19:45 20 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2917
  • 100 RUB4.6667
  • USD2.9735
საპატრულო პოლიცია მოქალაქეს აჯარიმებს

თუ საპატრულო პოლიციამ დაგაჯარიმათ... იცოდეთ თქვენი უფლებები

© Sputnik / Alexander Imedashvili
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
40630

ალბათ ყველას გამოუცდია ის მწარე შეგრძნება, როდესაც პატრულს დაუჯარიმებია, ან საჯარიმო ქვითარი სახლში მისვლია. ხშირად მოქალაქეები არ ეთანხმებიან გამოწერილ ჯარიმას, თუმცა არ იციან კონკრეტულ შემთხვევაში როგორ მოიქცნენ და არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ.

მაშ ასე, თუ ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელი დაგადეს და დარწმუნებული ხართ, რომ ჯარიმა უსამართლოდ და უსაფუძვლოდ გამოგიწერეს, უნდა იცოდეთ, რომ თქვენ მისი გასაჩივრების უფლება გაქვთ.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ გამოწერილი საჯარიმო ქვითრის გასაჩივრება და ჯარიმის გაუქმების მოთხოვნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტშია შესაძლებელი.

დაიმახსოვრეთ: საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს კანონით გათვალისწინებულ კონკრეტულ რეკვიზიტებს, მათ შორის, ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობასა და მისამართს, ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის პირად ნომერსა და სხვ.

თუ შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანომ (ამ შემთხვევაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა) ჩათვალა, რომ თქვენ ნამდვილად იმსახურებთ ჯარიმას, შეგიძლიათ, ეს გადაწყვეტილებაც გაასაჩივროთ, ამჯერად უკვე საქალაქო სასამართლოში.

გაითვალისწინეთ: საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაც საბოლოოა და აღარ საჩივრდება.

ამასთან, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ  გასაჩივრების უფლება შეზღუდულია გარკვეული ვადით, კერძოდ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში.

ვადის გასვლის შემდეგ გასაჩივრების უფლება გერთმევათ, თუმცა ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში ეს ვადა იმ პირის განცხადებით, რომლის მიმართაც გამოტანილია დადგენილება, შეიძლება აღადგინოს საჩივრის განსახილველად უფლებამოსილმა ორგანომ (თანამდებობის პირმა).

უფლებამოსილ ორგანოს თქვენ უნდა წარუდგინოთ კონკრეტული მტკიცებულებები, რომ ვადის გაშვება საპატიო მიზეზით მოხდა. საპატიო მიზეზი კი წარმოადგენს შეფასების საგანს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სხვადასხვანაირად წყდება, მიიჩნევა თუ არა მიზეზი საპატიოდ.

მუდამ გახსოვდეთ, რომ საკუთარი უფლებების დაცვის საუკეთესო საშუალება მხოლოდ და მხოლოდ ინფორმირებულობაა. სამართლებრივი საკითხების ცოდნა კი გარანტიაა იმისა, რომ თავი მუდამ დაცულად იგრძნოთ.

მთავარი თემები