტრავმირებული არ დარჩეს, ან ისეთი ქცევა არ გამოავლინოს, რაც არც მას მოეწონება და არც თანატოლს. ეს არის უნარი, რომელიც უნდა ჰქონდეს როგორც მშობელს, ისე აღმზრდელს.

ხუთი წლის ასაკიდან უკვე ბავშვები თავად ირჩევენ მეგობრებს. ამ ასაკში თითქმის ყველა ბავშვს ჰყავს ორი-სამი გამორჩეული მეგობარი. როდესაც ეკითხები, თუ რატომ აირჩიეს კონკრეტული ბავშვები მეგობრად, ამბობენ, რომ მისნაირი გრძელი თმა აქვს, მისნაირად უყვარს „ლეგოს“ აწყობა და ა.შ. მიზეზად ისინი ასახელებენ გარეგნულ ნიშნებს და ინტერესებს.

- თინეიჯერობის ასაკში რა ნიშნით ირჩევენ მეგობრებს?

- ყველა კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა განსხვავებული საფუძველი იყოს. თუმცა, აქაც ძირითადად გადამწყვეტია ინტერესები და ერთ სოციალურ ჯგუფში ერთად ყოფნის გამოცდილება. მაგალითად, ცეკვაზე ერთად დადიან და ასე დამეგობრდნენ, ან ორივეს კარგად გამოსდის ფეხბურთის თამაში და ამიტომ დამეგობრდნენ.

- სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი როდის შემოდის?

- ეს ბავშვებთან არ შემოდის. სამწუხაროდ, ეს მშობლებს შემოაქვთ. არასწორი აზროვნების უფროსები მეგობრის არჩევის დროს ხშირად ნებსით ან უნებლიეთ იწყებენ შვილებზე ზეგავლენის მოხდენას, რაც არის აბსოლუტურად არასწორი. ზოგიერთი მშობელი ფიქრობს, რომ ჯობს შედარებით მაღალი სოციალური სტატუსის მქონე მშობლების შვილები იყვნენ მისი შვილის მეგობრები. მე ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას, რადგან ეს არის მშობლის არჩევანი და ამ შემთხვევაში ვზღუდავთ შვილის არჩევანს, რომელიც პირდაპირ გადის არჩევანის თავისუფლებაზე. ვისვრით დაუფიქრებელ ფრაზებს, ვერ მოგვყავს ძლიერი არგუმენტები, რატომ არ უნდა იმეგობროს ამასთან და რატომ უნდა იმეგობროს მასთან. ბავშვებს ძალიან კარგად ესმით ძლიერი არგუმენტების და თუ თქვენ თვლით, რომ ამა თუ იმ ბავშვთან არ უნდა იმეგობროს, ეს უნდა იყოს არგუმენტირებული და დასაბუთებული და არა ისეთი ფრაზებით, როგორიცაა „ამასთან არ იმეგობრო, ეს ბავშვი არ მომწონს“, „იმასთან არა, რადგან დედამისი არ მომწონს“ და ა.შ. ეს არის აბსოლუტურად არაკორექტული ფრაზები. ბავშვებმა იციან, რომ თუ მათ მოუყვანთ ზუსტ, დასაბუთებულ არგუმენტს, რატომ არა, ისინი ამას გაიგებენ და ალბათ დაგვიჯერებენ.

 

მთავარი თემები