თუ მეუღლეს განქორწინება არ სურს... იცოდეთ თქვენი უფლებები

CC0 / Pixabay / განქორწინება
განქორწინება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბედნიერებაა, როდესაც შეხვდებით იმ ერთადერთ ადამიანს, ვისთანაც მთელ ცხოვრებას დაუფიქრებლად გაატარებთ და დარწმუნებული ხართ, მასთან ქორწინება ნებისმიერ ქარიშხალს გაუძლებს.

თუმცა, ბედნიერი და მყარი ოჯახური თანაცხოვრების მიღწევა არცთუ ისე იოლია. როგორც კი ბედნიერი ცხოვრების ილუზია და ურთიერთობები იმსხვრევა, მაშინვე თავს იჩენს უამრავი ყოფითი და მიწიერი პრობლემა, რომელთან გამკლავება ბევრისთვის საკუთარ ძალებს აღემატება.

ამ ყველაფერზე სტატისტიკაც მეტყველებს. სამწუხაროდ, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში იმატა განქორწინებების რაოდენობამ. რიცხვებს რომ ჩავხედოთ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ინფორმაციით, თუ 2012 წელს განქორწინების რაოდენობა 7 136 იყო, ეს რიცხვი ყოველწიურად იზრდებოდა და 2018 წლისთვის 10 288-ს მიაღწია. საინტერესოა, რომ ბოლო წლების მონაცემების მიხედვით, ქორწინების საშუალო ხანგრძლივობა 10 წელია.
ეს მხოლოდ დარეგისტრირებული მონაცემებია. გაცილებით უარესი სურათი შეიძლება მოგვცეს იმ წყვილთა სიამ, რომლებიც ოფიციალურად არ არიან რეგისტრირებული, ან ოფიციალურად არ არიან განქორწინებული.

რა ხდება ურთიერთობების დამსხვრევის შემთხვევაში, როგორ ხდება განქორწინება ოფიციალურად, ან იმ შემთხვევაში, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე განქორწინების წინააღმდეგია?

ოფისის თანამშრომელი პოზიტიურ განწყობაზე - Sputnik საქართველო
თუ სამსახურიდან უკანონოდ გაგათავისუფლეს... იცოდეთ თქვენი უფლებები

თუ ორივე მეუღლე თანახმაა

დავის არარსებობისა და განქორწინების თაობაზე ორივე მეუღლის თანხმობის შემთხვევაში ქორწინების შეწყვეტა ხდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (იუსტიციის სახლში).

განქორწინების რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ:

· იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს;

· სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს;

· საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო წარმომადგენლობას;

მეუღლეები შესაბამის ორგანოს ერთობლივი განცხადებით, ან მათი კანონიერი წარმომადგენლების მეშვეობით მიმართავენ.

ერთობლივი განცხადების შემთხვევაში მეუღლეებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები: მეუღლეთა ერთობლივი წერილობითი განცხადება, ორივე მეუღლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ქორწინების მოწმობა.

ტანსაცმლის მაღაზია - Sputnik საქართველო
თუ უხარისხო საქონელი იყიდეთ: იცოდეთ თქვენი უფლებები

გაითვალისწინეთ!

განქორწინების რეგისტრაციის თაობაზე მეუღლეთა ერთობლივი განცხადების წარდგენის შემთხვევაში თუ განქორწინების აქტის რეგისტრაციამდე ერთ-ერთმა მეუღლემ გადაიფიქრა და რეგისტრაციაზე წერილობითი უარი თქვა, განქორწინების რეგისტრაცია არ განხორციელდება! 

განქორწინება ერთი-ერთი მეუღლის განცხადების საფუძველზეც მოხდება, თუ:

· არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ;

· მეორე მეუღლე სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად;

· მეორე მეუღლე სასამართლოს მიერ ცნობილია ქმედუუნაროდ;

· მეორე მეუღლე დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთით ვადით არანაკლებ 3 წლისა.

ქორწილი - Sputnik საქართველო
ვისთან დაქორწინებას კრძალავს კანონი? - იცოდეთ თქვენი უფლებები

გაითვალისწინეთ!

ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

თუ განქორწინების შესახებ განცხადება კანონიერმა წარმომადგენელმა შეიტანა, მას დამატებით დასჭირდება სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა და მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

დაიმახსოვრეთ!

განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის გასვლისთანავე, ხოლო განქორწინების რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემისათვის მომსახურების საფასური წარმოადგენს 45 ლარს.

განქორწინების რეგისტრაციის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

· იძულებით გადაადგილებული, დევნილად ცნობილი პირები

· 10%-ით – სტუდენტები, რომლებზეც გაცემულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა აღნიშვნით „სტუდენტი“.

სანოტარო ბიურო - Sputnik საქართველო
თუ მშობელმა ქონება სხვას უანდერძა... იცოდეთ თქვენი უფლებები

ქორწინება შეწყვეტილად ითვლება განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან!

თუ ერთი მეუღლე უარს აცხადებს განქორწინებაზე:

განქორწინებისთვის ერთი მეუღლის სურვილიც საკმარისია, რადგან მეუღლეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ განქორწინება. თუ ერთი მხარე განქორწინების წინააღმდეგია, მაშინ გადაწყვეტილების მიღების გზა მხოლოდ სასამართლოა. საქმეს განიხილავს მოსამართლე და შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას.

სასამართლო ვალდებულია მიიღოს ზომები მეუღლეთა შესარიგებლად, რომლის მაქსიმალური ვადა 6 თვეა, მაგრამ თუ სასამართლო მაინც დაადგენს, რომ მათი თანაცხოვრება შეუძლებელია, იღებს გადაწყვეტილებას განქორწინების შესახებ.

იმ შემთხვევაში კი, თუ ერთ-ერთი მეუღლე არ გამოცხადდა სასამართლოს სხდომაზე, მოსამართლეს უფლება აქვს, 6-თვიანი ვადის გასვლის გარეშეც მიიღოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ.

განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დარეგისტრირდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან იუსტიციის სახლში.

გოგონა ღობესთან - Sputnik საქართველო
ვის ეკუთვნის მეზობლის ეზოში ჩავარდნილი ხილი - იცოდეთ თქვენი უფლებები

გაითვალისწინეთ, განქორწინება დაუშვებელია ცოლის ორსულობის დროს. ასევე ბავშვის დაბადებიდან 1 წლის განმავლობაში ქმარს უფლება არა აქვს ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე განქორწინებაზე.

მუდამ გახსოვდეთ, რომ საკუთარი უფლებების დაცვის საუკეთესო საშუალება მხოლოდ და მხოლოდ ინფორმირებულობაა. სამართლებრივი საკითხების ცოდნა კი გარანტიაა იმისა, რომ თავი მუდამ დაცულად იგრძნოთ.

ყველა ახალი ამბავი
0