7 წლის „ურჩხული“ და სასოწარკვეთილი მამის ფეისბუქ-პოსტი ჩვეულებრივი ბავშვების მშობლებს

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova„ფეისბუქის“ ლოგო
„ფეისბუქის“ ლოგო - Sputnik საქართველო
გამოწერა

ბიჭს მახინჯსა და უჩხულს ეძახდნენ. გამუდმებით დასცინოდნენ და დევნიდნენ. ქვებს ესროდნენ. სასადილოში შესვლისა და ნორმალურად ჭამის საშუალებას არ აძლევდნენ. ხელს ჰკრავდნენ და ათას სისაძაგლეს უწოდებდნენ… განსაკუთრებით, უფროსკლასელი ბიჭები.

არადა, ჯეკსონ ბეზანტი სულ 7 წლისა იყო, პასუხის გაცემა და თავის დაცვა არ შეეძლო.

კიდევ კარგი, რომ მასწავლებელმა ბავშვის დედას ყველაფერი უამბო, თორემ, რით დამთავრდებოდა ეს ამბავი, არავინ იცის. განა იშვიათია, დაცინვით დათრგუნული ბავშვების თვითმკვლელობის მაგალითები? 

საქმე იქამდე მივიდა, რომ პატარა ბიჭმა ჯერ ნიღბის გაკეთება მოითხოვა, შემდეგ სკოლაში სიარულზე უარი განაცხადა, ბოლოს კი თავის მოკვლაზე ალაპარაკდა.

ჯეკსონის დედა კელი შოკში იყო. ადგა და ყოფილ ქმარს, ჯეკსონის მამას დაურეკა. დენ ბეზანტმა გაიგო, რა საშინელებაც ხდებოდა შვილის თავს, ცრემლები ვერ შეიკავა, გულამოსკვნით იტირა ამხელა კაცმა.

არადა, უმწეო იყო, ყველანაირად ცდილობდა შვილის დახმარებას, მაგრამ ტრიჩერ-კოლინზის სინდრომთან გამკლავება ასე იოლი არ არის. ეს უიშვიათესი დაავადებაა, რომელიც ჯეკსონს დაბადებიდან დაჰყვა და რომელმაც მისი სახის კუნთებს  ნორმალური განვითარების საშუალება არ მისცა. თანაც, ლამის სრულად ყრუც დატოვა.

დენი თავადაც არაერთხელ გამხდარა ადამიანების სისასტიკის მოწმე — სხვადასხვა ასაკისა და სქესის ადამიანებისა, რომლებიც მოურიდებლად გამოხატავდნენ აგრესიას პატარა, ბუნებისგან დაჩაგრული ბიჭის მიმართ. ერთხელ ერთმა ქალმა ჩაუარა გვერდით და თანმხლებს ხმამაღლა გადაულაპარაკა თურმე, დაინახე ამ პატარა მონსტრის სახეო?..

შვილის თანატოლების გულქვაობამ ძირისძირამდე შეძრა უბედური მამა. სხვა გამოსავალი ვერ ნახა, ადგა და „ფეისბუქზე“ ამოთქვა სათქმელი:

„გული გახეთქვაზე მაქვს. ლამისაა, სული დავლიო. ჩემს სიმპათიურ ბიჭუნა ჯეკსონს სკოლაში ყოველდღე მახინჯსა და ურჩხულს ეძახიან. არადა, 8 წლისაც არ არის! ამბობს, მეგობრები არ მყავს, ყველას ვძულვარო. ბავშვები ქვებს ესვრიან, ხელს კრავენ და საშინელ სიტყვებს ეუბნებიან.

გევედრებით, წუთით შეჩერდით და წარმოიდგინეთ, რომ ეს თქვენი შვილია. დახარჯეთ დრო და თქვენს შვილებს უამბეთ, რომ არსებობენ სხვანაირი ადამიანები, დაელაპარაკეთ მათ სიბრალულსა და მოყვასის მიმართ სიყვარულზე.

ჯეკსონის დაავადებას ტრიჩერ-კოლინზის სინდრომი ჰქვია. უბრალოდ წაიკითხეთ ამის შესახებ. მან უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა და უახლოეს წლებში კიდევ რამდენიმე ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, გთხოვთ დაელაპარაკოთ თქვენს შვილებს და აუხსნათ მათ, რომ მსგავსი დამოკიდებულება არავის მიმართ არ უნდა ჰქონდეთ!“

გზავნილი მომენტალურად გავრცელდა — ვირუსის სისწრაფით.

ჯეკსონს მთელი მსოფლიოდან გამოეხმაურნენ სრულიად უცნობი ადამიანები თუ ნაცნობ-მეზობლები. ყველა მათგანი ეფერებოდა და ამხნევებდა ბიჭუნას.

ერთმა ისიც კი მისწერა, პირადად ვიცნობ საფეხბურთო გუნდ Hillcrest-ს და იცოდე, რომ ისინი შენთან მოსვლას აპირებენ სკოლაში, შენთან ერთად ისადილებენ შესვენებაზეო.

მერე ვიღაც ქალმა შეატყობინა, ორი ბიჭი მყავს, 6 და 7 წლებისა და ორივეს შენთან მეგობრობა სურსო.

მერე ჯეკსონი თანასკოლელმა ბიჭმა გააჩერა ქუჩაში და უთხრა, ნებისმიერ დროს დამიძახე და ერთად ვითამაშოთო…

ახლა ჯეკსონს თვალები უბრწყინავს ბედნიერებისგან. თავის მოკვლაზე აღარ ფიქრობს. ხვდება, რომ გარშემო რაღაც შეიცვალა — ძირეულად და ალბათ, სამუდამოდ. ოღონდ შესაძლოა არც კი იცის, რომ ეს მისი სასოწარკვეთილი და გულმოკლული მამის მოკლე, მაგრამ ათასი ტკივილის დამტევმა პოსტმა გააკეთა.

ყველა ახალი ამბავი
0